Facebook Twitter

#ბს-332(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 29 აგვისტოს ზ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 2 დეკემბრის #5176 პ/შ და მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების დღიდან, ... წლის ... ...დან, სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის განაცდური პერიოდის საერთო სამუშაო უწყვეტ სტაჟში ჩათვლის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ზ. ვ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანება; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ. ვ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ასეთი საშტატო ერთეულის არ არსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ზ. ვ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების დღიდან, ... წლის ... ...დან, სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ზ. ვ-ისათვის განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ვ-ე ...წლის ... ...დან დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის თანამდებობაზე ...ის ....

ზ. ვ-ე დაკავებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 2 დეკემბრის #5176 პ/შ ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #832 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის მოვალეობის შემსრულებელი, ...ის ... ზ. ვ-ე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან ... წლის ... ...დან.

ზ. ვ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე, 2013 წლის 2 დეკემბერს მიღებული დასკვნით დგინდება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის მოვალეობის შემსრულებელი, ...ის ... ზ. ვ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ... წლის ... ...დან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ზ. ვ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, ... ზ. კ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე ზ. ვ-ემ, 2018 წლის 26 ივნისს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წარუდგინა მისი გამართლების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და ითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რაც არ დაკმაყოფილდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ზ. ვ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე, 2013 წლის 2 დეკემბერს მიღებული დასკვნა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #832 ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავდა და აწესრიგებდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში (შემდეგში - დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში (შემდეგში - სისტემის ორგანო) სახელმწიფო სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სტატუსს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემის ორგანოს მოსამსახურე (შემდეგში – მოსამსახურე) იყო საჯარო მოსამსახურე, რომელსაც, როგორც წესი, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება.

მითითებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ წესით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლო თანამდებობიდან დროებით გადაეყენებინა სისტემის ორგანოს თანამშრომელი.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 2 დეკემბრის #5176 პ/შ ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #832 ბრძანებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო თანამდებობიდან დროებით გადაყენება, რომლის მიზანიც იყო სწორედ, კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამო, პირის სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თავიდან აცილება. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, პირის სამსახურიდან დათხოვნა ეწინააღდეგებოდა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უდანაშაულობის პრეზუმფციის, ისე თვით მითითებული წესით მოწესრიგებულ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

საქალაქო სასამართლომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელე ზ. ვ-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით იგი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, ზ. ვ-ის სამსახურში უნდა აღდგენილიყო მის მიერ დაკავებულ ბოლო თანამდებობაზე, ან ასეთი საშტატო ერთეულის არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატის ანაზღაურების თაობაზე, მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების დღიდან, ... წლის ... ...დან, სამსახურში აღდგენამდე და მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლის დავალებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. ვ-ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 4 ივლისის #669 პ/შ ბრძანებით დაინიშნა ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის თანამდებობაზე ...ის ... ... ...იდან. ზ. ვ-ე არ იყო დანიშნული განუსაზღვრელი ვადით, არამედ სამსახურში მიღებულ იქნა თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელად – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დანიშნულიყო არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით ...ის ... დანიშვნა დაუშვებელია.

კასატორის მითითებით, ზ. ვ-ე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, უნდა გათავისუფლებულიყო 3 თვის გასვლის შემდგომ, თუმცა 2013 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე ვერ მოხდა ზ. ვ-ის გათავისუფლება, ხოლო შემგომ იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 22 დეკემბრის #5176 პ/ნ ბრძანებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბერის #832 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/ნ ბრძანებით კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.

კასატორის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ბათილად 2013 წლის 12 დეკემბერის #5344 პ/შ ბრძანება, ვინაიდან ზ. ვ-ისთვის დანიშვნის ბრძანების გამოცემის დღიდან იყო ცნობილი, რომ ის დროებით იყო დანიშნული კონკრეტულ თანამდებობაზე. ზ. ვ-ე დააკავეს 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რის გამოც პირველად გამოიცა ბრძანება ზ. ვ-ის სამსახურიდან გადაყენების თაობაზე, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობიდან გამომდინარე (ზ. ვ-ის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა 4 წელი და 6 თვე), რადგან მოსარჩელე დროებით ...ის ... იყო დანიშნული და იმ თანამდებობაზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/განთავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. მითითებული ნორმის საფუძველზე, ზ. ვ-ის სამსახურში აღდგენას კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე სამსახურში მიღებული იყო განსაზღვრული ვადით.

კასატორის მითითებით, 2013 წლიდან განხორციელდა არაერთი ცვლილება, მათ შორის, არ არსებობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, 2015 წელს განხორციელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია, 2018 წელს გაუქმდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, არაერთხელ დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, მოხდა საშტატო ერთეულის შემცირება, კადრების მომზადება/გადამზადება, ვაკანტურ ადგილებზე ახალი კადრების მიღება და დანიშვნა კონკურსის წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს იმ პირს, რომელიც კანონის შესაბამისად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ვაკანტურ ადგილზე.

კასატორი ასევე, მიუთითებს, რომ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო - სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან 2017 წლის 1 აპრილამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო ცენტრში, თუ ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობისათვის სერტიფიკატი მოითხოვება.

კასატორი ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელე ზ. ვ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ასეთი საშტატო ერთეულის არ არსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, მისთვის განაცდურის ანაზღაურებისა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სამუშაო სტაჟში ჩათვლის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #832 ბრძანებულების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად აღნიშნული წესი განსაზღვრავდა და აწესრიგებდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში (შემდეგში - დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში (შემდეგში - სისტემის ორგანო) სახელმწიფო სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სტატუსს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემის ორგანოს მოსამსახურე (შემდეგში – მოსამსახურე) იყო საჯარო მოსამსახურე, რომელსაც, როგორც წესი, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება.

აღნიშნული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ წესით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხორციელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეეძლო თანამდებობიდან დროებით გადაეყენებინა სისტემის ორგანოს თანამშრომელი.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული რედაქციის 79-ე მუხლი შეიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, რომლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას (პირველი პუნქტი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ზ. ვ-ე ... წლის ... ...დან დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ... ...ის ... სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის თანამდებობაზე ...ის ....

ზ. ვ-ე დაკავებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 2 დეკემბრის #5176 პ/შ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის მოვალეობის შემსრულებელი, ...ის ... ზ. ვ-ე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან ... წლის ... ...დან.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის ... ...ს ...ის მოვალეობის შემსრულებელი, ...ის ... ზ. ვ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ... წლის ... ...დან მის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე, 2013 წლის 2 დეკემბერს მიღებული დასკვნის შედეგად.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ზ. ვ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, ... ზ. კ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ზ. ვ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე, 2013 წლის 2 დეკემბერს მიღებული დასკვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 12 დეკემბრის #5344 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ზ. ვ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ზ. ვ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით არ დადასტურდა მოსარჩელის ბრალეულობა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ზ. ვ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ არსებობდა ასეთი სანქციის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ასეთი საფუძველი არც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებისას გამოიკვეთა.

ამასთან, თავად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზ. ვ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფაქტზე 2013 წლის 02 დეკემბერს მიღებული დასკვნა, რაც თავის მხრივ პირდაპირ მიუთითებს 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანების უკანონობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის გათვალისწინებული ასეთი პირის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, უშუალოდ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს უკანონოდ განთავისუფლებული მოსამსახურის სამსახურში აღდგენის წესს. კერძოდ, კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ვ-ის სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო. ამასთან, კასატორი მიუთითებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციაზე, შემდეგ კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაუქმების ფაქტზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ ადასტურებს მის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს- 449-442(კ-15)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულების დაქვემდებარების ან სახელწოდების ცვლილება, მათი უფლება-მოვალეობების და ძირითადი ფუნქციების ცვლილების გარეშე, არ გამორიცხავს შესაბამის თანამდებობაზე უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენის შესაძლებლობას. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენს პირის პირვანდელ უფლებებში აღდგენის საფუძველს.

ამასთან, კასატორის მიერ არსებული სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით მითითებული გადაწყვეტილება (№3ბ/1373-16; 22.09.16) შეეხება აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ მოცემულობასა და მის სამართლებრივ შეფასებებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემულ საქმეზე განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებებსა თუ დასკვნებთან.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე