№ბს-350(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 16 ოქტომბერს ც. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომახურების სააგენტოს მიმართ, „იძულებით გადაადგილებული პირისათვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 სექტემბრის №01-253/ო ბრძანების ბათილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მიუღებელი დევნილის შემწეობის - მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2014 წლის 22 მაისიდან დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით - ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-253/ო ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ც. მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელე ც. მ-ის სასარგებლოდ, ზიანის - მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2014 წლის 22 მაისიდან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ც. მ-ის ...ის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 5 ნოემბრის ცნობის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელე ც. მ-ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში. აღნიშნული ცნობა გაიცა ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე. რაც ასევე დაადასტურეს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ე. ბ-მა, მ. გ-მა და ბ. ა-მა. მათი განმარტებით, ისინი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტში და არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოსარჩელე ც. მ-ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტში და მას თითქმის ყოველდღიურად ხედავდნენ.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ც. მ-ის ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხისათვის მიუღებელი შემწეობის გადახდის დავალების თაობაზე, მიუთითა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ''ვ'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. ამავე ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის შეწყვეტითა და დევნილთათვის განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობის მიუღებლობით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რის გამოც, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული მოთხოვნა მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ც. მ-ს საცხოვრებელ მისამართად (სამოქალაქო რეესტრის ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2008 წლის ნოემბრის თვემდე უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, . ...ის ქ. №…. 2008 წლის 04 აპრილს აღებული აქვს პირადობის მოწმობა მითითებული მისამართით. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 25 ნოემბერს აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით: ...ი ...ის ქ.N.... ც. მ-ისთვის 2008 წლის ომამდე საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
კასატორის მითითებით, ც. მ-ის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული პირადი ნომრით დგინდება, რომ მისი პირადი ნომერი იწყება ციფრებით ...- რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის - ქალაქ თბილისის კოდს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ხსენებული პირადობის მოწმობის გაცემის მომენტისათვის, მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ, ც. მ-ი მიჩნეულ იქნა ქალაქ თბილისის მაცხოვრებლად. ამასთან, მას, მოქმედი ნორმატივების თანახმად, მისამართი არ შეუცვლია 2008 წლის ომამდე.
ც. მ-ის მიერ წარდგენილ ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის №780 დასკვნასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა მუნიციპალიტეტებმა ვერ მოახერხეს მუნიციპალიტეტების დოკუმენტაციის ევაკუაცია, ვერ მოხერხდა საკომლო წიგნებისა თუ სხვა პირველადი დოკუმენტაციის გამოტანა, რომელიც დაადასტურებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ამა თუ იმ პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამგვარი დოკუმენტაციის არარსებობისა, მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ უწევთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემა. ვინაიდან მათ ხელთ არ აქვთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება უწევთ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ზეპირი მეხსიერების გამოყენებით. ეს კი საკმაოდ არასარწმუნოს ხდის ამგვარ ინფორმაციას. მითუმეტეს, ზემოხსენებული კომისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებისგან, რომელთაგან თითოეული ნაკლებად, ან საერთოდ არ იცნობს სხვა სოფლის მუდმივ თუ არამუდმივ მაცხოვრებლებს. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სახეზეა იმგვარი მოცემულობა, რომ კომისიის დასკვნას ხელს აწერენ პირები, რომელთათვისაც სტატუსის მაძიებელი პირის არსებობის თაობაზე ზოგჯერ მხოლოდ საკითხის განხილვის დროს ხდება ცნობილი. ამ გარემოების გამო, ზემოხსენებული დასკვნები ხასიათდება ძალიან დაბალი სარწმუნოობით და დამაჯერებლობით. მითუმეტეს, რომ ამგვარ დასკვნებში არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა კომისია ამგვარ დასკვნამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, ეს დასკვნები ხასიათდება სარწმუნოობის ძალიან დაბალი ხარისხით და ისინი გაზიარებულ არ უნდა იქნას, რადგან წინააღმდეგობაში მოდიან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული და გამოკვლეული სხვა, მაღალი სანდოობის მქონე მტიცებულებებთან, მაგალითად ...ის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 29 ოქტომბრის №75976/01 წერილთან, სადაც უშუალოდ, ...ის რწმუნებულზე დაყრდნობით, ...ის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ადასტურებს ც. მ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ...ში 2008 წლის აგვისტომდე. ასევე, ზეპირი სხდომის ოქმში და სამინისტროში ჩატარებული გამოკითხვის კითხვარში გადმოცემულ ინფორმაციებთან.
კასატორის მითითებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორის აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო ოკუპირებული ტერიტორია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად პირად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგენილიყო მოსარჩელის - ც. მ-ის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელე ც. მ-ი 2009 წლის 27 მაისიდან იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დევნილობამდე, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული იყო დაბა ...ი, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 22 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე ც. მ-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
მოსარჩელე ც. მ-მა 2015 წლის 29 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა ...ის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნა და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე ც. მ-ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე, რომელიც მოსარჩელე ც. მ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ითხოვა მისი ბათილად ცნობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ც. მ-ი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1 აპრილის ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ამასთან, აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, მოსარჩელე ც. მ-ის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მეზობლად მცხოვრები პირი, რომელმაც განმარტა, რომ ც. მ-ს იცნობს და 2008 წლამდე მას მუდმივად არ უცხოვრია ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 5 ნოემბრის ცნობის მიხედვით, მოსარჩელე ც. მ-ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ...ში. აღნიშნული ცნობა გაიცა ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 28 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე.
ამასთან, საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ე. ბ-მა, მ. გ-მა და ბ. ა-მა აღნიშნეს, რომ ისინი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტში და არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათი განმარტებით, მოსარჩელე ც. მ-ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტში და მას თითქმის ყოველდღიურად ხედავდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ...ის მუნიციპალიტეტში მოსარჩელე ც. მ-ის 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპოვებული და მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი 2018 წლის 10 სექტემბრის დასკვნის მომზადებისას, არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ც. მ-ის ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, არამედ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ნაწილობრივ ადასტურებდა კიდეც მას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე