საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-647(3კ-19) 7 დეკემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ .ს-ა
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მესამე პირი) - კ .მ-ი
მესამე პირები - შ.ზ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე, ზ. ზ-ის უფლებამონაცვლეები - მ. ჯ-ე, თ. ზ-ი და თე. ზ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ .ს-ამ 2015 წლის 22 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2002 წლის 27 ნოემბრის №..., 2004 წლის 9 აგვისტოს №..., 2004 წლის 30 იანვრის №..., თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 9 აგვისტოს №..., 2007 წლის 12 ნოემბრის №..., 2008 წლის 7 ოქტომბრის №... და 2010 წლის 7 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ კ .მ-ი, შ. ზ-ე და ზ. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. ზ-ის უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ მ. ჯ-ე, თ. ზ-ი და თე. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით კი, შ. ზ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის უფლებამონაცვლის (პირველი რიგის მემკვიდრის) დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება, თუმცა შ.ზ-ის კონკრეტული უფლებამონაცვლე საქმეზე ვერ დადგინდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ .ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი „ზ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ 2002 წლის 27 ნოემბრის №... და „შ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ 2004 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „კ .მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე“ 2004 წლის 19 ნოემბრის №..., „რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ“ 2007 წლის 12 ნოემბრის №..., 2008 წლის 7 ოქტომბრის №... და 2010 წლის 7 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციუ ლ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ .მ-ის საკუთრების უფლების (ცვლილების) რეგისტრაციისათვის წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და კ .მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ .მ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ .ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 ნოემბრის №..., 2008 წლის 7 ოქტომბრის №... და 2010 წლის 7 ოქტომბრის №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მ .ს-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ... მ2 მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, სადავო რეგისტრაციების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; დანარჩენ ნაწილში მ .ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ .ს-ამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და კ .მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - მ .ს-ა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დატოვა ძალაში შ.ზ-ისა და ზ. ზ-ის საკუთრების უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტები და არც საკადასტრო ინფორმაცია წარუდგენიათ მარეგისტრირებელ ორგანოში. ამასთან, უცნობია მათი მიწის ნაკვეთების საზღვრები და შესაბამისად, შესაძლებელია, რომ სადავო რეგისტრაციების ძალაში დატოვებამ ხელი შეუშალოს მოსარჩელეს საკუთრების უფლების დაცვასა და საჯარო რეესტრში აღრიცხვაში.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი არ არის მოსარჩელის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან იდენტურობის ფაქტი, ვინაიდან ნახაზი არსებობს მხოლოდ ქაღალდის ვერსიის სახით და არ გააჩნია კოორდინატები. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საქმეზე, სხვა პირებთან მიმართებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა საქმის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.
კასატორი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ადასტურებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, არსებითად გადაეწყვიტა საქმე და არ დაეკმაყოფილებინა სარჩელი. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დამატებით შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს.
კასატორი - კ .მ-ი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
კასატორის (მესამე პირის) მოსაზრებით, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთან, სასამართლოებმა არ შეაფასეს ფიზიკური პირის კეთილსინდისიერების ფაქტი. საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა უკანონოდ გამოიყენეს სხვა, სამოქალაქო საქმისთვის მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ .ს-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთებზე შ.ზ-ის, ზ. ზ-ისა და კ .მ-ის საკუთრების უფლებების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2006 წლის 20 მარტამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია კი გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული ყოფილიყო საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მ .ს-ას თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო კ .მ-ის უფლება, რაც გამორიცხავდა ამავე ნივთზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. ამრიგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ თავადვე დაადგინა, რომ ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემების ზედდებას. ასეთ პირობებში კი, განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შესასწავლად, აუცილებელია, განისაზღვროს მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი და შეფასდეს მათი საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტები.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მ .ს-ას სახელზე 1999 წლიდან არის აღრიცხული თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ... მ2 მიწის ნაკვეთი N... (სარეგისტრაციო ნომერი ...). უფლების დამდგენ დოკუმენტს კი წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №19.46.467 დადგენილება.
რაც შეეხება კ .მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დადგენილია, რომ მან 2004 წლის 4 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შ.ზ-ისგან შეიძინა გარდაბნის რაიონში, ...ის ... მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ... ჰა მიწის ნაკვეთი (ს/ნ ...). შ.ზ-ის სახელზე კი მითითებული უძრავი ნივთი აღრიცხული იყო 2004 წლიდან, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 აგვისტოს №2-164-02 გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ კ .მ-ის საკუთრება უძრავ ნივთზე, მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილებით, თუმცა ნივთი მესამე პირის სახელზე აღირიცხა როგორც თბილისში, ...ში მდებარე და აღნიშნული ზონისა და სექტორის გათვალისწინებით, ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - .... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ოქტომბრის №... სადავო გადაწყვეტილებით კი, განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ნივთი კ .მ-ის სახელზე დარეგისტრირდა ახალი კონფიგურაციით.
ასევე დადგენილია, რომ კ .მ-მა 2004 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. ზ-ისგან შეიძინა ...ში, ...ში მდებარე ... ჰა მიწის ნაკვეთი (ს/ნ ...) და დარეგისტრირდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ზ. ზ-ის სახელზე კი უძრავი ნივთი აღრიცხული იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ივლისის №2-192 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, კ .მ-ის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 ნოემბრის №... სადავო გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში და უძრავი ნივთის მისამართად მიეთითა თბილისი, .... გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონისა და სექტორის გათვალისწინებით, ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ....
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ .ს-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და მის სახელზე საკუთრების უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვა წინ უსწრებს მესამე პირების საკუთრების უფლების წარმოშობასა და საჯარო რეესტრში აღრიცხვას. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით საქმეზე №ბს-367-363(კ-12)) და განმარტა, რომ „პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“
საკასაციო პალატა, გარდა საკუთრების უფლებების რეგისტრაციის თარიღებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მ .ს-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი როგორც რეგისტრაციის მომენტისთვის, ისე დღეის მდგომარეობით თბილისში მდებარეობს, ხოლო კ .მ-მა შეიძინა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები, თუმცა მის სახელზე, სადავო აქტებით, ისეთი მიწის ნაკვეთი აღირიცხა, რომელიც იმთავითვე თბილისში მდებარეობდა და არ შედიოდა გარდაბნის საზღვრებში. ამრიგად, გარდაბნისა და თბილისის საზღვრების ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა მესამე პირის სახელზე ამჟამად რეგისტრირებული ქონების მისამართზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი ვერ ასაბუთებს, რა გახდა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და სარეგისტრაციო ზონის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გარდაბნის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე ნივთზე შ.ზ-ისა და ზ. ზ-ის საკუთრების უფლებების რეგისტრაცია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, საზღვრების ცვლილებამდეც თბილისში მდებარე ნივთის გადაფარვას ვერ გამოიწვევდა და შესაბამისად, ...ში მდებარე უძრავ ნივთებზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს არ გააჩნია სათანადო იურიდიული ინტერესი. ამასთან, მ .ს-ას კანონიერი ინტერესის დასაცავად აუცილებელია კ .მ-ის სახელზე თბილისში მდებარე ნივთის აღრიცხვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის, უნდა განსაზღვროს მხარეთა საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს. ამასთან, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა არ გამორიცხავს მესამე პირის კეთილსინდისიერების საკითხს, რადგან მოცემული დავის განხილვის საგანი არ არის კ .მ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონიერება, სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება მესამე პირს საკუთრების უფლებას არ ართმევს, არამედ ავალებს მარეგისტრირებელ ორგანოს მოახდინოს მისი უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად.
რაც შეეხება კასატორის (მესამე პირის) მითითებას სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის თაობაზე, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი ეხება მესაკუთრის რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვას, გამოყენებული ვერ იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (იხ. საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1153(2კ-18)).
ამრიგად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ .ს-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კ .მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - მ .ს-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2019 წლის 25 თებერვლის №1 საგადახდო დავალებით ანა ბაქრაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - კ .მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2019 წლის 5 მარტის №1 საგადახდო დავალებით ნ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 2019 წლის 13 ივნისის №15293 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე