საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-277(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - რ. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. მ-მა 2018 წლის 22 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №... გადაწყვეტილებების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისათვის ა. მ-ის მიერ 2018 წლის 11 აპრილს საკადასტრო კოდზე №... ინიცირებულ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება რ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა. მ-მა გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკმბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ა. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ ა. მ-ის მიერ ინიცირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ზიანი არ ადგებოდა თანამესაკუთრეს - რ. მ-ს, არ იცვლებოდა მისი უფლებრივი მდგომარეობა და შესაბამისად არ არსებობდა თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის აუცილებლობა, რადგან, ა. მ-ის განცხადება შეეხებოდა უკვე განხორციელებული რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზის შესწორებას. კასატორის მოსაზრებით, 2010 წლის 30 სექტემბრის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც განხორციელდა თანასაკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია რ. მ-ის და მაშინდელი მესაკუთრის კარაპეტ მიხოიანის სახელზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებულია ხარვეზი, კერძოდ, არ დაარეგისტრირა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შესასვლელი ნაწილი (5.33 კვ.მ. დამხმარე ფართი), რომლის რეგისტრაციასაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ა. მ-ი 2018 წლის 11 აპრილის განცხადებით ითხოვდა. თანხმობის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტიც, რადგან ა. მ-ის მიერ ინიცირებული სარეგისტრაციო წარმოების დროს არ ხდება საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა, რა დროსაც აუცილებელია უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის თანხმობა.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საზიარო საგნის განკარგვას, შესაბამისად, არასწორად მიაჩნია სასამართლოს შეფასება, რომ არ შეიძლება თანამესაკუთრეს ჩამოერთვას მეორე თანამესაკუთრის ნების გარეშე კანონით გარანტირებული უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი მაინც უნდა გამოეყენებინა და სარჩელი დაეკმაყოფილებინა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ეცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაევალებინა, გარემოებათა ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის სავალდებულოობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავში მოცემული წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. იმავე კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ამასთან, 957-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება. გარდა ამისა, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან) დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ამრიგად, თანამესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ საერთო საკუთრებაში არსებულ ობიექტთან დაკავშირებით რეგისტრირებული უფლების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვს თანამესაკუთრის თანხმობას. იმ შემთხვევაში კი, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად „საჯარო რეესრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ა. მ-ის მიერ 2018 წლის 11 აპრილს წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცახდებას არ ერთვოდა თანამესაკუთრის - რ. მ-ის თანხმობა, თბილისში, ..., მე-... ქუჩა, N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ა. მ-ის განცხადებაზე, თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის მიზნით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. ვინაიდან განმცხადებელმა არ წარადგინა რ. მ-ის თანხმობა, შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მიზეზით, მარეგისტრირებელმა ორგანომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ცალსახად დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას იმ ნივთზე რომელიც მას თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის, მას აუცილებლად უნდა წერედგინა თანამესაკუთრის თანხმობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის განცხადება, არ შეხებოდა რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას, რომლის გამოსწორებასაც ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე