Facebook Twitter

ბს-1050(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ბ-მა, ბ. ღ-მა, ქ. ღ-მა, რ. ღ-მა და ნ. ღ-მა 28.01.2014წ. სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ა/რ პროკურატურის, ... დ. ფ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: აჭარის ა/რ პროკურატურისათვის, ... დ. ფ-ასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ქ. ბ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 210 000 ლარის, ხოლო თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 25000-25000 ლარის ანაზღაურება, ასევე აწ გარდაცვლილი ქ. ღ-ის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ...ის ქ.N...-ში მდებარე და ქ. ბათუმში, ...ის ქ.N...-ში მდებარე, ნ. ღ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.09.2012წ. დადგენილების საფუძველზე სააღსრულებო საქმის წარმოების განხორციელების აკრძალვა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე, მოსარჩელეებად მიეთითნენ ქ. ბ-ი და ბ. ღ-ი, ამასთანავე, სარჩელი დ. ფ-ას მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, ამ ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განესაზღვრათ მესამე პირის სტატუსი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ა/რ პროკურატურას მოსარჩელე ქ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 210 000 ლარის ოდენობით, აჭარის ა/რ პროკურატურას მოსარჩელე ქ. ბ-ისა და ბ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თითოეულის მიმართ 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატის მითითებით, უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.03.2007წ. ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენებამდე და შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.04.2007წ. ბრძანებით უფლებამოსილების შეჩერებამდე, მოსარჩელე ქ. ბ-ი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქ. ბათუმში, ნოტარიუსად. შემოსავლების სამსახურის 04.06.2018წ. წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად მისი საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა - 36 539.69 ლარს, რაც ასევე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ქ. ბ-ის პირადი აღრიცხვის ბარათებით, საგადასახადო დეკლარაციებითა და შედარების აქტებით. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქ. ბ-ისა და ბ.ღ-ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 20.03.2007 წ., მიმდინარეობდა ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში და დასრულდა 24.04.2013წ. განაჩენით, რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მათ მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მხრიდან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათთვის დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით მაღალი ოდენობის გირაოს და გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების შერჩევა, შრომითი უფლებების შეზღუდვა. პალატა თვლის, რომ მოსარჩელეებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომისთანავე, რადგან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. პალატამ მიუთითა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ქ. ბ-ს იძულებით ჰქონდა შეზღუდული ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ექვსი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური შემოსავლის (რაც შეადგენს 36 539.69 ლარს) მხედველობაში მიღებით, ქ. ბ-ის შემოსავალი იქნებოდა (36 539.69 X 6) 219 238 ლარი. ამდენად სკ-ის 411-ე მუხლის გათვალისწინებით, არსებობს ქ. ბ-ისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. პალატამ მიუთითა აგრეთვე სკ-ის 413-ე, 18.6 მუხლებზე და მიიჩნია, რომ უკანონო ბრალდების დადასტურება ქმნიდა მოსარჩელეთა მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.

კასატორმა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს აგრეთვე მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რადგან არ არის გამოკვლეული ქ. ბ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. #22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა მოსარჩელეთა უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები, ბრალის წაყენება მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკანონო ბრალდება იმთავითვე წარმოშობს მორალურ ზიანს, პირი არ არის ვალდებული ითმინოს უკანონო ბრალდებისაგან გამოწვეული დისკომფორტი, რაც შესაძლოა გამოიხატოს გარკვეული უფლებებით სარგებლობის ხელშეშლაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობის, წაყენებული ბრალდების შინაარსის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა აგრეთვე ქ. ბ-ისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, რადგან საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელე ქ. ბ-ი მრავალი წლის განმავლობაში ქ. ბათუმში ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.03.2007წ. ბრძანებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.04.2007წ. ბრძანებით ქ. ბ-ს შეუჩერდა უფლებამოსილება და მას წლების განმავლობაში - 24.04.2013წ. გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, არ ჰქონდა შესაძლებლობა ეწარმოებინა პროფესიული საქმიანობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 04.06.2018წ. წერილის თანახმად, ბოლო 2004, 2005 და 2006 წლებში (სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2007 წელს) სანოტარო საქმიანობის შედეგად მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა 36539,69 ლარს, რაც ასევე დასტურდება ქ. ბ-ის პირადი აღრიცხვის ბარათებით, საგადასახადო დეკლარაციებითა და შედარების აქტებით. სისხლი სამართლის საქმის განხილვა ქ. ბ-ის მიმართ მიმდინარეობდა 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რის შემდეგაც გამართლდა, ამდენად, საშუალო წლიური შემოსავლის გათვალისწინებით, 6 წლის განმავლობაში ქ. ბ-ი სანოტარო საქმიანობის შედეგად მიიღებდა საშუალოდ 219 238 ლარს, თუმცა სარჩელით მოთხოვნილია მხოლოდ 210 000 ლარის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დასტურდება კონკრეტული ოდენობით ქ. ბ-ისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე