საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-319(4კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. დ-ას, შ. შ-ის, გ. გ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
05.02.2016წ. მ. დ-ამ, შ. შ-ემ და გ. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.2015წ. N000321 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2015წ. N855 ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.09.2015წ. N481 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2015წ. N846 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ახორციელებდნენ პირველი კლასის მშენებლობას. 25.05.2015წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა N000321 მითითება, რომლითაც დარღვევის გამოსწორების მიზნით, დაევალათ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ N1178022 გადაწყვეტილებასთან კაპიტალური კედლის შესაბამისობაში მოყვანა და რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი, 20 დღის ვადაში. მითითება ვერ შესრულდა, რაზეც 15.06.2015წ. შედგა შემოწმების აქტი. 29.05.2015წ. განცხადებით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე. განცხადების შეტანის შემდეგ, 22.07.2015წ. მოხდა რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი, ხოლო 27.07.2015წ. ნებართვის გაცემაზე დადებითი პასუხის გაცემის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო ხელახალი მშენებლობა. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოფხვრეს სამართალდარღვევა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.7 მუხლის საფუძველზე არ შეწყვიტა საქმის წარმოება და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის საქმეზე. მოსარჩელეების მოსაზრებით, ვინაიდან არსებობდა არქიტექტურის სამსახურის N2035345 ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეტანა დადგენილება დაჯარიმების შესახებ. ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა ბრძანება საქმის წარმოების 2 თვით გაგრძელების თაობაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახურმა 21.09.2015წ. N481 ბრძანებით ბათილად ცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - N2035345 ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ. ამის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა უკანონო დადგენილება N000321, 8000 ლარით დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული ბრძანება და დადგენილება ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს 31.12.2015წ. N846 და 31.12.2015წ. N855 ბრძანებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.2017წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. დ-ას, შ. შ-ის და გ. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.15წ. N846 ბრძანება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.09.15წ. N481 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.15წ. N855 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.15წ. N000321 დადგენილების მეორე პუნქტის უცვლელად დატოვების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.15წ. N000321 დადგენილების მეორე ნაწილი; მ. დ-ას, შ. შ-ის და გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.15წ. N000321 დადგენილების პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების და დადგენილების ამ ნაწილში ძალაში დატოვების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.15წ. N855 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. დ-ამ, შ. შ-ემ, გ. გ-მა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.06.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი ნებართვის გარეშე აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც დაფიქსირდა 25.05.2015წ. N000321 მითითებაში. ამასთან, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.05.2015წ. N000321 მითითებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები შემოწმების აქტის მიღებამდე გამოასწორეს. მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ სსიპ თბილისის არიქტექტურის სამსახურის 27.07.15წ. ბრძანების გაცნობისთანავე თავიდან განათავსეს სწორედ ისეთივე რკინის კონსტრუქციები, რომელის თაობაზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, არ დასტურდება საქმის მასალებით. სადავო რკინის კონსტრუქციები რა სახითაც იყო განთავსებული 2015 წლის 25 მაისს, იმავე სახით იყო განთავსებული 2015 წლის 27 ივლისსაც. ამასთანავე, საკითხის სადავოობის პირობებში, სწორედ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირია ვალდებული დაუდასტუროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომ მითითებაში დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოსწორებულია. მოსარჩელეები ვალდებულნი იყვნენ, რაიმე მტკიცებულება შეექმნათ (მაგალითად ფოტოსურათი), რაც დაუდასტურებდა სამსახურს, რომ დარღვევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ განსაზღვრულ ვადაში გამოსწორდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო დადგენილება მიიღო 13.10.2015წ., თუმცა სამსახურს უნდა შეეფასებინა შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები. სამსახურისათვის ცნობილი იყო, რომ შემოწმების აქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები გათვალისწინებული იყო იმ პროექტშიც (კერძოდ, წარმოადგენდა პროექტის ნაწილს), რომელიც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 27.07.2015წ. შეითანხმა. ამდენად, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ შეამოწმა ამ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოება და კანონშესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში. სამართალდარღვევის საქმისწარმოების ერთ-ერთი მიზანი სამართალდარღვევის აღმოფხვრაა. თუ შესაძლებელია სამართალდარღვევა გამოსწორებული იქნეს დემონტაჟის განხორციელების გარეშე, უსაფუძვლოა მშენებლობის დემონტაჟის დავალება. კანონის მიზანი არ არის სამართალდამრღვევისათვის მაქსიმალური ზარალის მიყენება და ნეგატიური შედეგის დადგომა. საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 2.1 მუხლი).
სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი საპელაციო საჩივრის მოთხოვნები ეწინააღმდეგება პროპორციულობის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმდინარეობდა პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანებით შეთანხმდა მე-3 კლასის სამშენებლო სამუშაოები. ამდენად, არ დასტურდება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო პროექტი მის გაცემამდე უკვე განხორციელებული იყო და შენობა-ნაგებობის განთავსების შემდეგ მიმართეს მშენებლობის მწარმოებლებმა პროექტის შესათანხმებლად. შესაძლებელია, სამომავლოდ განსახორციელებელი მშენებლობის დროს მათ მიერ გამოყენებული ყოფილიყო ის რკინის კონსტრუქციებიც, რაზეც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებდა, თუმცა ხსენებული გარემოება არ ადასტურებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანების კანონშეუსაბამობას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.09.15წ. N481 ბრძანება არ შეესაბამება „,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მოთხოვნებს, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანება მიღებულია საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით და არ არის მიღებული იმავე სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რაზეც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური აწარმოებდა სამართალდარღვევის საქმეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. დ-ამ, შ. შ-ემ, გ. გ-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევებით, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. სასამართლომ არ განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გამოიყენა არსობრივად შეუსაბამო ნორმა. კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 13.10.2015წ. N000321 დადგენილების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას. სამართალდამრღვევ სუბიექტებს მითითებით დაევალათ რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, უსაფრთხოების ნორმათა დაცვით. სამსახურის სპეციალისტებმა სამართალდარღვევის ადგილის გადამოწმების შედეგად დაადგინეს, რომ სუბიექტებს არ ჰქონდათ დემონტირებული აღნიშნული კონსტრუქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ გაითვალისწინეს სამსახურის მითითება და პირველი კლასის დასტურის მოთხოვნათა დარღვევის შემდეგ, ნებართვის გამცემ ორგანოს მიმართეს მესამე კლასის ნებართვის ასაღებად. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო აქტში ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეები თავს არიდებდნენ პასუხისმგებლობას და მიიჩნევდნენ, რომ ახალი ნებართვის აღებით, ისინი სამართალდარღვევას გამოასწორებდნენ. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნასთან, რომელიც გულისხმობს ჯერ თავდაპირველი სამართალდარღვევის გამოსწორებას სრული დემონტაჟის განხორციელების გზით და ახალი ნებართვის აღების შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო დაადგენს სამართალდარღვევის გამოსწორებას. სუბიექტებისთვის დემონტაჟის დავალების მოხსნა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის აღმოფხვრა. სასამართლოს მსჯელობა, რკინის კონსტრუქციების სამომავლო სამუშაოებისათვის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ეწინაღმდეგება კანონის განმარტებას, ვინაიდან მაკონტროლებელი ორგანო აფასებს შემოწმების დროისათვის არსებულ სიტუაციას და მომავალში (აქტის გამოცემის შემდეგ, როდესაც სამართალდარღვევა აღმოიფხვრება) სამშენებლო მასალის შესაძლო გამოყენება სხვა კონსტრუქციების ასაგებად ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდება.
კასატორის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.9, 25.11 მუხლები მუნიციპალურ ინსპექციას უფლებას აძლევს, კანონის დაცვის მიზნით, შესამოწმებელ ობიექტზე დარღვევის გამოვლენისას სუბიექტს დაავალოს დემონტაჟი. საქმის წარმოების პერიოდში, თუ სუბიექტი არ გაითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას და გააგრძელებს სამუშაოებს (მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და წარადგენს არასრულ ინფორმაციას), კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაევალება დადგენილების მიღების დროისთვის არსებული სამუშაოების სრული დემონტაჟი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2.1 მუხლი სამართლებრივად არანაირ კავშირში არ არის არსებული სამართალდარღვევის გამოსწორების პროცედურასთან. ნორმაში მოხსენიებული ტერმინი „რეგულირება“ განსხვავდება სამართალდარღვევების "კონტროლისაგან", რომელსაც მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.
კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლიდან გამომდინარეობს, რომ უნებართვო მშენებლობის განხორციელების დროს, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ მას შემდეგ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, როცა ნებართვის მაძიებელი სამსახურში წარადგენს სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ აქტს და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარს. მოვლენათა რიგითობას კანონმდებლობა განსაზღვრავს შემდეგნაირად: პირველ რიგში, დაინტერესებულმა პირმა უნდა მოიპოვოს ქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ხოლო ამის შემდეგ, იგი აღიჭურვება სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლებამოსილებით. რიგითობის დარღვევისათვის პირს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ჯარიმის გადახდამდე ერთმევა განხორციელებული ქმედების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეებს არ გამოუსწორებიათ 25.05.2015წ. მითითებით გათვალისწინებული დარღვევები - არქიტექტურის სამსახურის 19.03.2014წ. N1178022 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟის დარღვევით ნაწარმოები სამუშაოები, ამავე სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანებით გათვალისწინებული სამუშაოების შეთანხმებამდე.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში მოსარჩელეების მიერ წარდგენილ ფოტომასალაზე არ არის დაფიქსირებული უნებართვოდ განთავსებული კაპიტალური კედელი და რკინის კონსტრუქციები (22.07.2015წ. NAR1313926 განცხადებაზე თანდართული მასალები). ამდენად, სახეზეა მოსარჩელეთა მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობების დამალვისა და არქიტექტურის სამსახურისათვის არასწორი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლის გათვალისწინებით, თუ არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იქნებოდა უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური კედლისა და ლითონის კონსტრუქციის მშენებლობის თაობაზე, ნებართვის მაძიებლის მიერ კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობის პირობებში სამსახური მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. ამდენად, სახეზე იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რაც განხორციელდა ამავე სამსახურის 21.09.2015წ. N481 ბრძანებით, ზაკ-ის 601.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.2015წ. N000321 დადგენილების მეორე პუნქტის უცვლელად დატოვების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 31.12.2015წ. N855 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს სადავო დადგენილების გამოცემამდე დარღვევა არ გამოუსწორებიათ, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იყო, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, დაევალებინა მათთვის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნულით მოსარჩელეებს არ ერთმევათ უფლება, სამშენებლო სამუშაოები დემონტაჟის გარეშე მოაქციონ სამართლებრივ ჩარჩოებში - დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები მოიყვანონ შესაბამისობაში არქიტექტურის სამსახურის 19.03.2014წ. N1178022 გადაწყვეტილებით შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან ან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 63.2 მუხლის შესაბამისად, წარადგინონ დაკისრებული ჯარიმის ქვითარი არქიტექტურის სამსახურში, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელოს სასურველ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის თაობაზე.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის შინაარსის ანალოგიურად ავითარებს მასჯელობას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობის თაობაზე.
კასატორები - მ. დ-ა, შ. შ-ე და გ. გ-ი მიუთითებენ, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.7 მუხლის შესაბამისად, თუ სამართალდარღვევა გამოსწორდება დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანამდე, სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება წყდება. მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. სამართალდარღვევა აღმოიფხვრა როგორც რკინის კონსტრუქციის დემონტაჟით, ისე 27.07.2015წ. ბრძანების გაცემით ...I კლასის მშენებლობის ნებართვის შესახებ. N2035345 ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გაუქმებაც დაუშვებელია და რომლითაც კასატორებმა სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციეს მთელი ეს პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თავდაპირველად პირველი კლასის მშენებლობა არსებობდა, რომლის დარღვევის გამოც დაჯარიმდნენ კასატორები და შემდეგ გაიცა მე-3 კლასის ნებართვა. მთავარია, რომ უნდა ამოქმედებულიყო ზემოაღნიშნული ნორმა და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის საქმეზე. კასატორების განმარტებით, ერთი მხრივ, სახეზეა კანონის შესაბამისად გაცემული ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ - ჯარიმა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის შესახებ, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რამდენადაც ჯარიმა არ შეიძლება არსებობდეს დარღვევის გარეშე. იმ პირობებში, როდესაც ძალაშია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გაუგებარია დარღვევის არსებობაზე მითითება. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაჯარიმება უკავშირდება პირველი კლასის მშენებლობის პირობების დარღვევას და ნებართვა გაიცა მე-3 კლასის მშნებლობაზე, უსაფუძვლოა. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაჯარიმების შესახებ 13.10.2015წ. N000321 დადგენილება გამოიტანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურმა ბათილად ცნო მის მიერ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, მხოლოდ კანონიერი საფუძვლის მოსპობის შემდეგ მოხდა დაჯარიმება. მანამდე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2 თვით გააგრძელა სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება, რათა დრო მიეცა არქიტექტურის სამსახურისათვის, ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს სამართალდარღვევის გამოსწორება. 27.07.2015წ. დილის საათებში, ბრძანების გაცნობისთანავე, ხელახლა დამონტაჟდა ის რკინის კონსტრუქციები, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით და რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს აღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი/მონტაჟი, იგი ზუსტად იმავე სახის იქნება, როგორც დემონტაჟის დროს იყო. სასამართლომ არ გაიზიარა სამი მოწმის ჩვენება, რკინის კონსტრუქციის დემონტაჟის დადასტურების თაობაზე და დემონტაჟის ერთადერთ მტკიცებულებად ფოტომასალა მიიჩნია. მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა მშენებლობის ნებართვაზე დადებითი პასუხის შესაბამის საიტზე განთავსება დილის 9 საათიდან, რაც ადასტურებს მოსარჩელეთა ინფორმირებას თანხმობის თაობაზე. ამდენად, რკინის კონსტრუქციები განთავსდა ხელახლა.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შესაბამისი განცხადება არქიტექტურის სამსახურს წარედგინა 22.07.2015წ. რეალურად განცხადება არქიტექტურის სამსახურს წარედგინა 25.05.2015წ., ხოლო 22.07.2015წ. განცხადების წარდგენა მოხდა მისი დაჩქარებული წესით მისაღებად. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, რამდენადაც არქიტექტურის სამსახურმა იცოდა სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ. მის მიერ გაცემული იყო ნებართვა პირველი კლასის მშენებლობის თაობაზე. მართალია, გასაჩივრებული განჩინებით სწორად არის დადგენილი გარემოება არქიტექტურის სამსახურის 19.03.2014წ. N1178022 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის დადასტურების თაობაზე, თუმცა არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ არქიტექტურის სამსახურის 10.03.2015წ. გადაწყვეტილებით ამავე მიწის ნაკვეთზე დადასტურდა რეკონსტურქცია, რომლის მიხედვით, ღობის ანუ კედლის სიმაღლე არის ... მეტრამდე. ამდენად, 25.05.2015წ. მითითებაში უსაფუძვლოდ აღინიშნა, რომ კედლის სიმაღლე არ შეესაბამება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ პარამეტრებს. არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ ფოტომასალაზე არ იყო ასახული მშენებლობა. აღნიშნულის საჭიროება არ არსებობდა, რამდენადაც კედელის ასაშენებლად გაცემული იყო შესაბამისი ნებართვა. ამდენად, წარდგენილი ფოტომასალა მხოლოდ კედელს ასახავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2019წ. და 01.05.2019წ. განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ..., ... მ/რ-სა და ...ოს შორის, ...თა ქუჩაზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან გ. გ-ი, მ. დ-ა და შ. შ-ე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19.03.2014წ. N1178022 გადაწყვეტილებით დადასტურდა პირველი კლასის მშენებლობის შესაძლებლობა (მაღაზიისა და ...მ სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა: ...კვ.მ-მდე ფართობის ... მ-მდე სიმაღლის და ... მ-მდე ჩაღრმავების შენობა; ... მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 25.05.2015წ. შეადგინა N000321 მითითება, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის 19.03.2014წ. N1178022 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების დარღვევით (მოწყობილია რკინის კონსტრუქციები და კაპიტალური კედელი). უძრავი ნივთის მესაკუთრეებს განესაზღვრათ ვადა კონსტრუქციების დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. ამავე სამსახურმა 15.06.2015წ. შეადგინა შემოწმების აქტი, 25.05.2015წ. მითითების შეუსრულებლობის შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.08.2015წ. N4-3/112გ/15 ბრძანებით, საქმეში არსებული გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით, ორი თვის ვადით გაგრძელდა 25.05.2015წ. N000321 მითითების საფუძველზე დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვა. აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 14 აგვისტოდან.
22.07.2015წ. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ავტოსახელოსნოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით. 27.07.2015წ. N2035345 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შეთანხმდა ავტოსახელოსნოს არქიტექტურული პროექტი თბილისში, ..., მეორე მ/რ-სა და ...ოს შორის, ...თა ქუჩაზე მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., განაშენიანების ფართობი - ... კვ.მ, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე - ... მ) და გაცემულ იქნა ნებართვა ...I კლასის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 28 იანვრის ჩათვლით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.09.2015წ. N481 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, დამკვეთებისათვის ცნობილი იყო მათ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია სამსახურისათვის არ მიუწოდებიათ. მითითებული გარემოების ცოდნის შემთხვევაში, სამსახური მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას - მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა მხოლოდ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის ან უნებართვოდ განთავსებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის შემთხვევაში. აღნიშნული ბრძანება ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2016წ. N846 ბრძანებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.2015წ. N000321 დადგენილებით გ. გ-ი, მ. დ-ა და შ. შ-ე დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქალაქ თბილისში, ..., ... მ/რ-სა და ...ოს შორის, ...თა ქუჩაზე (ს/კ ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (მოწყობილია რკინის კონსტრუქციები და კაპიტალური კედელი). ამავე დადგენილების მეორე პუნქტით, გ. გ-ს, მ. დ-ას და შ. შ-ეს დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2016წ. N855 ბრძანებით.
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.09.2015წ. N481 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2015წ. N846 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.10.2015წ. N000321 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.12.2015წ. N855 ბრძანების ბათილად ცნობა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, ერთი მხრივ, უნდა შეფასდეს მოსარჩელეთა მიმართ პირველი კლასის მშენებლობის პირობების დაღვევისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის სისწორე, ხოლო მეორე მხრივ - აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრებამდე, მოსარჩელეთა სახელზე მე-3 კლასის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების მართებულობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო 21.09.2015წ. ბრძანებით მოსარჩელეებზე გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების საფუძვლად მიჩნეულ იქნა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 63.2 მუხლის პირობების დარღვევა - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ არქიტექტურის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, შესაძლებელს გახდიდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას - მშენებლობის ნებართვის გაცემას მხოლოდ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის ან უნებართვოდ განთავსებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში 24.03.2009წ. №57 დადგენილების 63.2 მუხლზე მითითებას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს უნებართვო მშენებლობის წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს უფლებამოსილებას, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამდენად, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 63.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უკავშირდება დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 27.07.2015წ. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის მოსარჩელეთა მიმართ შედგენილი იყო მითითება და შემოწმების აქტი, ხოლო უშუალო სამართლებრივი შედეგის გამომწვევი დაჯარიმების შესახებ დადგენილება მიღებულ იქნა მოგვიანებით - 27.07.2015წ. მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ სადავო 21.09.2015წ. ბრძანების გამოცემის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელეები ნებართვის გამცემ ორგანოს ვერ წარუდგენდნენ დაჯარიმების შესახებ აქტს და ჯარიმის გადახდის ქვითარს, რამდენადაც მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის ასეთი დოკუმენტები არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის აუცილებლობა ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოს - არქიტექტურის სამსახურს გააჩნია მომეტებული პასუხისმგებლობა, ნებართვის გაცემის დროს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურისთვის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმირების შესაძლებლობა არსებობდა ერთ სისტემაში არსებულ უწყებებს შორის საქმიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ამდენად, დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნებართვის გაცემის დროს დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა ინფორმაცია მის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 66.10 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილებოდა უნებართვო მშენებლობად.
სამშენებლო სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოების სპეციალურ წესს ადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 25.5 მუხლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე კოდექსის 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოსარჩელეთა მიმართ სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებდა პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. აღნიშნული წარმოების დასრულებამდე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27.07.2015წ. N2035345 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა მე-3 კლასის სამშენებლო სამუშაოები და მოსარჩელეთა სახელზე გაიცა შესაბამისი ნებართვა, თუმცა აღნიშნული ბრძანება არ შეეხება იმავე სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური აწარმოებდა სამართალდარღვევის საქმეს მოსარჩელეთა მიმართ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.05.2015წ. N000321 მითითებით განსაზღვრული პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების გამოსწორება შემოწმების აქტის მიღებამდე. მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ სსიპ თბილისის არიქტექტურის სამსახურის 27.07.15წ. ბრძანების გაცნობისთანავე ახალად განათავსეს სამართალდარღვევის გამოვლენის დროს დაფიქსირებული რკინის კონსტრუქციები, არ არის დადასტურებული საქმის მასალებით. ამდენად, არსებობდა ამ დარღვევისათვის მოსარჩელეთა მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს არამარტო ქმედების სწორი კვალიფიკაცია, არამედ თანაზომიერების პრინციპის დაცვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენებისას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, სწორად დაადგინა მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა და უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის მოსარჩელეთათვის ჯარიმის დაკისრების აუცილებლობა, ხოლო მეორე მხრივ, სწორად განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეთათვის დემონტაჟის დავალება, გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევს მათ უფლებებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობის ობიექტის დემონტაჟის მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის აღმოფხვრა და ობიექტისათვის იმ ფორმის შენარჩუნება, რომელიც არსებობდა უნებართვო მშენებლობის განხორციელებამდე, ამასთანავე, დემონტაჟის ვალდებულების დაკისრება არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას. იგი კანონით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია (და არა სავალდებულო) სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ სახდელთან ერთად, ყოველი შემთხვევის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით ჯარიმის შეფარდებამ უზრუნველყო კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. 27.07.2015წ. მშენებლობის ნებართვის კანონიერად მიჩნევის პირობებში, ამ ნებართვის გამოცემამდე გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისათვის დემონტაჟის განხორციელების დავალება აუარესებს მხოლოდ მოსარჩელეთა მდგომარეობას - ავალებს მათ იმ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას, რომელზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა. ამასთან, დემონტაჟის განუხორციელებლობით მესამე პირთა ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფრთხის არსებობა არ დასტურდება და არც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებაში ყოფილა მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.09.2015წ. N481 ბრძანების შინაარსი და 13.10.2015წ. დადგენილება დემონტაჟის ნაწილში, ადატურებს ადმინისტრაციული ორგანოების ფორმალურ მიდგომას სადავო საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებაში, რაც არ არის გამართლებული და განპირობებული რაიმე სახის კანონიერი ინტერესის ქმედითად დაცვის აუცილებლობით.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პირველი კლასის მშენებლობის დადასტურების შესახებ აქტით გათვალისწინებული პროექტი სრულად არ იყოს შესაბამისობაში 27.07.2015წ. შეთანხმებული მე-3 კლასის მშენებლობის პროექტთან (წარმოადგენდეს მხოლოდ მის ნაწილს), თუმცა აღნიშნული არ უნდა გახდეს თავდაპირველი სამართალდარღვევის სრულად აღმოფხვრის მიზნით, უკვე განხორციელებული მშენებლობის სრულად დემონტაჟის დავალების საფუძველი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც, ახალი ნებართვის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს საშუალებას, ამ ნებართვის ფარგლებშიც გამოავლინოს შესაძლო სამართალდარღვევა და იმსჯელოს შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-ას, შ. შ-ის, გ. გ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.02.2019წ. N00220 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. ა. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. დ-ას, შ. შ-ის და გ. გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 29.01.2019წ. N0 და 19.04.2019წ. N0 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე