ბს-612-612(კ-18) 22 ოქტომბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. ა-ის მიმართ ი. ა-ის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 07.05.2014წ. გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 05.06.2015წ. გადაწყვეტილებისა და ი. ა-ის სახელზე 26.12.1991წ. შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის და მის საფუძველზე შედგენილი N24 სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ა-ა, პ. ა-ი, ნ. ტ-ა, ა. ა-ა, რ. ა-ა, უ. ა-ა, ა. ა-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 11.05.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. ა-ის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 07.05.2014წ. გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მოპასუხე ი. ა-ისა და მოსარჩელე მ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის შუამდგომლობა, შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 07.05.2014წ. გადაწყვეტილების მოქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 11.05.2016წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სასმახურის 07.05.2014წ. გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 07.05.2014წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული.
პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო 07.05.2014წ. გადაწყვეტილება გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ორგანოს არ გამოუკვლევია რეგისტრაციის განხორციელებით სხვა პირთა საკუთრების უფლების დარღვევის შესაძლებლობა, არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მასთან დაცული დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ მ. ა-ის სახელზე, 2002 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ...ჰა ფართის მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ს. ა-ას (მ. და ი. ა-ების დედა) სახელზე, 2002 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,231 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. №...). სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საკადასტრო რუკაზე (ტ. 1, ს.ფ.178), რომლის თანახმად, N224 და N226 მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით და საცხოვრებელი სახლი გაყოფილია შუაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.11.2013 წ. გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცესში დადასტურდა შენობა-ნაგებობის ერთდროულად ორ მიწის ნაკვეთზე განლაგების ფაქტი და დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც განმცხადებელ - ი. ა-ს, ასევე - მ. ა-ს. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. და ი. ა-ებს შორის მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება ი. ა-ს ისე დაურეგისტრირა, რომ მ. ა-ი წარმოებაში არ ჩაურთავს და არც ამ უკანასკნელის ძალაში მყოფი რეგისტრაცია გაუთვალისწინებია. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია ორი დამოუკიდებელი ოჯახისთვის და მიუხედავად იმისა, რომ იგი მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, დგას ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე გამიჯნულია ღობით ერთმანეთისგან და ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასვლა შეუძლებელია ერთი ჭიშკრიდან გამოსვლისა და მეორე ჭიშკრიდან შესვლის გარეშე, ანუ არ არის განკუთვნილი ერთი ოჯახისთვის და თავიდანვე აშენებული იყო ამგვარად. ამასთანავე, დადგენილია, რომ ჯ. და ს. ა-ებს ჰყავდათ სამი ვაჟი, რომელთაგან ერთ-ერთის - პ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მდებარეობს თავის დროზე ს. ა-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო დიდი ალბათობით, სადავო სახლი განკუთვნილი იყო ი. და მ. ა-ებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სახლის ტექნიკური პასპორტი შედგენილი იქნა მხოლოდ ი. ა-ის სახელზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან სადავო აქტი გამოცემული იყო საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საარქივო ცნობის თანახმად, 1986-2011 წლების მონაცემებით, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1985 წ. აგებული ... კვ.მ. სახლი და ... ჰა მიწის ფართობი, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ერთპიროვნულად აღრიცხული იყო ი. ა-ის სახელზე. გარდა ამისა, ი. ა-მა სასამართლოში წარადგინა ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია ... კვ.მ., შენობა-ნაგებობა შედგება ორი სართულისგან და ოთხი საცხოვრებელი ოთახისგან, უძრავ ნივთზე ფიქსირდება მხოლოდ ი. ა-ის უფლება. ამდენად, არ არსებობდა ი. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, რის გამო ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად რეგისტრირებულ იქნა ი. ა-ის სახელზე. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან სასამართლოსათვის ცნობილი იყო დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება. სასამართლო არ ასაბუთებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას 2002წ. მ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გათვალისწინების საჭიროებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მ. ა-ის უფლებადამდგენი დოკუმენტი - საგადასახადო სია, მარეგისტრირებელ ორგანოში არ ინახება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 1986 წლის ჩანაწერით მ. ა-ის კომლს არ ერიცხება საცხოვრებელი სახლი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა უძრავ ქონებაზე უფლებათა აღრიცხვის რიგითობა და ის გარემოება, რომ ი. ა-ის უფლებადამდგენი დოკუმენტი ძალაშია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში 2002 წლის 11 ოქტომბრიდან ირიცხება მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ... ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312.1 მუხ.). საქმის მასალების მიხედვით მ. ა-ის რეგისტრაცია ძალაშია, მისი უზუსტობა სათანადო წესით არ დადგენილა. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლების გათვალისწინებით საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმება, რომლითაც ი. ა-ის სახელზე აღირიცხა კონკრეტული უძრავი ქონება, მოსარჩელის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის, მისი უფლებადამდგენი დოკუმენტისა თუ საკადასტრო ნახაზის სისწორეზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია, არ გამორიცხავს მისი საკუთრების უფლების დაცვის საჭიროებას. დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია მისი უფლების ობიექტის გარეშე - აბსტრაქტული სახით არსებობა, ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამასთან, დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. მოპასუხე ი. ა-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენისას, კონკრეტული, იდენტიფიცირებადი მიწის ნაკვეთი უკვე იყო აღრიცხული მოსარჩელე მ. ა-ის საკუთრებაში. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის გარმეოებები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მოეძიებინა საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაცია: საარქივო ცნობები, ქაღალდზე შესრულებული აზომვითი ნახაზები, სააღრიცხო ბარათები, თვითმმართველობის არქივში დაცული მონაცემები, დაედგინა მომიჯნავე ნაკვეთების საზღვრები, მესაკუთრეები, სადავო სახლის რეალური მდებარეობა და სხვ., მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების თანახმად, საჯარო რეესტრს ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულ საცხოვრებელ სახლზე უფლების სადავოობის შესახებ. საქმის მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (სააგენტოს 04.11.2013წ. გადაწყვეტილება) თავადვე მიუთითა, რომ დადასტურდა შენობა-ნაგებობის ერთდროულად ორ მიწის ნაკვეთზე განლაგების ფაქტი და დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც განმცხადებელ - ი. ა-ს, ასევე - მ. ა-ს. აღნიშნულ გარემოებაზე უთითებს მარეგისტრირებელი ორგანო აგრეთვე მ. ა-ის განცხადებაზე წარმოების შეჩერების შესახებ 18.04.2013წ. გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობა განლაგებულია ერთდროულად ორ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც განმცხადებელ მ. ა-ს, ასევე ი. ა-ს. აღნიშნულის მიუხედავად, მთლიანი საცხოვრებელი სახლი მხოლოდ ი.ა-ის სახელზე ისე იქნა აღრიცხული, რომ მ.ა-ი მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაშიც კი არ ჩართულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსკ-ის 407.1 მუხ.). სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია ორი დამოუკიდებელი ოჯახისთვის და მიუხედავად იმისა, რომ იგი მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, დგას ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე გამიჯნულია ღობით ერთმანეთისგან და ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასვლა შეუძლებელია ერთი ჭიშკრიდან გამოსვლისა და მეორე ჭიშკრიდან შესვლის გარეშე, ანუ არ არის განკუთვნილი ერთი ოჯახისთვის და თავიდანვე აშენებული იყო ამგვარად. კასატორს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ სახლი ი.მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაშია და ერთი ოჯახისათვის არის განკუთვნილი, არ არის საკმარისი და სათანადო მტკიცებულება. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ი. ა-ს წარდგენილი აქვს მის სახელზე შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტექნიკურ პასპორში აისახება მხოლოდ შენობის ტექნიკური მახასიათებლები და არა უფლებრივი მდგომარეობა გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცული არსებული ფაქტობრივი მდომარეობის ამსახველი ფოტოები აგრეთვე არ ადასტურებს კასატორის ახსნა-განმარტების მართებულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, რომელთა განსახილველი დავის ფარგლებში დადგენის შესაძლებლობას სასამართლო მოკლებულია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2018წ. N19882 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე