ბს-1098(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტრომ 03.08.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 22.05.2017წ. განკარგულებისა და 09.06.2017წ. საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხივლისას, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ღ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებით სახელმწიფო მიზნად ისახავს მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას. სახელმწიფომ ხელი შეუწყო ფიზიკური პირების მისწრაფებას, შექმნან საკუთარი ქონება. საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთებს ფიზიკური პირების გარკვეული კატეგორიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, კანონი, სხვა დანიშნულების მიწებთან ერთად, ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთებს შორის მოიაზრებს კომლის სარგებლობაში საცხოვრებლად დაკავებულ და სხვა მინიმალური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით დაკავებულ მიწებს. სწორედ ამ მიზნით კანონმა განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ იმ კომლებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, კერძოდ კანონმდებელმა ამ კომლებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცა უსასყიდლოდ (71 მუხ.). პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას ხელი არ შეუშალოს პირს საკუთრებისა და შესაბამისად, საკუთარი კეთილდღეობის შექმნაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012წ. N3/1/512 გადაწყვეტილება, II-37). სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების შეძენის ხელშეშლაში მოიაზრება ასევე იმ სამართლებრივი გზების არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა პირის მიერ საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები მიღებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 10.03.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რა დროსაც ახალი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული იყო სასამართლოს მიერ გადაწყევტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული ფარგლებით. მითითებულ საქმეში ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსის აღიარების მიზნებისათვის, არ იცვლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ღ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას, თუმცა იგი ვერ ჩაითვლებოდა განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც ორგანოს დასკვნა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი საკუთრების უფლება ეღიარებინა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ იქნა გაზიარებული. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.07.2016წ. გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას, რადგან სადავო აქტები მიღებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მსჯელობის გაზიარების პირობებში კი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას შეექმნებოდა საფრთხე, განმცხადებლის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა ევროპულმა სასამართლომ საკუთრების მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების უფლებაში ჩარევად განიხილა (იხ. საქმე ,,ნილსენი და ჯონსენი ნორვეგიის წინააღმდეგ’’). პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ. ღ-ე 1990 წლიდან ფლობს და დღემდე სარგებლობს ქობულეთში, ...ში მდებარე ... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთითა და ... კვ. შენობა-ნაგებობით, რომელსაც იყენებს საცხოვრებელი დანიშნულებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად, რადგან ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა/განკარგვასთან მიმართებით არსებობს სპეციალური მოწესრიგება, რის გამო აჭარის ა/რ ქონებასთან მიმართებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. კომისიის მიერ სადავო აქტის გამოცემისას მიწის ნაკვეთი უკვე იყო აღრიცხული აჭარის ა/რ-ს საკუთრებად. კომისიამ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი, ასევე არ გამოიკვლია გ. ღ-ის მიერ ნაკვეთის დაკავებისა და ნაგებობის აშენების პერიოდი. აღიარების მომენტში მიწის ნაკვეთი აღარ იყო სახელმწიფოს საკუთრება, ქონება სახელმწიფოს მიერ უკვე განკარგული იყო. სააპელაციო პალატის განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (ბს-276-274(კ-16)). კასატორი მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა და არა აღიარების შესახებ აქტის მიღება. სადავო აქტის ძალაში დატოვების შემთხვევაში, ერთი ნაკვეთის მიმართ იარსებებს ორი სუბიექტის პარალელური საკუთრება, რაც დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (იხ. სუსგ 28.10.2019წ. Nბს-504-501(კ-17)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ ქონებაზე გ. ღ-ის საკუთრების აღიარების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი, აღიარების მიზნებისათვის, არ იცვლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ღ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებისას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას, თუმცა იგი ვერ ჩაითვლებოდა განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც ორგანოს დასკვნა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი საკუთრების უფლება ეღიარებინა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ იქნა გაზიარებული. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცა სადავო აქტი. მართალია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კომისიას არ დაევალა კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ შეაფასა აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა და განმარტა, რომ კომისია არ იყო შეზღუდული ასეთ ნაკვეთზე მოეხდინა ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული აქტით, კომისიამ იხელმძღვანელა სასამართლოს განმარტებით და შესაძლებლად მიიჩნია აჭარის ა/რ-ს საკუთრებაში რიცხული ნაკვეთის განკერძოვება. საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში კომისია უგულებელყოფდა გ. ღ-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას, რაც დაუშვებელია, რადგან სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია. კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს 14.07.2016წ. Nბს-276-274(კ-16) განჩინებაზე, განსახილველ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან კასატორის მიერ მითითებულ და განსახილველ დავას შორის არსებობს არსებითი ფაქტობრივი სხვაობა, მოცემულ დავაში კომისიის აქტი მიღებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მის ფარგლებში, რაც კასატორის მიერ მითითებულ საქმეში არ დასტურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აფასებს კომისიის 22.05.2017წ. განკარგულების კანონიერებას და არა ზოგადად აჭარის ა/რ-ის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკითხის მსგავსი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანს, რომელიც აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნის გასაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). ამდენად, ნათელია, რომ კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას (იხ. სუსგ 28.10.2019წ. Nბს-504-501(კ-17)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მათ შორის ადგილზე დათვარიელებით დადგინდა, რომ გ. ღ-ეს ქობულეთში, სოფ. ...ში თვითნებურად აქვს დაკავებული ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებლი სახლი, მრავალწლიანი ...სა და სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღი, მიწა შემოსაზღვრულია ... ღობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომისის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ.ცინცაძე