#ბს-845(2კს-20) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 ივლისს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის #002090 დადგენილებისა და „ზ. მ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის #1-1309 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით #3ბ/710-18 ადმინისტრაციულ საქმეზე, აპელანტი - ზ. მ-ე, მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შეჩერდა საქმის წარმოება #3/4719-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 21 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსახილველი საქმის შეჩერებაზე, თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3/4719-18 საქმის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის #002090 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის #1-1309 ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც შეეხებოდა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის ჯარიმის დაკისრებასა და დემონტაჟის განხორციელებას.
პალატის მითითებით, 2019 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას ზ. მ-ის წარმომადგენლის თეა კვიატოვსკის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 იანვრის #641 ოქმით განკარგულება გადაწყვეტილების სახით #335 და #354 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საკუთრების აღიარების თაობაზე, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების შეჩერებისას განისაზღვრება, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ უნდა განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეცეს წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან მიმართებით.
ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოწმდა საქმის წარმოების წინაპირობების არსებობა, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ #3ბ/710-18 ადმინისტრაციულ საქმეზე, აპელანტი - ზ. მ-ე, მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება #3/4719-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენადაც წინამდებარე დავის შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების აღიარება იმ ქონებაზე, რომელზეც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსარჩელე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის დააჯარიმა და მოსთხოვა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტების კანონიერების დადგენამდე შეუძლებელი იყო ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტების კანონიერების საკითხის გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება კერძო საჩვრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას და მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის დავის საგანი განსხვავდება განსახილველი საქმის დავის საგნისგან და მათ ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. კომისიის 2018 წლის 28 თებერვლის #355 და #354 განკარგულებებით ზ. მ-ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების განუხილველად, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის დასახლების მე-... მ/რ-ის #... კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 48 კვ.მ და 225 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის #544 საოქმო გადაწყვეტილებით ზ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კერძო საჩვრის ავტორების მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქონიებს გავლენას განსახილველ საქმეზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელეს რჩება იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის მიმართ, რამდენადაც მითითებულ საქმეზე შესაფასებელია სხვა გარემოებები, კერძოდ, არსებობდა, თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების განუხილევლად დატოვების საფუძველი. განსახილევლ საქმეზე კი, სამშენებლო სამართალდარღვევის განხორციელების ფაქტი, რომელიც მოსარჩელის მიერ ნაწარმოებია საზოგადოებრივ სივრცეში/სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საქმეში დაცული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, კონკრეტულად, სადავო სამშენებლო სამუშაოების იმ მიწის ნაკვეთზე წარმოების ფაქტი, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს მხარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების გაგრძელებას მოითხოვენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება ზ. მ-ის მიერ დაწყებულია „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის #002090 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის #1-1309 ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით სადავო გახადა ზ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გასაჩივრებული განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე (#3ბ/710-18) (აპელანტი - ზ. მ-ე; მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) შეჩერდა საქმის წარმოება #3/4719-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად მართებულად იქნა შეჩერებული მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
დადგენილია, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის #002090 სადავო დადგენილებით, ზ. მ-ე ქ. თბილისში, ...ის დასახლების მე-... მ/რაიონის #... კორპუსის მიმდებარედ (ს/კ #..., #...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების („გ-ბ“ მონაკვეთში შეცვლილია კედლის ზომა, მოწყობილია კარი და ფანჯარა, ხის მოაჯირი და გადახურვა. „ბ-ა“ მონაკვეთში მოწყობილია კაპიტალური მიშენება (3.28X8.83მ) ღიობებით, ასევე „ე-დ“ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია კაპიტალური მიშენება (11.4X8.83მ) ღიობებით. ლითონის კონსტრუქციები და ღობე (სახელმწიფო ტერიტორიაზე და #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე) განხორციელებისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით და მასვე დაევალა ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მ/რაიონის #... კორპუსის მიმდებარედ (ს/კ #..., #...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებელო სამუშაოების დემონტაჟი (ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა). მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 ივნისის #1-1309 ბრძანება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხვა (#3/4719-18) ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაში მოსარჩელეა ზ. მ-ე, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხოლო დავის საგანი - ქალაქ ბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 იანვრის #641 ოქმით განკარგულება გადაწყვეტილების სახით #335 და #354 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საკუთრების აღიარების დავალება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ #3/4719-18 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნილია საკუთრების უფლების აღიარება იმ ქონებაზე, რომელზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისთვისაც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმდა მოსარჩელე და მასვე დაევალა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. პალატის მითითებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტების კანონიერების დადგენამდე, შეუძლებელია ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტების კანონიერების საკითხის გადაწყვეტა.
მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ორი ინსტიტუტის - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული ობიექტის ლეგალიზების მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. აგრეთვე მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. აღსანიშნავია, რომ ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
ამდენად, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების (დაკანონების) შესაძლებლობას.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, საყურადღებოა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
განსახილველი დავის წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე - ზ. მ-ეს დაწყებული აქვს სხვა ადმინისტრაციული დავა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით და არა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების (დაკანონების) თაობაზე, ამასთან დამატებით აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დავაში სადავო აქტები შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ზ. მ-ის განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერებას და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტზე, რომელიც ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტას მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვნელობა, ასევე მითითებული დავის გადაწყვეტამდე საქმეში არსებული გარემოებები იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მნიშნველოვანია იმ თვალსაზრისით, რათა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაჯარიმებული პირის მიერ არაკეთილსინდისიერად არ მოხდეს საქმის წარმოებისა და, შესაბამისად, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის აღსრულების გაჭიანურება.
აღნიშნულთან მიმართებით ასევე საყურადღებოა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიც“ ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადის შეჩერებისთვის აუცილებელ გარემოებად მიიჩნევს მხოლოდ შესაბამისი ორგანოსთვის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების თაობაზე განცხადებით მიმართვას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებს ზ. მ-ისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მას შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე