№ბს-530(კ-19) 07 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.თ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 მაისს ი.თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგნეტოს მიმართ.
მოსარჩელემ ი.თ-ისათვის საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის (სპეციალობაში - „...“) უფლების გაუქმების ნაწილში მოპასუხის 2015 წლის 06 ნოემბრის №8 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლიოს 19 ოქტომბრის №6 გადაწყვეტილებით მიენიჭა შპს „...ში“ 6 თვის ვადით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში - „...“. ხსენებულ კლინიკაში მკურნალობდა მოქალაქე ნ. შ-ე, რომელსაც მოსარჩელემ ორჯერ უშედეგოდ ჩაუტარა ხელოვნური განაყოფიერება, მესამე მცდელობაზე კი პაციენტმა ორსულობის 18-19 კვირაზე ორივე ნაყოფი დაკარგა. ნ. შ-ემ და მისმა მეუღლემ საჩივრით მიმართეს პროკურორს. პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 გადაწყვეტილებით ი.თ-ს გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში - „...“. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი.თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისთვის შეუტყობინებლად, 2015 წლის 6 ნოემბერს ჩაატარა სხდომა და ფაქტობრივი/სამართლებრივ გარემოებების გამოკვლევის გარეშე კვლავ ანალოგიური შინაარსის გადაწყვეტილება მიიღო.
2016 წლის 24 მაისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 06 ნოემბრის N8 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი.თ-ისათვის სპეციალობაში - „...“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 73-ე, 74-ე და 79-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №8 სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი.თ-ისთვის „...ში“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი.თ-ის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ ი.თ-ისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების საფუძველი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გახდა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა წარმოადგენს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში დასაბუთებული უნდა ყოფილიყო დარღვევად მიჩნეულ გარემოებას რატომ შეესაბამებოდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება და რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სხვა უფრო მსუბუქი სახდელის შეფარდებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქმე ეხება ექიმის მიერ პაციენტის მიმართ გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარიხს, რაც საბოლოო ჯამში პაცინტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აისახება. კასატორის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ პაციენტ ნ. შ-ეს, რომელსაც ინვიტრო განაყოფიერებით განუვითარდა ტყუპით ორსულობა, ორსულობის მე-12 კვირაზე ჩაუტარდა საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი. კასატორმა აღნიშნა, რომ მინისტრის №01-249/ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლის („ნაადრევი მშობიარობის პრევენცია და მართვა“) თანახმად, სერკლიაჟის წარმოება უკუნაჩვენებია მრავალნაყოფიანი ორსულობისას. აგრეთვე, უკუჩვენებას წარმოადგნეს საშვილოსნოს ინფექციები. პაციენტ ნ. შ-ეს ანამნეზში აღენიშნებოდა ქრონიკული ინფექციები, რაც სერკლიაჟის ჩატარების წინ არ გამოკვლეულა. ხსენებული სტანდარტის დარღვევა დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერაც, თუმცა საქალაქო კოლეგიამ ეჭქვეშ დააყენა ი.თ-ის მიმართ გამოყენებული ღონისძიების თანაზომიერება.
კასატორის განმარტებით, ი.თ-მა 2013 წელს ჩაიდინა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი, ვინაიდან მას გააჩნდა დროებითი სამედიცინო საქმიანობის უფლება მხოლოდ „...ში“, ხოლო ფაქტობრივად განახორციელა „მეანობა-გინეკოლოგიაში“, „სამედიცინო რადიოლოგიაში“ და „ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში“. კასატორი აღნიშნავს, რომ ი.თ-მა განახორციელა „საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი“, რაც მეან-გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობაა. აღნიშნული, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების საფუძველს ქმნის. ამდენად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ი.თ-ის მიერ ცირკულარული ნაკერის დადება არ იყო აკრძალული რეპროდუქტოლოგისათვის, როგორც მეან-გინეკოლოგიის მომიჯნავე სპეციალობის წარმომადგენლისათვის.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო უსაფუძვლოდ შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში და საქმის გარემოებათა არასრულფასოვანი შეფასების საფუძველზე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში დაცული მასალები და მოწვეული სპეციალისტი ახსნა-განმარტება ადასტურებს ი.თ-ის მიერ უკანონო საექიმო საქმიანობის განხორცილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, 2020 წლის 01 ივლისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 19 ოქტომბრის №6 სხდომის გადაწყვეტილებით თურქეთიდან მოწვეულ სპეციალისტს, ი.თ-ის სპეციალობაში ,,...’’ გაუგრძელდა 6 თვის ვადით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება შპს ,,აი ვი ეფ’’ ცენტრში. პაციენტ ნ. შ-ისათვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ი.თ-ს გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება ,,რეპროდუქტოლოგიის’’ სპეციალობაში. საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის ოქმი სასამართლო წესით გაასაჩივრა ი.თ-მა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი.თ-ისთვის ,,...ში“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სწორედ ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იქნა ჩატარებული პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №8 სხდომა, სადაც კვლავ განიხილეს ი.თ-ის მიერ ნ. შ-ისათვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები და საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმება კვლავ ადეკვატურ ღონისძიებად იქნა მიჩნეული. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №8 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 79-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების საფუძვლებს. მნიშვნელოვანია, რომ სერთიფიკატის გაუქმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ ვერ დაასაბუთა ი.თ-ის მიმართ გამოყენებული ღონისძიების ადეკვატურობა, თუმცა მოპასუხემ ვერც სადავო აქტით გამორიცხა უფრო მსუბუქი ღონისძიების ეფექტიანობა. მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მითითებებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო წესით არ დაუსაბუთებია თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №8 სხდომაზე სათანადო წესით დაიტერესებული პირის - ი.თ-ის მიწვევა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, თუმცა ამავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი სამართლებრივი შეფასებების განხორციელების დაუშვებლობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე