Facebook Twitter

საქმე №ბს-968(კ-20) 10 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - კ. ჯ-ე, ა. ფ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. ჯ-ემ და ა. ფ-ემ 2016 წლის 11 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ისა და ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის N... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კ. ჯ-ეზე და ა. ფ-ეზე, როგორც გაუქმებული კოოპერატივი „...ას“ დამფუძნებლების მემკვიდრეებზე, კოოპერატივ „...ას“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. N...-ში 130,28 კვ.მ) საკუთრების უფლების თანაბარწილად რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით და თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-1163(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენაა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება, კერძოდ, პროცესის მონაწილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამდენად, მხოლოდ საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე პირს შეუძლია, უარი განაცხადოს გასაჩივრებაზე ან უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე... არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული (სადავო) უფლების დასაცავად. მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, მათ აგრეთვე უფლება აქვთ უარი თქვან გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. იმ პირობებში კი, როდესაც დავაზე უკვე გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება, დავა არსებითად ერთხელ უკვე გადაწყვეტილია, არ არსებობს საკასაციო საჩივარზე უარის კანონიერების სასამართლოს მიერ გადამოწმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე. ამასთან, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2020 წლის 27 ოქტომბერს №23702 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 27 ოქტომბერს №23702 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე