Facebook Twitter

საქმე №ბ-1026-1(ბ-20) 3 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი და შუამდგომლობის ავტორი _ საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოსარჩელე _ ვ. გ-ი

მოპასუხე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლება და აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა 2018 წლის 10 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, მოპასუხისთვის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 992 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა.

2020 წლის 12 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაფუძნებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლს - აღსრულების შეჩერება და მისი ვადები, რომელიც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, პროკურატურა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომლის ქმედებებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში შეფასებული იქნა ისე, რომ იგი სასამართლოს მიერ საქმეში მოწვეული არ ყოფილა. განმცხადებლის მითითებით, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, თუ სასამართლო აფასებდა პროკურატურის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, მაშინ იგი საქმის განხილვაში უნდა ყოფილიყო ჩართული, თუნდაც მესამე პირის სახით, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებად დაასახელა საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედება. განმცხადებელი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო თვლიდა, რომ განსახილველ საქმეში პროკურატურა უნდა ყოფილიყო ჩაბმული, აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა ამ უკანასკნელის მესამე პირად ჩართვის თაობაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ განცხადების შეტანისთვის დადგენილ ერთთვიან ვადასთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №28802 წერილით ეცნობათ ზემოაღნიშნული საქმის თაობაზე, პროკურატურის მხრიდან, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2020 წლის 22 ივლისის №13/41088 წერილით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან გამოთხოვილ იქნა 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჩაბარდა 2020 წლის 28 ივლისს, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში და ამავე კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნა წარმოდგენილი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლზე მითითებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურა აღსრულების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობს. საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებით, თუკი აღსრულდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილება, კერძოდ, ვ. გ-ს გადაერიცხება 314 992 ლარი და საქმის წარმოების განახლების შედეგად შეიცვლება მითითებული გადაწყვეტილება, აღნიშნული გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 314 992 ლარის უკან დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.

ვ. გ-მა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს მოსაზრებები აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებასა და შუამდგომლობას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ. გ-ი მის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებასა და შუამდგომლობაზე წარმოდგენილ მოსაზრებაში პრეტენზიას გამოთქვამს განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ პროკურატურისთვის მოცემული საქმის თაობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვების საფუძველზე, რის გამოც, ვ. გ-ის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ არ არის დაცული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვებით პროკურატურისთვის ცნობილი იყო მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პროკურატურისთვის ცნობილი იყო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი მოტივების შესახებ, პროკურატურა კი წარმოდგენილ განცხადებას სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების მოტივებს აფუძნებს და პრეტენზიას გამოთქვამს აღნიშნული გადაწყვეტილებით გაკეთებულ შეფასებებზე, რის თაობაზეც საქართველოს გენერალურ პროკურატურას, 2020 წლის 22 ივლისის მომართვის საფუძველზე, ოფიციალური წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ეცნობა 2020 წლის 28 ივლისს, შესაბამისად, 2020 წლის 17 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადებით დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

რაც შეეხება წარმოდგენილი განცხადების მოტივებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პროკურატურა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომლის ქმედებებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში შეფასებული იქნა ისე, რომ იგი სასამართლოს მიერ საქმეში მოწვეული არ ყოფილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ პირთა უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და, იმავდროულად, ეს პირები არა მხოლოდ არ იღებდნენ საქმის განხილვაში მონაწილეობას, არამედ ვერც შეიტყონ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. ერთი მხრივ, სწორედ ასეთი პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, განაახლონ საქმის განხილვა, მოითხოვონ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიღებაზეც მათ გავლენა ვერ მოახდინეს და უფლების დარღვევა თავიდან ვერ აიცილეს. დასახელებული ნორმა ადგენს საქმის საგამონაკლისო წარმოების იმ წინაპირობას, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობა პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ პირის უფლებაზე, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. დაინტერესებულ პირებს კანონმდებელი აძლევს დამატებით შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები მათი მონაწილეობის გარეშე და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის გზით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, „ზოგადად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა შეუძლიათ „დაინტერესებულ პირებს“. „დაინტერესებული“ შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებსაც ეხება (შეეხო) გადაწყვეტილება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ მხარე, ისე სხვა პირი.“ „გ“ ქვეპუნქტი ეხება არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელისა თუ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ დავის შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს, როდესაც ვერ მოხდა მათი გამოვლენა და არ/ვერ მოხდა მათი პროცესში ჩართვა, ასევე მესამე პირებს (როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მესამე პირებს), რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომლებიც ასევე არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე. დასახელებული მუხლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-ის სასარგებლოდ 314 991,35 ლარის გადახდა დაევალა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, პროკურატურა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომლის ქმედებებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში შეფასებული იქნა ისე, რომ იგი სასამართლოს მიერ საქმეში მოწვეული არ ყოფილა. განმცხადებლის მითითებით, უზანაესმა სასამართლომ დაადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება.

განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად დასახელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაფუძნებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი კი არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლს - აღსრულების შეჩერება და მისი ვადები, რომელიც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ ეტაპზე, რომელზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება - ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე, არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ქონებაზე აღსრულების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით დადებული ყადაღის გაუქმება - 2017 წელს 20 დეკემბერს წარდგენილ საინკასო დავალებაში №... მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე, წარმოადგენდა ნებაყოფლობითი აღსრულების ეტაპზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებისა და გაცემული საინკასო დავალების იმავე ეტაპიდან შესრულების საფუძველს. ასევე აღინიშნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი №... საინკასო დავალების შესრულება სხვა რაიმე საფუძვლით არ შეყოვნებულა და აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე 2018 წლის 2 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი.

საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სწორედ 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება შესრულდა 2018 წლის 2 მარტს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4 872 406 ლარი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 5 მარტს გამართულ სხდომაზე კასატორმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საინკასო დავალება არ წარმოადგენდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებას და იგი გაიცა მოვალის მიერ გამოხატული ნების - მოთხოვნის ნებაყოფლობით აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 5 მარტს მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ საინკასო დავალება ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის პერიოდში იყო წარდგენილი, როგორც ნებაყოფლობითი აღსრულება; მიღებული გადაწყვეტილება არ დაფუძნებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის №12/3630 განჩინებით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტს მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს პროკურატურის ქმედების შეფასებას, გადაწყვეტილება არ დაფუძნებია აღნიშნულ გარემოებას, მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ არ ეხება პროკურატურის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რაც სავალდებულოს გახდიდა საქმეში მის მონაწილეობას და შესაბამისად, შექმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას, რამეთუ დასახელებული მუხლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებები ვერ შეცვლის საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს გენერალური პროკურატურის მსგავსად, სწორედ წარმოდგენილ განცხადებაში დასახელებულ გარემოებებზე აფუძნებდა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის დასაბუთებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს დასაბუთებული განჩინებით ცალსახად და არაორაზროვნად განემარტა მისი მოთხოვნის უარყოფის მოტივები.

რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას აღსრულების შეჩერების შესახებ, ვინაიდან უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება, შესაბამისად, აღარ არსებობს აღსრულების შეჩერების საჭიროება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის - ვ. გ-ის უმთავრეს ინტერესს სწორედ გადაწყვეტილების დროული აღსრულება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტური აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად. „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 432-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის №ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე