#ბს-929(2კს-20) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 10 მაისს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილებისა და „გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 22 მაისის #311 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება გ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყვეტილიყო წარმოება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების შეწყვეტის ზემოაღნიშნული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 22 მაისის #311 ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ბ-ის მიმართ 2014 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა #000590 მითითება, რომლის თანახმადაც, გ. ბ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ იქნა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ...ს მხრიდან მოწყობილ იქნა ლითონის შვერილები და კაპიტალური კედელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ბ-ის მიმართ 2014 წლის 16 ივნისს შედგენილ იქნა #000590 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ბ-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. სასამართლოს მითითებით, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 8 ივლისს მიღებულ იქნა #000590 დადგენილება, რომლის თანახმადაც, გ. ბ-ე ქ. თბილისში, გ. ...ის ქ N...-ში საცხოვრებელ სახლზე უნებართვო მიშენების (...ს მხრიდან მოწყობილია ლითონის შველერები და კაპიტალური კედელი) განხორციელებისათვის დაჯარიმდა 8 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვო მიშენების (...ს მხრიდან მოწყობილი ლითონის შველერების და კაპიტალური კედლის) დემონტაჟი.
2014 წლის 1 აგვისტოს, გ. ბ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა #12/14213420-14 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილების, 2014 წლის 16 ივნისის #000590 შემოწმების აქტის, 2014 წლის 27 მაისის #000590 მითითების გაუქმებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 22 მაისის #311 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, 2019 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. სასამართლოს მითითებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოები გ. ბ-ის მიერ ნაწარმოებ იქნა 2014 წელს, ხოლო ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება არ იყო აღსრულებული, ვინაიდან იგი გასაჩივრებულ იქნა გ. ბ-ის მიერ. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ გ. ბ-ე არის პენსიონერი და იმყოფება აღრიცხვაზე ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გ. ბ-ე ექვემდებარებოდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონის მიერ გ. ბ-ისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის გაუქმებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანი ამოიწურა, შესაბამისად, სახეზე იყო დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება კერძო საჩვრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ თავად აღნიშნა, რომ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფებას, რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს დავალებული დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლებას. საგულისხმოა, რომ დადგენილებით დაკისრებული დემონტაჟის ვალდებულება არც კანონით გაუქმებულა და არც სასამართლოს მიუთითებია მის უკანონობაზე.
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეესაბამება ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილს. ერთი მხრივ, სასამართლო განმარტავს, რომ სახდელის ნაწილში დავის საგანი ამოიწურა, მეორე მხრივ, საქმის წარმოებას წვეტს სრულად (დემონტაჟის ნაწილშიც).
გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებამ შესაძლოა, სამომავლოდ შექმნას პრობლემა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილების დემონტაჟის ნაწილში აღსრულებასთან, რომლის უკანონობაც არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია.
კერძო საჩივრის ავტორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის, კერძოდ, დემონტაჟის აღსრულების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ქმნის სამართლებრივ შეუსაბამობას, ვინაიდან გასაჩივრებულ განჩნებაში არ არის კონკრეტულად ნახსენები ფრაზა, სადაც აღნიშნებოდა, რომ დანარჩენ, ანუ დემონტაჟის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამშენებლო კანონმდებლობის თანახმად, სადავო დადგენილება ძირითადად შედგება მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულო ორი, კერძოდ, ჯარიმებისა და დემონტაჟის ნაწილისგან. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გახადა გამოცემული აქტის ორივე ნაწილი. სარჩელი კი, არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მოსარჩელე ინტერესს ორივე ნაწილში ინარჩუნებდა, თუმცა სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ შეიქმნა მოლოდინი, თითქოს დავის საგანი არც ერთ ნაწილში აღარ არსებობს.
განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დასახელებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი შეუსაბამოა განჩინების დასაბუთებასთან. თითქოს მხარეებს შორის აღარ არსებობს დავის საგანი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს სარჩელის დაუშვებლობის მოტივი. მის შესახებ კი, პალატა არ მსჯელობს. საქმის განხილვის ეტაპზე, თუ პალატა მიიჩნევდა, რომ შეცვლილი გარემოებების გამო (ჯარიმებზე მიღებული ამნისტია) სარჩელი დაუშვებელი იყო, მაშინ ის უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო განჩინება სარჩელის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ (დაუშვებლობის მოტივით), ხოლო დანარჩენ ნაწილში - სააპელაციო საჩივრის დაკმაყფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად იქნეს განხილული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოსარჩელე გ. ბ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ივლისის #000590 დადგენილება, რომლითაც გ. ბ-ე ქ. თბილისში, გ. ...ის ქ N...-ში საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენების (...ს მხრიდან მოწყობილია ლითონის შვერილები და კაპიტალური კედელი) განხორციელებისავის დაჯარიმდა 8 000 ლარით და მასვე დაევალა ქ. თბილისში, გ. ...ის ქ N...-ში საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. მოსარჩელემ ასევე სადავო გახადა „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 22 მაისის #311 ბრძანება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის სადავო განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება გ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლითაც ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ე ექვემდებარებოდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონის მიერ გ. ბ-ისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის გაუქმებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანი ამოიწურა, შესაბამისად, სახეზე იყო დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
თავდაპირველად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული დადგენილებით უნებართვო მიშენების განხორციელებისათვის გ. ბ-ე დაჯარიმდა 8 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი.
მოსარჩელისთვის დაკისრებულ ჯარიმასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები გ. ბ-ის მიერ ნაწარმოებ იქნა 2014 წელს. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ გ. ბ-ე (დაბადებული ...წ. (პ/ნ ...)) არის პენსიონერი და იმყოფება აღრიცხვაზე ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ გ. ბ-ე კანონის ამოქმედების მომენტისათვის იყო პენსიონერი, ამასთან, გაცემულია ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ იგი იმყოფება აღრიცხვაზე ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი, იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის სუბიექტს, შესაბამისად, არსებობს მისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობა და მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, გ. ბ-ე ნამდვილად ექვემდებარება დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლებას, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება ჯარიმის დაკისრების ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველს ქმნის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.04.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-7(კ-19); 27.02.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-1164(კ-18), 20.12.2019წ. განჩინება საქმეზე #ბს-638-634(2კ-17)).
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ეხება მხოლოდ ჯარიმისა და საურავისაგან გათავისუფლებას და არა - უნებართვოდ განხორციელებულ მიშენების დემონტაჟს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის სადავო განჩინებას, რომლის მიხედვითაც, შეწყდა საქმის წარმოება გ. ბ-ის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე დავა კვლავ მიმდინარეობს და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა არასწორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე