საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-234(კ-20) 01 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ი-ი; მოპასუხე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია).
აღწერილობითი ნაწილი:
19.07.2018წ. ლ. ი-მა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 24.07.2013წ. N8 ოქმის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.07.2013წ. N266 ბრძანებისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.07.2013წ. N8 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლიდან, ქ. ნინოწმინდაში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ...კვ.მ ფართზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ე. ც-ის საკუთრების უფლება. ე. ც-მა აღნიშნული ფართი 2015წ. აჩუქა ლ. ი-ს და ამ დროიდან ლ. ი-ია აღრიცხული ...კვ.მ ფართის მესაკუთრედ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.07.2013წ. N266 ბრძანებისა და 26.07.2013წ. N8 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნაწილი - ... კვ.მ ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. თ-ის საკუთრების უფლებით. 24.07.2013წ. N8 ოქმში მითითებულია, თითქოს 1983წ. ქ. ნინოწმინდაში, ...ის ქ. N...-ში ნ. თ-ის ოჯახს გამოეყო ... კვ.მ ფართის ბინა, ამასთან, კომისიის წევრები მიუთითებენ, რომ ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით არ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ნ. თ-მა კომისიას წარუდგინა ბინის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი „სხვა დოკუმენტები“: ქ. ნინოწმინდის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა და მოწმეთა განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ 1983 წლიდან ბინაში მის ცხოვრებას. მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეში, ნ. თ-ის ოჯახის სახელზე, ამ მისამართზე არასოდეს გამოყოფილა ბინა და მას მისამართზე არ უცხოვრია.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.01.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.01.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 24.07.2013წ. N8 ოქმი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.07.2013წ. N266 ბრძანება, 26.07.2013წ. N8 საკუთრების უფლების მოწმობა და დაევალა მოპასუხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულებით დამტკიცებული “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“. 01.07.2013წ. ნ. თ-მა განცხადებით მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მისთვის, როგორც კანონიერი მოსარგებლისათვის, ნინოწმინდაში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ... კვ.მ. ფართის ბინის საკუთრებაში გადაცემა. მოთხოვნილი უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დასადასტურებლად ნ. თ-ს ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია ზემოაღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა ნინოწმინდის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის 23.07.2013წ. N297 ცნობა, რომლითაც რწმუნებული ადასტურებს, რომ ნინოწმინდის რაიონში მცხოვრები ნ. თ-ი ნამდვილად ცხოვრობს ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში. ამასთანავე, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა 23.07.2013წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ჰ. ი-ი, ვ. ბ-ი და გ. ქ-ი ადასტურებენ, რომ ნ. თ-ი 1983 წლიდან დღემდე ცხოვრობს მისამართზე: ნინოწმინდა, ...ის ქუჩა N....
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული „წესი“ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის აუცილებელ წინაპირობად ადგენდა მის სახელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). ამდენად, მხოლოდ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობის ფაქტის დადასტურება, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ვერ წარმოშობდა ფიზიკური პირის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ფართობით ... კვ.მ.) ნ. თ-ის კანონიერ სარგებლობაში არსებობა, თუმცა სადავო აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის პირობებში, რატომ ექვემდებარებოდა შესაბამისი ფართი ნ. თ-ისათვის უსასყიდლოდ გადაცემას. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნინოწმინდის რაიონის ...ის მიერ 1987 წლის 11 დეკემბრიდან ნაწარმოები, ნინოწმინდის რაიონში (...), ...ის (ყოფილი ...ის) ...ქუჩა N...-ში მდებარე ბინაში მცხოვრებ პირთა მონაცემების ამსახველი საბინაო წიგნის მიხედვით, მითითებულ მისამართზე მდებარე ბინაში მცხოვრებად, ოჯახის წევრებთან ერთად, 1987 წლის 11 დეკემბრიდან ფიქსირდება ე. ც-ი, ხოლო ნ. თ-ი საბინაო წიგნში არ ფიქსირდება. მითითებულ მისამართზე, ძალაში არსებული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის - 18.06.1992წ. N373 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. თ-ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის საკითხის განხილვამდე, უკვე რეგისტრირებული იყო ე. ც-ის საკუთრების უფლება ... კვ.მ ფართზე (ს/კ ...). საბინაო წიგნში ასევე დაფიქსირებულია შ. პ-იც, რომელიც 14.09.2015წ. საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნულ მისამართზე დარეგისტრირდა ... კვ.მ. ფართის მესაკუთრედ (ს/კ ...). პალატის მოსაზრებით, თუ ადმინისტრაციული ორგანო დადასტურებულად მიიჩნევს ნ. თ-ის კანონიერი სარგებლობის ფაქტის არსებობას ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში, სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამორიცხოს შესაბამის ფართზე სხვა პირთა უფლების არსებობის შესაძლებლობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფართი, რომლის კანონიერ მოსარგებლედაც ცნობილ იქნა ნ. თ-ი, მოიცავს მის სახელზე რეგისტრირებული ფართის ნაწილს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 32.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იურიდიული ინტერესის არსებობას ნ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში. ნ. თ-ის სახელზე არსებულ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა გამოსცა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არავის აყენებს ზიანს. საპირისპიროს დასამტკიცებლად მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. მუნიციპალიტეტმა ნათლად მიუთითა, რომ ნ. თ-ი, წლების განმავლობაში, ნამდვილად ცხოვრობდა სადავო ფართში და აღნიშნული მეზობლებმაც დაადასტურეს. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე თავად მიუთითებს საქმეზე მის მიერ წარმოდგენილი ნახაზის უსწორობაზე. ამასთანავე, არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც კონკრეტული ქონება რეგისტრირებულია ნ. თ-ის სახელზე.
კასატორი მიუთითებს ზაკ-ის 601.4, 601.5 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, რამდენად არის დარღვეული გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ასევე არ არის დარღვეული საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესი, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, აღნიშნულზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უნდა გაუქმებულიყო ნ. თ-ზე გაცემული საკუთრების მოწმობა ან სასამართლოსთვის უნდა მიემართა იმ პირს, ვისაც აღნიშნული ზიანს მიაყენებდა. მოსარჩელის მიმართ არანაირი ზიანი არ დამდგარა, ნ. თ-მა დაიკანონა წლების განმავლობაში მფლობელობაში არსებული ფართი, მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას მაღალი დასბუთების სტანდარტი სჭირდება. მოსარჩელე მხოლოდ ზეპირი განმარტებით ცდილობს დაასაბუთოს სადავო ფართის მისდამი კუთვნილების ფაქტი, მისი უფლება სადავო ... კვ.მ ფართთან მიმართებაში არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, თუმცა აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24.07.2013წ. N8 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულების საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ საცხოვრებელი ფართის ნ. თ-ისათვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის 24.07.2013წ. N8 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ 26.07.2013წ. N266 ბრძანებას და 26.07.2013წ. N8 საკუთრების უფლების მოწმობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ საცხოვრებელი სახლის ნ. თ-ისათვის უსასყიდლოდ გადასაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკმარისად ჩათვალა ნინოწმინდის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის 23.07.2013წ. N297 ცნობა, რომლითაც რწმუნებული ადასტურებს ნ. თ-ის ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში ცხოვრების ფაქტს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე გაითვალისწინა 23.07.2013წ. ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ ნ. თ-ის 1983 წლიდან ცხოვრებას ზემოაღნიშნულ მისამართზე. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.08.2013წ. გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ნ. თ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნეოდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. ამავე „წესის“ 4.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ საცხოვრებელი ფართის ნ. თ-ისათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი არ ყოფილა ზემოაღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სათანადოდ არ არის დასაბუთებული, რატომ ექვემდებარებოდა შესაბამისი ფართი ნ. თ-ისათვის უსასყიდლოდ გადაცემას, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის პირობებში. სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი და ჩათვალა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები. მხოლოდ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობის ფაქტის დადასტურება, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ვერ წარმოშობს ფიზიკური პირის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს ნ. თ-ისათვის გადაცემული ... კვ.მ უძრავი ქონების მოქცევას მის საკუთრებად რეგისტრირებულ, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ ფართში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, 1987 წლის 11 დეკემბრიდან ნაწარმოები საბინაო წიგნის მონაცემების მიხედვით, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინაში მცხოვრებ პირებად, ოჯახის წევრებთან ერთად, 1987 წლის 11 დეკემბრიდან ფიქსირდებიან ე. ც-ი და შ. პ-ი. 18.06.1992წ. N373 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ც-მა საკუთრებაში მიიღო ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა, რომელიც შედგებოდა ორი ოთახისაგან: ... კვ.მ საცხოვრებელი ფართი და დამხმარე ... კვ.მ. ფართი. აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.12.2012წ. გადაწყვეტილებით, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), დარეგისტრირდა ე. ც-ის საკუთრების უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.09.2015წ. გადაწყვეტილებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ლ. ი-ის საკუთრების უფლება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.09.2016წ. გადაწყვეტილებით, ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ ფართის უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.09.2016წ. N2255 ბრძანებისა და 16.09.2016წ. N1780/15 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია შ. პ-ის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციიდან გამომდინარეობს, რომ ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონება არ მოიცავს მხოლოდ მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ... კვ.მ ფართს, ამასთანავე, საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ სწორედ ლ. ი-ის სახელზე რეგისტრირებული ... კვ.მ ფართში შედის ნ. თ-ისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაცემული ... კვ.მ ბინა. მნიშვნელოვანია, რომ ნ. თ-ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის საკითხის განხილვამდე, საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული იყო ე. ც-ის საკუთრების უფლება ... კვ.მ ფართზე (ს/კ ...), ამასთანავე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.04.2013წ. N55600 წერილით ნ. თ-ს ეცნობა, რომ ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ... კვ.მ საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირველესად უნდა დაადგინოს ნინოწმინდაში, ...ის ქუჩა N...-ში რეალურად არსებული ფართების ოდენობა, მათი მესაკუთრეები, ასევე შესაძლო კავშირი მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართებს შორის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისთვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უშუალოდ აღნიშნული პირის მიმართ, ან იგი უშუალო და პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს მის კანონიერ ინტერესსა თუ უფლებაზე. პირის უფლებას უნდა ადგებოდეს ზიანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობის დასადგენად სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და დაადგინოს, შეიცვლება თუ არა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობით მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე