Facebook Twitter
#ბს-1084(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
...ი ბს-1084(კ-19) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 10 აგვისტოს არარეგისტრირებულმა კავშირმა „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ...ში მდებარეობს ... წელს აშენებული ...ი, რომელიც საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, რომელიც საბოლოოდ ფაქტობრივად ამორტიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსარჩელის მითითებით, ... წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით, განხორციელდა მითითებული საკულტო ნაგებობის რესტავრაცია, ხოლო განახლებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, ... წელს ...ში განახლდა რელიგიური საქმიანობა.
მოსარჩელის მითითებით, ... წლიდან ...ში ყალიბდება დამოუკიდებელი მმართველობითი ორგანო - ... (საბჭო), რომელიც სხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ინსტიტუტებისაგან დამოუკიდებლად, დემოკრატიულად, მეჩეთის მრევლის ნების გამოხატვის საფუძველზე, ახორციელებს მეჩეთის მმართველობასა და რელიგიური საქმიანობის წარმართვას. მეჩეთის შუქურაში შედიან ახალგაზრდა მორწმუნე მუსლიმები, რომლებიც ყურანის მოთხოვნებსა და დებულებებზე, წმინდა წინასწარმეტყველისა და 12 იმამის საქმეებზე დაყრდნობითა და ამავე პრინციპებზე დაფუძნებით, ახორციელებენ ქ. ...ში მდებარე ...ის სახელობის მეჩეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის, სასულიერო პირის არჩევას და უზრუნველყოფენ მეჩეთის შეუფერხებელ საქმიანობას ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით.
მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც 2004 წლის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციას არ ითვალისწინებდა, საბჭო თავის საქმიანობას არარეგისტრირებული კავშირის ფორმატით ახორციელებდა. საბჭოს 2011 წლის შემდგომაც არ გაუვლია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 19 აგვისტროს #05/18464 მიმართვის საფუძველზე, ...ი სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა. მოგვიანებით, 2014 წლის 31 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს #5/51681 წერილის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #1/746 წერილს ეფუძნებოდა, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არსებობის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა 22 მეჩეთი, მათ შორის, ...ი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პროცესი სრულიად უცნობი იყო არარეგისტრირებული კავშირისათვის, რომელიც ახორციელებს მეჩეთთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. შესაბამისად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა ...ის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაცემა ისეთი რელიგიური ორგანიზაციისათვის, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ფაქტობრივ-სამართლებრივი კავშირი და ლეგიტიმაცია ხსენებული მეჩეთის მმართველობასთან მიმართებით. მოსარჩელის მოსაზრებით, სახელმწიფოს მხრიდან ერთი რელიგიური ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მოქმედი საკულტო ნაგებობის, სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე, სხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის გადაცემა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
ამდენად, მოსარჩელემ ...ის მუნიციპალიტეტში მდებარე ...ის (ს.კ. #...) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #5/51681 მიმართვისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის #1-1/290 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არარეგისტრირებულმა კავშირმა „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის #1-1/290 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნომრების უგულებელყოფას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების - ...ის კონფესიური ისტორიული კუთვნილების საკითხის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების გამოკლევა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივი და განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, აგრეთვე, სხვა პირისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნდა უფლებამოსილება, აღრიცხულიყო მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ, რაც განსახილველი სარჩელისადმი მის იურიდიულ ინტერესს ადასტურებდა.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის #1-1/290 ბრძანებაში ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციიდან (...ის ელექტრო ენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, არარეგისტრირებული კავშირი „...ი“ სხდომის ოქმები, მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტება) და სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილი კორესპოდენციიდან არ დგინდებოდა საჩივრის ავტორის კანონიერი უფლება მეჩეთთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაძლო ბათილობით, სადავო ქონების (მეჩეთი) დაბრუნება სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე გამორიცხავდა საჩივრის ავტორის რაიმე უფლების წარმოშობას აღნიშნულ ქონებაზე, რადგან მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნდა უფლებამოსილება, აღრიცხულიყო მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოიშვას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს და ასევე კერძო სამართლის სუბიექტს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონმდებლობა პირის კერძო სამართლის იურიდიულ პირად მიჩნევისათვის აუცილებელ მოთხოვნად აწესებს იურიდიული პირის რეგისტრაციას. კასატორი ცხადად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არარეგისტრირებული კავშირი „...ი“ არ წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, თუმცა ამავდროულად მიუთითებს, რომ არარეგისტრირებული კავშირის სახელწოდებაში გამოყენება თავისთავად გამორიცხავს სუბიექტის კერძო სამართლის იურიდიულ პირად მიჩნევას.
კასატორი განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სარგებლობის უფლების მოთხოვნის უფლება შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნორმა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ასეთი მოთხოვნის სუბიექტად განხილულ იქნეს მოქალაქეთა გაერთიანება - არარეგისტრირებული კავშირი. კასატორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე და 15091 მუხლის მოთხოვნები და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას მიენიჭა იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა, თუმცა სასამართლომ ამავდროულად მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციად მიჩნევა დამოკიდებულია რეგისტრაციის ფაქტზე.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტში მდებარე ...ის (ს.კ. #...) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #5/51681 მიმართვისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის #1-1/290 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არარეგისტრირებული კავშირის სამართლებრივი ფორმის გამო მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის არარსებობის თაობაზე მსჯელობა ქმნის რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დიფერენცირებულ და იერარქიული მიდგომის არსებობის შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ითვალისწინებს მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაციის იმპერატიულ დათქმას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გაერთიანებების უმთავრესი მიზანი რელიგიური საქმიანობის განხორციელებაა, ხოლო ამ საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონება. საკუთრების უფლების სარგებლობით რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აღმსარებლობისთვის აუცილებელ პირობებს შესაბამისი რელიგიის მიმდევრებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას თანაბრად აქვს სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და მათი რელიგიური მიზნებისთვის გამოყენების ინტერესი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ ...ის განმარტებაზე, რომ რელიგიური გაერთიანება წლების განმავლობაში ახორციელებს რელიგიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს მეჩეთის ფუნქციონირებას სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო ორგანოებისგან დამოუკიდებლად, რაც წარმოადგენს უშუალოდ კავშირისა და მეჩეთის მრევლის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას. არარეგისტრირებული კავშირი რელიგიურ საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ქ. ...ში მდებარე ...ში.
საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმეში წარმოდგენილ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #1/746 რეკომენდაციაზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარმოებაში მიიღო სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მუსლიმური საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების (ოცდასამი მეჩეთი) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენის შესახებ. შუამდგომლობის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, აღნიშნული საკითხი განსახილველად წარედგინა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო კომისიას (2014 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი #1). კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული მეჩეთები მიმდინარე ეტაპზე არის სახელმწიფო საკუთრებაში და არ მიეკუთვნება რომელიმე მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას. ამასთან, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გარდა არც ერთ მუსლიმურ რელიგურ გაერთიანებას არ მოუთხოვია ამ მეჩეთების სარგებლობის უფლებით გადაცემა. აღნიშნული რეკომენდაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მოთხოვნილი იქნა უზრუნველყოფილიყო აღნიშნული მუსლიმური საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების (ოცდასამი მეჩეთი) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სააგენტოს ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას არ აქვს სავალდებულო ძალა, იგი საკითხის შესწავლის შემდეგ რელევანტური ორგანოსთვის ამზადებს რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც შესაბამისი უწყება იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას საკულტო შენობა-ნაგებობის ამა თუ იმ რელიგიური თემისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული კავშირის „...ის“ 2017 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #5/51681 წერილის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო შესწავლის შედეგად მოქმედი საკულტო ნაგებობა - ...ი სახელმწიფომ გადასცა ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც არც სამართლებრივი და არც კონფესიური შემხებლობა არ ჰქონია ამ მეჩეთთან, ამით კი საჩივრის ავტორის განმარტებით, დაირღვა არარეგისტრირებული კავშირი „...ის“ უფლებები. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად სამინისტროს წარედგინა ჯ. კ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ის და რ. ა-ის ახსნა-განმარტებები, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, არარეგისტრირებული კავშირი ...ის წესდება და სხდომის ოქმი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი. ასევე მითითებულია, რომ სადავო აქტიდან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, სამართლებრივი უძრავი ნივთის (საკულტო ნაგებობის) მესაკუთრემ და მფლობელმა შესაძლებელია აუკრძალოს არარეგისტრირებულ კავშირს მეჩეთში რელიგიური საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევა იქნება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამოხატავს სადავო აქტის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #5/51681 წერილი ვერ ჩაითვლება მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის განმაპირობებელ აქტად.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნომრების უგულებელყოფას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების - ...ის კონფესიური ისტორიული კუთვნილების საკითხის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების გამოკლევა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, აგრეთვე, სხვა პირისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ, რაც განსახილველი სარჩელისადმი მის იურიდიულ ინტერესს ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის #1-1/290 ბრძანებაში ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციიდან (...ის ელექტრო ენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, არარეგისტრირებული კავშირი „...ი“ სხდომის ოქმები, მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტება) და სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილი კორესპოდენციიდან არ დგინდება საჩივრის ავტორის კანონიერი უფლება მეჩეთთან მიმართებით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც არ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაძლო ბათილობით, სადავო ქონების (მეჩეთი) დაბრუნება სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე გამორიცხავს საჩივრის ავტორის რაიმე უფლების წარმოშობას აღნიშნულ ქონებაზე, რადგან მოსარჩელეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე