Facebook Twitter

№ბს-939(კ-20) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 აგვისტოს პ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1155 განკარგულების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №06-8/21249 მიმართვის, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №06-8/1433 მიმართვის, ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ“ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის №02-9/741 ბრძანების (როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/თვითმმართველი ერთეულის №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველების) იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ. ხ-ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1/1-1789 ბრძანების (როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/თვითმმართველი ერთეულის №.... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის) იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ. ხ-ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან, პ. ხ-ას მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი №E1410 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის (ვირტუალური უარი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 2 ოქტომბრის №10-01172751608 წერილის (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი) ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ქ.თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში მდებარე, №... ნაკვეთის მომიჯნავე 544 კვ.მ (646 კვ.მ-ის ნაცვლად) მიწის ნაკვეთის პ. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა; ხოლო მოპასუხეებად ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით პ. ხ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძლა ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-... ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1155 განკარგულება პ. ხ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებულ ნაწილში) და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პ. ხ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვის პროცესში ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნიდა მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ხ-ას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთთან, ნაწილზე კი ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (აღნიშნულ ნაწილში განკარგულება გასაჩივრებული არ არის), რაც სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, რის დასტურადაც მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის №ბს-319-319 (კ-18) განჩინებაზეც, სადაც აღნიშნულია, რომ: „საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება. შესაბამისად, სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპიროებებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიას სათანადოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია პ. ხ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან (აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში).

ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტით არ ირკვევა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რა ნაწილი მოიცავდა სატრანსპორტო ზონას და მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ეთქვა უარი განმცხადებელს იმ საფუძვლით, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო, აღიარების კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოკვლეული იქნეს ეს საკითხი, ვინაიდან სასამართლოს მითითებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებობის ფაქტი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დამაბრკოლებელ გარემოებად საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის.

კასატორის მითითებით, სასამართლო ერთი მხრივ განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი ვერ გახდება დამაბრკოლებელი გარემოება თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არ უთითებს რა გარემოებების საფუძველზე მიიჩნია დადასტურებულად, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს.

ამასთან, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო აქტით არ ირკვევა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ეთქვა უარი განმცხადებელს.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას, რამდენადაც კასატორის მოსაზრებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეობა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაასაჩივრა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია მოსარჩელეს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დაკმაყოფილებულ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1155 სადავო განკარგულების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის №281856 წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა პ. ხ-ას განცხადება, რომლითაც ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... მ/რ, ს/კ ..., 3146.00 კვ.მ) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (სართო ფართობი - 646.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებას. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა პ. ხ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ამასთან კვეთდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ-ის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - უსასყიდლო და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა პ. ხ-ას საკუთრების უფლება.

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ხ-ას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთთან, ნაწილზე კი ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (აღნიშნულ ნაწილში განკარგულება გასაჩივრებული არ არის). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1155 სადავო განკარგულება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია იმ ნაწილში, რომლითაც მას მიწის ნაკვეთის ნაწილზე უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი კვეთდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, საქმის გარემოებების გამოკვლევის ეტაპზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი აზომვითი ნახაზი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში მდებარე, №... ნაკვეთის მომიჯნავე 544 კვ.მ (ნაცვლად 646 კვ.მ) მიწის ნაკვეთის პ. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაცია გამორიცხავს თუ არა მოთხოვნის „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებში მოქცევის შესაძლებლობას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის №ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფარგლები და განმარტა, რომ „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების სტატუსის, მისი მნიშვნელობისა და საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ისტორიული განვითარების მიმოხილვისა და სახელმწიფო საკუთრების ცნების სრულყოფილი განმარტების საფუძველზე, ცალსახად განსაზღვრა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-... მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწა, მათ შორის, მოიცავდა მუნიციპალურ საკუთრებასაც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საკუთრების უფლების აღიარება ამგვარ მიწის ნაკვეთებზე აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნია. ზემოხსენებულ საქმეში განიმარტა, რომ „მუნიციპალური საკუთრება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ნაირსახეობას, თუმცა წარმოადგენს საჯარო საკუთრების დამოუკიდებელ ნაირსახეობას. მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე მათივე საკუთრების უფლების აღიარება, ამ უფლების რეალიზაცია არ ადასტურებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების შეზღუდვას.“ ამავე საქმეზე განიმარტა, რომ „სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც.“

ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ სასამართლო ერთი მხრივ განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი ვერ გახდება დამაბრკოლებელი გარემოება თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არ უთითებს რა გარემოებების საფუძველზე მიიჩნია დადასტურებულად, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №1155 სადავო განკარგულებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ამასთან კვეთდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა პ. ხ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიაზე კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში დადასტურებულია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო საკასაციო სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას არსებითად გადაწყვიტოს სადავო საკითხი, რამეთუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარმოდგენილია მხოლოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე