Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-4(გ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ზ. მ-ის, თ. მ-ის, ბ. მ-ის და მე. მ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-ემ, თ. მ-ემ, ბ. მ-ემ და მე. მ-ემ 2019 წლის 3 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №12726/21 გადაწყვეტილების, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2019 წლის 4 ივლისის №107-04 ბრძანების, 2015 წლის 14 ივლისის № 46-04 ბრძანების, 2013 წლის 23 მაისის №40/01-06 ბრძანების და 2019 წლის 4 ივლისის №665 ნებართვის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ის, თ. მ-ის, ბ. მ-ის და მე. მ-ის სარჩელი (საქმე №3/9172-19) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში მდებარე უძრავი ნივთზე ს.კ. ... გაცემულ მშენებლობის ნებართვას და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხებს, მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის, სასამართლოთა შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებისას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, თუმცა, განსახილველი დავის შინაარსი გულისხმობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილების საფუძველზე გამოცემული სანებართვო აქტების კანონიერების შემოწმებას.ზ., თ., ბ. და მე. მ-ის სარჩელი არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით გამოცემული აქტის კანონიერებაზე დავას და შესაბამისად, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის, თ. მ-ის, ბ. მ-ის და მე. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისამართს, საქართველოს მთავრობი 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს თბილისი, ...ოს ქუჩა N.... საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1-1/1527 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, მეორე მოპასუხის - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მისამართია თბილისი, ...ს ქუჩა N...შესაბამისად, საქმეზე მოპასუხეებად დასახელებული ორგანოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა, განსჯადობის საერთო წესის დაცვით, მოპასუხეთა ადგილსამყოფელის მიხედვით, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ.

რაც შეეხება ნივთობრივ განსჯადობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი განსჯადობის წესი ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას გამოიყენება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-715-711(გ-17), 2018 წლის 18 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-629-625(გ-17), 2018 წლის 24 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-613-610(გ-17)). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა გათვალისწინებით, სადავო შემთხვევაში ნივთობრივი განსჯადობა გამოყენებული ვერ იქნება. შესაბამისად, საქმეზე რამდენიმე სასამართლოს განსჯადობა არ დასტურდება და მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლიდან გამომდინარე, განსჯადი სასამართლოს არჩევის შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის, თ. მ-ის, ბ. მ-ის და მე. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის, თ. მ-ის, ბ. მ-ის და მე. მ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე