№ბს-326(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ. ჯ-ა; ნ. ჩ-ა; გ. ჯ-ას კანონიერი წარმომადგენელები - შ. ჯ-ა და ნ. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 1 მაისს შ. ჯ-ამ, ნ. ჩ-ამ და გ. ჯ-ამ (გ. ჯ-ას კანონიერი წარმომადგენელები - შ. ჯ-ა და ნ. ჩ-ა) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.
მოსარჩელეების განმარტებით, უკანონოდ ეთქვათ უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ქ. თბილისში, .... №..., კორპუსი №...-ში („...ი“) მუდმივად არ ცხოვრების საფუძვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ას, ნ. ჩ-ას და გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჯ-ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, .... N...-ში მდებარე კორპ. №...-ში (ყოფილი ,,...ი“). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ... N..., კორპუსი №... (,,...ი“) მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანებით, შ. ჯ-ას ოჯახს (მეუღლე და ...), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ქ. თბილისში, ... №..., კორპუსი №...-ში (,,...ი“) მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქალაქო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება შ. ჯ-ას, ნ. ჩ-ას და გ. ჯ-ას ქ. თბილისში, ... №..., კორპუსი №...-ში (,,...ი“) ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ 2017 წლის 5 ივნისს სამინისტროს მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილად მითითებულ მისამართზე მისვლისას მოსარჩელეთა ოჯახი ადგილზე არ დახვდა, აღწერის მასალაში ფიგურირებენ მოსარჩელის ნათესავები, მაგრამ არა მოსარჩელის ოჯახი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ინფორმაცია ეხება 2017 წლის ივნისში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, 2017 წლის 5 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობდა განსახლების დროს შ. ჯ-ას ოჯახის ქ. თბილისში, ...ის N...-ში, კორპ. №...-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.
ამდენად, მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააგენტო ეყრდნობა ობიექტის გამოთავისუფლების დროს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას (2017 წლის 5 ივნისს შევსებული აღწერის ფორმა), სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა შენობაში. სასამართლო პროცესზე თავად მოსარჩელე შ. ჯ-ამ დაადასტურა ამ აღწერის ფორმაში ნ. ჯ-ას (მოსარჩელის ...) მიერ მონიტორინგისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა სრულად.
კასატორის აღნიშვნით, არც წყლის და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების და დასუფთავების სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით (რომ ნ. ჯ-ა - მოსარჩელის ... და გ. ჯ-ა - მოსარჩელის ... წარმოადგენენ ცალ-ცალკე აბონენტებს (გადაწყვეტილების 3.6 პუნქტი, მე-4 გვერდი)) ცალსახად არ დასტურდება ობიექტში მოსარჩელის რეალურად ცხოვრების ფაქტი. პირიქით, არცხოვრების ფაქტს ცალსახად ადასტურებს სს „თელასის“ მიერ გაცემული ელექტრო ენერგიის მოხმარების ქვითარი, სადაც ნ. ჯ-ას ოჯახის მიერ სამჯერ უფრო მეტი ელექტრო ენერგიის ხარჯია მითითებული, ვიდრე იმ აბონენტისა, რომელსაც მოსარჩელეები წარმოადგენენ.
კასატორი მიუთითებს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2019 წლის 10 ივლისს გაცემულ ცნობაზე, რომ გაბრიელ ჩაკაბერია (მოსარჩელეთა ...) მათთან რეგისტრირებულია როგორც მაცხოვრებელი ქ. თბილისში, .... N...-ში (გადაწყვეტილების 3.7 პუნქტი, მე-4 გვერდი), პირდაპირ ვერ დაადასტურებს მოსარჩელის ცხოვრებას ამ მისამართზე. სამედიცინო დაწესებულებას პაციენტზე შევსებულ საანკეტო მონაცემებში შეაქვს პაციენტის (ამ შემთხვევაში მისი ...ის) მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის რეალობის შემოწმება სამედიცინო დაწესებულების მიერ არ ხდება. მითუმეტეს, აღსანიშნავია, რომ შ. ჯ-ას რეგისტრაციის მისამართად მართლაც ქ. თბილისი, .... N... აქვს მითითებული, თუმცა, კასატორის აღნიშვნით, დავის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეგისტრაციის მიუხედავად ის ფაქტიურად ამ მისამართზე არ ცხოვრობდა.
კასატორის მითითებით, ვინაიდან თბილისში, .... N... არსებული შენობის მიმართ არსებობდა გარკვეული სახელმწიფო ინტერესი, მოხდა ამ შენობაში მაცხოვრებელი დევნილების განსახლება სხვა საცხოვრებლებში, კრიტერიუმების გარეშე. შენობაში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დადგინდა სამინისტროს (სააგენტოს) შესაბამისი სამსახურების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული მონიტორინგისათვის გაწერილი პროცედურების შესაბამისად.
ამდენად, მოსარჩელე დევნილ ოჯახთან მიმართებითაც მოხდა საკითხის შესწავლა და გამოირკვა, რომ ეს ოჯახი ფაქტიური მდგომარეობით ზემოხსენებულ შენობაში არ ცხოვრობდა, იყვნენ მხოლოდ ფორმალურად რეგისტრირებულები აღნიშნულ შენობაში, თუმცა იქ არ ცხოვრობდნენ. რის გამოც, ისინი ვერ ექცევიან კრიტერიუმების გარეშე საგამონაკლისო წესით დასაკმაყოფილებელ ოჯახთა წრეში და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები საცხოვრებელი ფართებით უნდა დაკმაყოფილდნენ საერთო წესების შესაბამისად - შევსებული აპლიკაციების მიხედვით, დადგენილი კრიტერიუმებით მიღებული ქულების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.
დადგენილია, რომ შ. ჯ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: ...ი, ...ი, ...ის ქ. №..., დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ვაკე, ი. .... N..., ...ი, კორპ. N.... შ. ჯ-ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №...; ნ. ჩ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: ...ი, გალი, ს. ქვემო ბარღები, დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ისანი, შილდის ქ. №16ა. ნ. ჩ-ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №...; გ. ჯ-ას (დაბადებული: თბილისში, 2016 წლის 26 ივლისს) ...ი არიან შ. ჯ-ა და ნ. ჩ-ა. გ. ჯ-ას მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №....
შ. ჯ-ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, .... N...-ში მდებარე კორპ. N...-ში (ყოფილი ,,...ი“). დადასტურებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ... N..., კორპუსი N... (,,...ი“) მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1240/ო ბრძანებით, შ. ჯ-ას ოჯახს (მეუღლე და ...), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ქ. თბილისში, ... №..., კორპუსი №...-ში (,,...ი“) მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებების სადავო აქტების უკანონობასთან მიმართებაში და დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, 2017 წლის 5 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობდა განსახლების დროს შ. ჯ-ას ოჯახის ქ. თბილისში, ...ის N...-ში, კორპ. N...-ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხის განხილვის დროს მოსარჩელეთა ოჯახს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ. ბ-ს ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შ. ჯ-ას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე