№ბს-346(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 28 იანვარს რ. ა-მა, ნ. კ-ემ, გ. პ-მა და თ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №04/70069 გადაწყვეტილების (რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანიშნული დახმარების გადაანგარიშებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეებისათვის დანიშნული დახმარების (რ. ა-ი - 193.91 ლარი; ნ. კ-ე - 162 ლარი; თ. ს-ი - 54 ლარი; გ. პ-ი - 151.90 ლარი) გადაანგარიშების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ი, ნ. კ-ე, თ. ს-ი და გ. პ-ი იყვნენ ქ. ქ. ...ის N... ... ...ოს თანამშრომლები, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება და 2007 წლის პირველ თებერვლამდე, ყოველთვიურად ...ოს მხრიდან იღებდნენ პენსიას. კერძოდ, რ. ა-ი იღებდა 193,31 ლარს, ნ. კ-ე - 162 ლარს, თ. ს-ი - 54 ლარს და გ. პ-ი - 151,90 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის #3/1343-08 გადაწყვეტილებით შპს „...ს” დაეკისრა ნ. კ-ის სასარგებლოდ 2592 ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ - 864 ლარის, რ. ა-ის სასარგებლოდ - 3092.96 ლარის და გ. პ-ის სასარგებლოდ- 2430.40 ლარის ანაზღაურება, ასევე, პენსიის გადახდის სახით კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/19319-14) შპს „...ი” (ს.კ. ...) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, შპს „...ი” (ს.კ. ...) შექმნილი და ლიკვიდირებული იქნა სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
რ. ა-მა, ნ. კ-ემ, თ. ს-მა და გ. პ-მა დახმარების დანიშვნისა და გადაანგარიშების მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს 2015 წლის 13 მაისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეებისთვის ხსენებულ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია, რაც მათ ჩათვალეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემაზე უარის თქმად და გაასაჩივრეს სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით (№3/5357-15) რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ის, თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ის, და თ. ს-ისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნა.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის №3/5357-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №30) მიღებული იქნა გადაწყვეტილება რ. ა-ისთვის, ნ. კ-ისათვის, გ. პ-ისათვის და თ. ს-ისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ, კერძოდ, რ. ა-ს დაენიშნა სოციალური დახმარება 193,91 ლარის ოდენობით, ნ. კ-ეს - 162 ლარის ოდენობით, თ. ს-ს - 54 ლარის ოდენობით და გ. პ-ს - 151,90 ლარის ოდენობით.
რ. ა-მა, ნ. კ-ემ, თ. ს-მა და გ. პ-მა მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეროვნული ვალუტის ინფლაციის გათვალისწინებით, მოითხოვეს დანიშნული დახმარების ოდენობის გადაანგარიშება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების თარიღისთვის არსებული 1 (ერთი) ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 4,67 ლარს.
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №34) განხილული იქნა რ. ა-ის, ნ. კ-ის, თ. ს-ისა და გ. პ-ის განცხადება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №04/70069 გადაწყვეტილებით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის №34 საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რ. ა-ს, ნ. კ-ეს, თ. ს-სა და გ. პ-ს უარი ეთქვათ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად დანიშნული დახმარების გადაანგარიშებაზე (45-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 2017 წლის 1 ნოემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელეებს სოციალური დახმარება დაენიშნათ იმ ოდენობით, რაც დანიშნული ჰქონდათ 2007 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მის შეწყვეტამდე. მოსარჩელეებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება, მათ შორის, დახმარების ოდენობის კუთხით, სადავოდ არ გაუხდიათ, რითაც დაეთანხმნენ მას.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის საგანს სცდება 2017 წლის 1 ნოემბერს დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობის კანონიერების შეფასება.
ამასთან, რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძვლით სოციალური დახმარების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად და აღნიშნა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში - დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესი არ ითვალისწინებს რაიმე საგამონაკლისო ნორმას და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი იმპერატიულად ითვალისწინებს, რომ ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
მდენად, საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დანიშნული დახმარების გადაანგარიშების
მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ა-მა, ნ. კ-ემ, გ. პ-მა და თ. ს-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად მიეთითა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ა-მა, ნ. კ-ემ, გ. პ-მა და თ. ს-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, არასწორია სასამართლოების მითითება, რომ მოსარჩელეები დაეთანხმნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, დახმარების ოდენობის კუთხით. კასატორების განმარტებით, გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ სწორედ იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ მაშინაც, როდესაც მიმართეს სააგენტოს პენსიის დანიშვნისათვის და მაშინაც, როდესაც სააგენტოს უმოქმედობა გაასაჩივრეს სასამართლოში. რაც შეეხება დახმარების ოდენობას, მას არ დათანხმებიან და მიმართეს სააგენტოს გადაანგარიშებისათვის, ხოლო უარი გადაანგარიშებაზე გაასაჩივრეს სასამართლოში.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ საქმეში წარმოდგენილია სხდომის ოქმი, რომელიც შეეხება სადავო საკითხს. აღნიშნული ოქმით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ აქვს ნამსჯელი დახმარების ოდენობის დადგენის ნაწილში. ორგანომ მექანიკურად განსაზღვრა დახმარების ოდენობა იმ ფორმით, რაც პენსიის სახით დანიშნული ჰქონდა ...ოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არსებული ობიექტური გარემოებების ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. ამასთანავე, დაინტერესებული მხარეები არათუ მიწვეული, არამედ გაფრთხილებულნიც არ იყვნენ სხდომის ჩატარების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორებმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №04/70069 გადაწყვეტილების (რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანიშნული დახმარების დაანგარიშებაზე) ბათილად ცნობა და საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიისათვის მოსარჩელეებისათვის დანიშნული დახმარების (რ. ა-ი - 193.91 ლარი; ნ. კ-ე - 162 ლარი; თ. ს-ი - 54 ლარი; გ. პ-ი - 151.90 ლარი) გადაანგარიშების დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.213წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნის და გაცემის წესსა და პირობებს, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ ...ოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს სოციალური დახმარება დაენიშნათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის №3/5357-15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.3.2013წ. №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის საოქმო გადაწყვეტილებით.
რ. ა-ს სოციალური დახმარება დაენიშნა 193,91 ლარის ოდენობით, ნ. კ-ეს -162 ლარის ოდენობით, თ. ს-ს - 54 ლარის ოდენობით და გ. პ-ს -151,90 ლარის ოდენობით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების თარიღისთვის არსებული 1 (ერთი) ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 4,67 ლარს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელეებმა მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობის გადაანგარიშება. საკითხი განხილულ იქნა უწყებათაშორისი კომისიის 13.12.2018წ. სხდომაზე (ოქმი №34). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2018წ. №04/70069 გადაწყვეტილებით, კომისიის 13.12.2018წ. №34 საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რ. ა-ს, ნ. კ-ეს, თ. ს-ს და გ. პ-ს უარი ეთქვათ დანიშნული დახმარების გადაანგარიშებაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული წესის 5.5 მუხლის შესაბამისად, ამ წესის საფუძველზე დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 2017 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელეებს სოციალური დახმარება დაენიშნათ იმ ოდენობით, რაც მათ დანიშნული ჰქონდათ 2007 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მის შეწყვეტამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება (მათ შორის, დახმარების ოდენობის ნაწილში), მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის 2017 წლის 1 ნოემბერს დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობის კანონიერების შეფასება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელეებისათვის დანიშნული დახმარების გადაანგარიშების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.213წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი საგამონაკლისო შემთხვევის დადგენის გარეშე ითვალისწინებს ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარების გადაანგარიშების შეუძლებლობას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ა-ის, ნ. კ-ის, გ. პ-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე