ბს-125 (კ-19) 22 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-მა 26.01.2017წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში (№4 საკითხი) კომისიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, დ. ქ-ის სახელზე 18.10.2016წ. გაცემული №52 საკუთრების მოწმობის, აგრეთვე დ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 14.02.2017წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმული იქნა დ. ქ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 15.06.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილება №4 საკითხის ნაწილში, დ. ქ-ის სახელზე 18.10.2016წ. გაცემული №52 საკუთრების მოწმობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2016წ. გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ქ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული სადავო მიწის ნაკვეთზე შენობების არსებობის ფაქტი, არ დადგენილა შენობების მესაკუთრე, მისი მემკვიდრე და მათი ინტერესის არსებობა აღნიშნულ ქონებაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მომხდარა დაინტერესებული პირების ჩართვა. საარქივო ცნობით დასტურდება, რომ გ. ქ-ი შ. ქ-ის მემკვიდრეა. აღიარების კომისიის მიერ არასრულყოფილი წარმოების ჩატარებით შეილახა შ. ქ-ის მემკვიდრის გ. ქ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი. მოწმეთა ჩვენებებით დ. ქ-ის ოჯახის მიერ სადავო ქონებით სარგებლობის დადასტურება არ იყო საკმარისი დ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარებისთვის, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქონება არ იყო თავისუფალი და მასზე უფლება გააჩნდა შ. ქ-ის მემკვიდრეს გ. ქ-ს. კომისიის მიერ არ მიღებულა ზომები დ. ქ-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთსა და შენობებაზე სხვა დაინტერესებული პირების გამოსავლენად, რათა დ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებით თავიდან ყოფილიყო აცილებული მათი უფლებების შელახვა.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ქ-ის მიერ. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს 1992 წლიდან შ. ქ-ის ოჯახის ...ში საცხოვრებლად გადასვლის ფაქტი, რითიც გაუქმდა მათი კომლი. შ. ქ-ი გარდაიცვალა ...ში, ამდენად, მოსარჩელეს სადავო ქონება არ ჰქონდა საკუთრებაში, არც სარგებლობაში. დ. ქ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლება აღიარებულიყო მის მიერ მართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და შენობებაზე, კანონიერად დაკმაყოფილდა აღიარების კომისიის მიერ, ვინაიდან დ. ქ-ი ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნულ ქონებას 1992 წლიდან, რის საფუძველსაც შ. ქ-სა და დ. ქ-ს შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შეადგენდა. აღნიშნული შეთანხმებით შ. ქ-მა დ. ქ-ს გადასცა მიწის ნაკვეთსა და შენობებაზე საკუთრების უფლება, რის სანაცვლოდ შ. ქ-მა მიიღო შესაბამისი თანხა. შ. ქ-ს მიწის ნაკვეთსა და შენობებაზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა რეგისტრირებული, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა სანოტარო წესით. დ. ქ-ის და მისი ოჯახის მიერ მიწის ნაკვეთით და შენობებით სარგებლობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. არასწორია სასამართლოს მსჯელობა კომისიის მიერ საქმის გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის და ადმინისტრაციული წარმოების დროს დაინტერესებული პირების მოწვევის საჭიროების თაობაზე. ვინაიდან შ. ქ-ს არ ჰქონდა აღნიშნული ქონება გაფორმებული, ფაქტობრივად ქონებას მესაკუთრე არ ჰყავდა, ხოლო ამ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა დ. ქ-ის ოჯახი, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო მართებული გადაწყვეტილება და დ. ქ-ს უღიარა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. სასამართლომ გაიზიარა მოწმის ს. ქ-ის განცხადება შ. ქ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის და შენობების დ. ქ-ისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნული მხოლოდ მოწმის მოსაზრებაა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე არასწორია კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სამართალურთიერთობის სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგების შემთხვევაში სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება არა სზაკ-ის, არამედ სპეციალური კანონმდებლობის ნორმებით, ხოლო საკითხის განსაკუთრებული რეგულაციის არ არსებობის პირობებში ძირითად მნიშვნელობას სზაკ-ი იძენს. სზაკ-ი იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ არ არსებობს სპეციალური რეგულაციები ცალკეული სფეროებისათვის. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე სრული მოცულობით ვრცელდება სზაკ-ით დადგენილი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ყველა პირობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადო შეფასება არ მისცემია სადავო მიწის ნაკვეთზე შენობების არსებობის ფაქტს, არ დადგენილა მშენებლობის მწარმოებელი პირი, შენობების მესაკუთრე ან მისი მემკვიდრე და მათი ინტერესის არსებობა აღნიშნულ ქონებაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მომხდარა დაინტერესებული პირების ჩართვა. საქმეში დაცულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2016წ. №79 წერილი, რომლითაც დასტურდება მცხეთის რაიონში, სოფ. ...ში ქ. N..., სახლი№...-ში შ. ქ-ის ცხოვრების და აღნიშნული ქონების ფლობის ფაქტი ტ.1.ს.ფ. 21). სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ გ. ქ-ი შ. ქ-ის მემკვიდრეა (ტ.1.ს.ფ. 15). აღიარების კომისიის მიერ არასრულყოფილი წარმოების ჩატარებით შეილახა შ. ქ-ის მემკვიდრის გ. ქ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი. მოწმეთა ჩვენებებით დ. ქ-ის ოჯახის მიერ სადავო ქონებით სარგებლობის დადასტურება არ ქმნიდა საკუთრების უფლების დ. ქ-ის მიმართ აღიარების საკმარის საფუძველს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქონება არ იყო თავისუფალი და მასზე უფლება გააჩნდა შ. ქ-ის მემკვიდრეს გ. ქ-ს. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომისიის მიერ არ მიღებულა ზომები დ. ქ-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთსა და შენობებაზე სხვა დაინტერესებული პირების გამოსავლენად, რათა დ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებით სხვა პირების უფლების შელახვის შესაძლებლობა გამორიცხულიყო. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება კომისიის მიერ საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის მიზნით სხვა დაინტერესებულ პირთა გამოვლენისა და მოწვევის საჭიროების არარსებობის თაობაზე.
დ. ქ-ი არ უარყოფს სადავო ქონებაზე შ. ქ-ის საკუთრების უფლების არსებობას. იგი მიუთითებს, რომ შ. ქ-ისაგან შეიძინა აღნიშნული ქონება, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი წესით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დააბრკოლა შ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღურიცხაობამ. პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხ.). აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნის არარსებობის პირობებში მხარეთა შორის რაიმე გარიგების დადებას უძრავ ნივთზე იურიდიული ძალა არ აქვს, მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმება არ წარმოშობს საკუთრების უფლებას. ამდენად, დ. ქ-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოუპოვებია საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით დაინტერესებულ პირად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობება-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. საქმის მასალებით არ დასტურდება დ. ქ-ის მიერ მიწის ნაკვეთის და შენობების მოსარგებლისაგან საკუთრების უფლების შეძენა კანონით დადგენილი წესით, რაც საფუძველს აცლის მის მოთხოვნას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამასთანავე, ამავე კანონის თანახმად დაინტერესებულ პირად მიჩნეულია აგრეთვე ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობება. ამდენად, შ. ქ-ის გარდაცვალება არ ართმევს მის მემკვიდრეს უფლებას, მოითხოოვოს მისი მამკვიდრებლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ქ-ს ჰყავდა მემკვიდრე, გ. ქ-ი, რომლის მიერ გამოთქმული იქნა პრეტენზია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მისი მამკვიდრებლის ქონების დ. ქ-ისათვის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიმართ, რაც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობას არ ადასტურებს კასატორის მითითება მასზედ, რომ შ. ქ-ის ოჯახი წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში, რაც უძრავი ქონებისადმი მათი ინტერესის არარსებობას ადასტურებს. უძრავი ქონების მიმართ ინტერესის არარსებობაზე მითითება ემყარება მხოლოდ კასატორის მოსაზრებას, რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გარემოება, საქმეზე არ არის წარმოდგენილი. უძრავი ქონების მიმართ ინტერესის არსებობის დასადასტურებლად კანონმდებლობა არ შეიცავს უძრავი ქონებით უწყვეტად სარგებლობის და ფლობის ვალდებულებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქონების გამოუყენებლობა არ ადასტურებს მასზე ინტერესის არარსებობას, მით უფრო, რომ საქმეზე დაკითხული შ. ქ-ის ოჯახის წევრის ს. ქ-ის ჩვენების თანახმად შ. ქ-მა საქართველო იძულებითი წესით დატოვა საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში (№4 საკითხი) კომისიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და დ. ქ-ის სახელზე 18.10.2016წ. გაცემული №52 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
მართებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა (26.3 მუხ. „ა" ქვ.პ.). რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომლის ბათილად ცნობა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. მოცემულ შემთხვევაში დ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილების შედეგად გაცემული საკუთრების მოწმობა, რომლის ბათილად ცნობის გამო კანონშესაბამისია გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინება;
3. დ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 19.02.2019წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე