#ბს-1285(კ-19) 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ი-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-მა 2017 წლის 30 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის #1700 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, მე-... ...ს , #...-ის მიმდებარე არსებულ მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის #1700 განკარგულება და მოპასუხეს, საქმის გარემობათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო განკარგულებით მ. ი-ს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურდა მის მიერ სადავო ტერიტორიის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, კომისიის მიერ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა, აღნიშნული კი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო 2005 წლით დათარიღებული ორთოფოტო, რომელზეც მიუხედავად ფოთლოვანი ნარგავებისა, აშკარად იკვეთებოდა ნაგებობის კონტურები. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის მდგომარეობით არსებობდა შენობა-ნაგებობა. ამასთან, შპს „შეფასების ცენტრის“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნით დგინდებოდა, რომ ქალაქ თბილისში, ..ს ..., ნაკვეთი ...-ის მდებარე ტერიტორიაზე არსებული ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ... კვ.მ შენობა - ნაგებობა 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოადგენდა ნანგრევს, კერძოდ აგურისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოწყობილი საძირკვლის ფრაგმენტებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატებოდა … სმ-ს. დასკვნის თანახმად, შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობა, სავარაუდოდ შეადგენდა … წელზე მეტს. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით, მ. ი-ი დაბადებიდან ცხოვრობდა სადავო ტერიტორიაზე განთავსებულ ქვის შენობაში, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა და მოსარჩელე საცხოვრებლად ხის ნაგებობაში გადავიდა. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება სათანადო წესით არ მომხდარა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას შენობის არსებობა წარმოადგენს. კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის 78-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, შესაბამისად, იმასათვის, რომ ნაგებობა შენობად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა იყოს კაპიტალური სახის. კომისიის მითითებით, მ. ი-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის ობიექტი, რომელის ექცევა „დროებითი შენობის“ და არა „შენობის“ დეფინიციაში, რაც გამორიცხავს ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთან, კასატორის განმარტებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე აღნიშნულია, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია … კვ.მ. ფართობის დროებითი ხის ნაგებობა. კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლისა და 2010 წლის აეროგადაღებებით არ დასტურდება სადავო ტერიტორიაზე რაიმე ნაგებობის განთავსება. კასატორის განმარტებით, ხსენებული გარემოება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას. კომისიის მოსაზრებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლევა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის - მ. ი-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს. სადავო აქტში, მ. ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მითითებულია ის გარემოება, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, სადავო ნაკვეთზე განთავსებულია ხის დროებითი ნაგებობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტის მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. მართალია, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ნაკვეთზე განთავსებულია ხის ნაგებობა, თუმცა საკასაციო პალატა შპს „შეფასების ცენტრის“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნისა და საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის ორთოფოტოს გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ტერიტორიაზე აგრეთვე განთავსებულია გარკვეული ნანგრევები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ამდენად, ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის ნანგრევების არსებობა წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთ საფუძველს.
ამასთან, მოთხოვნილი ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დაკავებისა ფლობის ფაქტი დასტურდება მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნაკვეთზე მდებარე ნანგრევების არსებობის ფაქტი არ გამხდარა კომისიის მსჯელობის საგანი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ არ მომხდარა ნაკვეთის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებული გარემოების გამოკვლევის აუცილებლობა ადასტურებს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (კანონიერების პრინციპი), ხოლო კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე ნანგრევების არსებობის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე