საქმე №ბს-786(კ-19) 1 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – დ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები – ნ. ბ-ე, ს. ბ-ე, გ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 27 დეკემბერს დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ბოლნისის ფილიალის მიმართ.
მოსარჩელემ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2000 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 19 მაისს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში. მის მამას - შ. ბ-ეს საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი. კომლში ჩაწერილები იყვნენ: მოსარჩელე - დ. ბ-ე, მისი ... - ა. ბ-ე, რომელიც კომლიდან ამოირიცხა 1991 წელს, ... - გ. ბ-ე, რომელიც ასევე ამოირიცხა კომლიდან და 1991 წლიდან ირიცხებოდა ...ის ...ში, ...ის მხარეში. კომლში ასევე ირიცხებოდნენ ... - ე. ლ-ი, ნ. ბ-ე და ... ბ. და ბე.ბ-ები, ასევე ... - ნ. ე-ე, რომელიც 1996 წელს გავიდა კომლიდან.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წელს მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია კომლის ქონებასთან დაკავშირებით და შეიტყო, რომ სისტემური რეგისტრაციის შედეგად კომლის ქონების ნაწილი ს.კ ... იყო დარეგისტრირებული მის ...ზე - ა. ბ-ეზე, რომელიც არ წარმოადგენდა კომლის წევრს და რომელსაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მამის - შ. ბ-ის სახლიდან გამოყოფილი ჰქონდა მხოლოდ 2 ოთხი, ხოლო სახლის მეორე ნაწილი ს.კ ... ...ის - გ. ბ-ის საკუთრებად, რომელიც ასევე არ წარმოადგენდა კომლის წევრს. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო საგადასახადო სია, რომელიც მოსარჩელის განმარტებით არ არსებობდა და ვერც იარსებებდა მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირებზე, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კომლის ქონებას, რომლის წევრიც იყო მოსარჩელე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომლის ქონებაზე გ. და ა. ბ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციით დაირღვა მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლება, რის გამოც მოითხოვს როგორც პირველადი, ისე ყველა შემდგომი რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ბ-ე, ს. ბ-ე და გ. ბ-ე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2000 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2008 წლის 19 მაისს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება, 2014 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილება, 2016 წლის 2 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 26 დეკემბერს მიწის მართვის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... ჰა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის №381 საფუძველზე დაადგინა პ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. მიწის ნაკვეთს მიანიჭა საკადასტრო კოდი ... და შედგა საკადასტრო რუკა.
2000 წლის 27 დეკემბერს მიწის მართვის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... ჰა მიწის ნაკვეთზე საგადასახადო სიის №331 საფუძველზე დაადგინა გ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. მიწის ნაკვეთს მიანიჭა საკადასტრო კოდი ... და შედგა საკადასტრო რუკა.
2008 წლის 19 მაისის ა. ბ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ... შესწორდა სააღრიცხვო ბარათზე ასახული მონაცემები და გაიცა ახალი სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად დაზუსტდა სახელი და მესაკუთრედ ნაცვლად პ. ბ-ისა მიეთითა ა. ბ-ე, მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა ... კვ.მ და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად აღირიცხა შენობა-ნაგებობები და შედგა ახალი საკადასტრო გეგმა, თუმცა საკადასტრო გეგმაში მიწის ფართობად, განსხვავებით სააღრიცხვო ბარათისა მიეთითა ... კვ.მ.
2014 წლის 5 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება და გაცემული იქნა ამონაწერი რომლის თანახმად, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ქონების ს.კ ... მესაკუთრეებად მითითებულ იქნენ ა. ბ-ე და გ. ბ-ე, ხოლო უძრავი ნივთი წარმოადგენდა ... და ... მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად მიღებულ მიწის ფართობს და შენობა-ნაგებობებს.
2014 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ს. ბ-ის განცხადების საფუძველზე მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე ს.კ ... გ. ბ-ესთან ერთად, თანამესაკუთრედ აღირიცხა ს. ბ-ე.
2016 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ს. ბ-ემ და უძრავ ქონებაში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც წარადგინა საარქივო ცნობა №..., გარდაცვალების მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
№... საარქივო ცნობიდან ირკვევა, რომ 1986-1990 წლებში (ჩანაწერი შევსებულია 1996 წლამდე) კომლის უფროსად ჩაწერილია შ. ა-ის ბ-ე. კომლში ირიცხებიან ნ. ი. ე-ე, რომელიც კომლიდან გასულია 20.08.1996 წელს, გ. ბ-ე შ., რომელიც 12.03.1991 წლიდან ჩაწერილია ქ....ში. ა. შ-ს ბ-ე, რომელიც კომლიდან ამოწერილია 06.12.1991 წლიდან, დ. შ-ს ძე ბ-ე (სახელი დ. გადახაზული). ლ. ე-ა მ-ის, ბ. ნ-ა ო-ის , ბ-ე ბ.-ა და ბ-ი გ-ის. ცნობა ინფორმაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არ შეიცავს. საარქივო ცნობიდან ირკვევა ასევე, რომ 1996-2000 წლების მდგომარეობით ნ. ო-ის ბ-ე ქ. ყ-ის შემდეგ წარმოადგენს მის კომლის უფროსს და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ბ-ე ქ. ყ-ის ნ. ო-ის ბ-ე. სარეგისტრაციო დოკუმენტებში განმცხადებლის - ს. ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობა მხარეებმა ვერ წარმოადგინეს, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნა გამორკვეული გარდაცვლილი პირის ვინაობის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 2 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ს.კ ... დარეგისტრირდა ს. ბ-ის საკუთრების უფლება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და ნ. ბ-ის საკუთრების უფლება საგადასახადო სიის #331 საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ს.კ ... მთლიანად დარეგისტრირდა ს. ბ-ის საკუთრებად.
ბოლნისის რაიონის დაბა ...ის სადავო საბჭოს სოფელ ...ის საკომლო წიგნში რეგისტრირებულია შ. ბ-ის კომლი, რომლის წევრებიც 1980-1982 წლების მონაცემებით არიან მეუღლე - ნ. ბ-ე და შვილები გ. ა. და დ. ბ-ები და ე. მ-ის ლ-ი. კომლს ერიცხება 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და ... ჰა მიწის ნაკვეთი. საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით გ. ბ-ე 1991 წლის 12 მარტიდან, ხოლო ა. ბ-ე 1991 წლის 6 დეკემბრიდან ამოწერილი არიან შ. ბ-ის კომლიდან.
საკომლო წიგნის ბოლო 1996-2000 წლების მონაცემებით შ. ბ-ის კომლის წევრებად დარეგისტრირებულები არიან დ. ბ-ე, გ. ბ-ე, ნ. ბ-ე, ბ. ბ-ე და ბე. ბ-ე. ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული ამ პერიოდისათვის არ არის.
ა. ბ-ე, ს. ბ-ე, დ. ბ-ე, გ. ბ-ე და ნ. ბ-ე დაბა ...ის საკრებულოს არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში არ ფიქსირდებიან. ასეთი სია არ მოიძებნა საჯარო რეესტრში.
ა. ბ-ეს და ს. ბ-ეს 1991 წლის 11 ნოემბერს გამოეყოთ 27,0 კვ.მ ერთნახევარი ოთხი დ....ი 9/3 სახლი 11-ში.
შ. ბ-ე (დაბ.... წელს. ბოლნისის რაიონი სოფ....ი) გარდაიცვალა 2001 წლის 12 იანვარს.
სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №21 გ. ბ-ის სახელზე 1995 წლის 15 ნოემბრის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი.
სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,079 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია და აღნიშნულ ქონებაზე №381 საგადასახადო სიის საფუძველზე დადგინდა პ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ... და შედგა საკადასტრო რუკა, რომელშიც მიწის ნაკვეთზე ასევე აისახა შენობა-ნაგებობა, ხოლო 2000 წლის 27 დეკემბერს 0,056 ჰა უძრავ ქონებაზე ს.კ ... დადგინდა გ. ბ-ის ოჯახის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა საგადასახადო სია №331. მიწის ნაკვეთზე შედგა ასევე საკადასტრო რუკა, სადაც აისახა შენობა-ნაგებობა.
საჯარო რეესტრის 2008 წლის 5 მაისის ამონაწერით ირკვევა, რომ დაზუსტდა ... მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის მონაცემები, კერძოდ, აღმოიფხვრა ხარვეზი და შესწორდა მესაკუთრის სახელი, შესაბამისად ნაცვლად პ. ბ-ისა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მიეთითა ა. ბ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად კვლავ მიჩნეულ იქნა საგადასახადო სია №381. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... და შედგა ახალი საკადასტრო გეგმა.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ პირველადი რეგისტრაციით უძრავ ქონებაზე ს.კ ... დადგინდა ა. ბ-ის ოჯახის საკუთრება, ხოლო ს.კ ... გ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიჩნეული იქნა საგადასახდო სია №381 და №331. ორივე რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წელს.
სასამართლოს მითითებით, მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოებდა კანონით „მიწის რეგისტრაციის შესახებ“, რომლის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების ობიექტზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისთვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების რეგისტრაცია მოიცავს ორ მთავარ მოქმედებას: მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, ე.ი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენას და დოკუმენტირებას და ამ ქონებაზე უფლების დადგენას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე ..., ... და ... ა. ბ-ის და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში შედგა საკადასტრო რუკები, სადაც მითითებული იქნა მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები. ე.ი უძრავ ქონებაზე ჩატარდა საკადასტრო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტირებული იქნა საკადასტრო რუკის ფორმით. რაც შეეხება უფლების დადგენას, ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრმა გამოიყენა საგადასახადო სია №381, ხოლო გ. ბ-ის საკუთრების უფლების დადგენისას - #331. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს აღნიშნული დოკუმენტები იძლეოდნენ თუ არა ა. და გ. ბ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ..., ... და შემდგომში ..., ა. ბ-ისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეული იქნა საგადასახადო სია.
სასამართლოს მითითებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნის მიზნით დადგინდა მიწის საკუთრებაში გაფორმების პროცედურა. მითითებული №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება თავისი შინაარსით ადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის პროცედურას და იგი არ ადგენდა და არ განსაზღვრავდა იმ სუბიექტებს, რომელთაც შეეძლოთ საკუთრების უფლების მოპოვება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ე, ს. ბ-ე, დ. ბ-ე, გ. ბ-ე და ნ. ბ-ე დაბა ...ის საკრებულოს არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში არ ფიქსირდებიან. ასეთი სია არ მოიძებნა საჯარო რეესტრში. ამდენად, იმის გათვალიწინებით, რომ სახეზე არ არსებობს საგადასახადო სია, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ დადგინდეს გ. და ა. ბ-ები წარმოადგენდნენ თუ არა იმ სუბიექტებს, რომელზეც შესაძლებელი იყო სადავო ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში (პუნქტი 5). საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა ხდებოდა მხოლოდ რეგისტრირებულ კომლებზე.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში რეგისტრირებული იყო შ. ბ-ის კომლი და გ. და ა. ბ-ები ამ სოფელში ცალკე კომლად რეგისტრირებული არ ყოფილან. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-ე გარდაიცვალა 2001 წელს, ე.ი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის მომენტისათვის შ. ბ-ე, რომელიც იყო კომლის უფროსი, იყო ცოცხალი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის, რომ გ. და ა. ბ-ები 1991 წლიდან არ ირიცხებიან შ. ბ-ის კომლის წევრებად, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციისას უძრავ ქონებაზე ს.კ ..., ასევე 2000 წლის 27 დეკემბერს ს.კ ... განხორციელებული პირველადი რეგისტრაციისას და ს.კ ..., ა. ბ-ისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის მათ კანონიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებობას ან ამ უფლების კანონიერად გადაცემის ფაქტს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2014 წლის 10 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, 2016 წლის 2 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 5 ივნისს მიიღო №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ქონებაზე ს.კ ... (წინა ნომერი ...; ...) დარეგისტრირდა ა. და გ. ბ-ების კომლის საკუთრება. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავ ნივთზე ს.კ ... (წინა ნომერი ...; ...) დარეგისტრირდა გ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკუთრება. დადგენილია, ასევე, რომ 2016 წლის 2 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე ს.კ ... (წინა ნომერი ...; ...) დარეგისტრირდა ნ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკუთრების უფლება, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი გამოყენებული იქნა საგადასახადო სია №331 და სამკვიდრო მოწმობა, თუმცა განმცხადებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო ასევე საარქივო ცნობა №..., საიდანაც ირკვევა, რომ გ. და ა. ბ-ები 1991 წლიდან არ ირიცხებიან შ. ბ-ის კომლში, ხოლო ნ. ბ-ე არის ქ. ყ-ის კომლის უფროსად რეგისტრირებული. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მთლიანად აღირიცხა ს. ბ-ის საკუთრებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა და შეაჯერა საქმესთან დაკავშირებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ სარეგისტრაციო წარმოების საფუძველია განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიაზრება რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო ან სხვა დოკუმენტები.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეყენებინა ის წესი, რომლითაც უნდა დარეგისტრირდეს კომლის ქონება საერთო წესების დაცვით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა სხვადასხვა დროს ისე განახორციელა ტრანზაქციები უძრავ ნივთზე ... (წინა ნომერი ...; ...), რომ საერთოდ არ გამოუკვლევია და მოუპოვებია ინფორმაცია კომლის, მისი ქონებრივი მდგომარეობის და მისი ყველა წევრის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე მიიღო გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, რომ განცხადებებს არ ერთვოდა მოთხოვნილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, უფრო მეტიც, ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ისარგებლა საარქივო ცნობით საიდანაც დასტურდებოდა, რომ ნ. ბ-ე წარმოადგენდა საერთოდ სხვისი - ქ. ყ-ის კომლის უფროსს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო აქტები მიიღო კანონის არსებითი დარღვევის შედეგად, რამაც საფრთხე შექმნა შ. ბ-ის კომლის სხვა წევრების საკუთრების უფლების ხელყოფის.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემა არსებითად ეწინააღმდეგება კანონს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. ბ-ემ და ს. ბ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. ბ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, „სააღრიცხვო ბარათი“ - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც), ხოლო „სარეგისტრაციო მოწმობა“ არის მოწმობა რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის.
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, სააღრიცხვო ბარათით, დადგენილად მიიჩნია რომ საჯარო რეესტრის მიერ პ. ბ-ის და გ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების აღრიცხვა მოხდა პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე და გაცემული იქნა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ ა. ბ-ე, ს. ბ-ე, დ. ბ-ე, გ. ბ-ე და ნ. ბ-ე დაბა ...ის საკრებულოს არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში არ ფიქსირდებიან და ასეთი სია არ მოიძებნა საჯარო რეესტრში ვერ გახდება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან მაშინ მოქმედი კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორედ იქნა განხორციელებული რეგისტრაცია. მიწის რეფორმის ფარგლებში მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა შესაბამისი საგადასახადო სიები (უფლების დამდგენი დოკუმენტები), რომლის საფუძველზეც მოხდა საკუთრების უფლების აღრიცხვა და გაცემულ იქნა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. უფლების დამდგენი დოკუმენტის, საგადასახადო სიის, არ არსებობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვერ მოახდენდა უძრავი ქონების აღრიცხვას (რეგისტრაციას). ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით არ იძებნება საგადასახადო სია არ ნიშნავს იმას, რომ პირველადი რეგისტრაციის დროსაც არ იყო წარდგენილი შესაბამის ორგანოში.
პალატის მითითებით, მოსარჩელე ასევე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 19 მაისს უძრავ ნივთზე ს.კ. ... განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისად შემდგომში განხორციელებული რეგისტრაციები ბათილი იყო როგორც თანმდევი სამართლებრივი შედეგი.
პალატამ საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2008 წლის 19 მაისის ა. ბ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ... შესწორდა სააღრიცხვო ბარათზე ასახული მონაცემები და გაიცა ახალი სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად დაზუსტდა სახელი და მესაკუთრედ ნაცვლად პ. ბ-ისა მიეთითა ა. ბ-ე, მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა ... კვ.მ და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად აღირიცხა შენობა-ნაგებობები და შედგა ახალი საკადასტრო გეგმა, თუმცა საკადასტრო გეგმაში მიწის ფართობად, განსხვავებით სააღრიცხვო ბარათისა მიეთითა ... კვ.მ. 2014 წლის 5 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება და გაცემული იქნა ამონაწერი რომლის თანახმად, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ქონების ს.კ ... მესაკუთრეებად მითითებულ იქნენ ა. ბ-ე და გ. ბ-ე, ხოლო უძრავი ნივთი წარმოადგენდა ... და ... მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად მიღებულ მიწის ფართობს და შენობა-ნაგებობებს. 2014 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ს. ბ-ის განცხადების საფუძველზე მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე ს.კ ... გ. ბ-ესთან ერთად, თანამესაკუთრედ აღირიცხა ს. ბ-ე. 2016 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ს. ბ-ემ და უძრავ ქონებაში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც წარადგინა საარქივო ცნობა №..., გარდაცვალების მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 2 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ს.კ ... დარეგისტრირდა ს. ბ-ის საკუთრების უფლება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და ნ. ბ-ის საკუთრების უფლება საგადასახადო სიის №331 საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ს.კ ... მთლიანად დარეგისტრირდა ს. ბ-ის საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატის მითითებით, საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს, ანუ უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასვლით ძალას კარგავს თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, თუნდაც თავდაპირველი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის გაუქმება ავტომატურად ვერ გამოიწვევს უფლების ახალ შემძენზე რეგისტრაციის გაუქმებას, რამდენადაც უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2016 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და იმ პირობებში, როდესაც არსებობს იურიდიული ძალის მქონე ნასყიდობის ხელშეკრულება, არ არსებობს რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ასევე კანონიერია ყველა ის შემდგომი გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე, რაც მიღებულია უძრავი ნივთის დაყოფასა და გაერთიანების შედეგად, რადგან კანონიერად იქნა განხორციელებული სადავო მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციები.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას და შესაბამისად, ქონების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეყენებინა ის წესი, რომლითაც უნდა დარეგისტრირდეს კომლის ქონება საერთო წესების დაცვით, პალატამ მიუთითა №... საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმადაც 1986-1990 წლებში (ჩანაწერი შევსებულია 1996 წლამდე) კომლის უფროსად ჩაწერილია შ. ა-ის ძე ბ-ე.
კომლში ირიცხებიან ნ. ი. ე-ე, რომელიც კომლიდან გასულია 20.08.1996 წელს, გ. ბ-ე შ-ს, რომელიც 12.03.1991 წლიდან ჩაწერილია ქ....ში. ა. შ-ს ბ-ე, რომელიც კომლიდან ამოწერილია 06.12.1991 წლიდან, დ. შ-ს ძე ბ-ე (სახელი დ. გადახაზული). ლ. ე-ა მ-ის ასული, ბ. ნ-ა ო-ის, ბ-ე ბ.-ა და ბ-ი გ-ის. ცნობა ინფორმაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არ შეიცავს.
საქმეში წარმოდგენილი ბოლნისის რაიონის დაბა ...ის სადავო საბჭოს სოფელ ...ის საკომლო წიგნში რეგისტრირებულია შ. ბ-ის კომლი, რომლის წევრებიც 1980-1982 წლების მონაცემებით არიან მეუღლე - ნ. ბ-ე და შვილები გ., ა. და დ. ბ-ები და ე. მ-ის ლ-ი. კომლს ერიცხება 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და ... ჰა მიწის ნაკვეთი. საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით გ. ბ-ე 1991 წლის 12 მარტიდან, ხოლო ა. ბ-ე 1991 წლის 6 დეკემბრიდან ამოწერილი არიან შ. ბ-ის კომლიდან. საკომლო წიგნის ბოლო 1996-2000 წლების მონაცემებით შ. ბ-ის კომლის წევრებად დარეგისტრირებულები არიან დ. ბ-ე, გ. ბ-ე, ნ. ბ-ე, ბ. ბ-ე და ბე. ბ-ე. ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული ამ პერიოდისათვის არ არის.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ პ. ბ-ის და გ. ბ-ის საკუთრებაში საგადასახადო სიის საფუძველზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს შ. ბ-ის კომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ წარმოუდგენია.
პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საბოლოო საარქივო ცნობის თანახმად საკომლო წიგნის ბოლო 1996-2000 წლების მონაცემებით აღნიშნულ კომლთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული არ არის, შესაბამისად მოსარჩელეს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ წარუდგენია.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დ. ბ-ს საკუთრების უფლება ეზღუდება სადავო რეგისტრაციებით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურმა ს. ბ-ეს მოსთხოვა წარედგინა საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას. ამასთან, კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრმა ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ა. ბ-ე გ. ბ-ის კომლიდან კი არ გავიდა, არამედ, მისი მამის შ. ბ-ის კომლიდან გავიდა 1991 წელს, ასევე კასატორისთვის გაურკვეველია რა სახის არქივის ცნობა იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრში და ადგილი ხომ არ ჰქონდა ცნობის გაყალბებას იმდენად, რამდენადაც ყველა საარქივო ცნობაში ნათლად ჩანს, რომ შ. ბ-ის კომლის საკუთრებაზეა საუბარი და კომლში ჩაწერილები არიან სხვა პირებიც. ან თუნდაც რატომ არ მოითხოვა ვითომდა კომლის წევრის ქ. ყ-ის გარდაცვალების მოწმობა. საჯარო რეესტრმა სრულიად უკანონოდ განახორციელა ნ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და არ დაინტერესდა სად წავიდნენ კომლის წევრები, რომლებიც საარქივო ცნობით 1996 წლამდე მდგომარეობით ჩაწერილები იყვნენ კომლში და არ ამოწერილან.
კასატორის მითითებით, 2016 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს ს. ბ-ემ დაირეგისტრირა მთლიანი ქონება და მიმართა სასამართლოს მისი ოჯახის გასახლების თაობაზე. კასატორის განმარტებით, იგი დაიბადა და გაიზარდა მამისეულ სახლში. მის ...ს ა. ბ-ეს არ ერიცხებოდა არანაირი საცხოვრებელი სახლი და 1999 წელს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მამამისის ანუ სადავო სახლიდან საცხოვრებლად ერთი ოთახი გამოეყო, ხოლო შემდგომ მისმა მეუღლემ ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე დაირეგისტრირა ნახევარი სახლი. ამასთან, ნ. ბ-ემ 1999 წელს თაღლითურად შეიტანა განცხადება მისი ...ის - გ. ბ-ის უგზო უკვლოდ დაკარგულად ცნობის თაობაზე მაშინ, როდესაც გ. ბ-ე იმყოფებოდა ...ში და ამის თაობაზე ცნობილი იყო ნ. ბ-ისთვისაც, მას მუდმივი კავშირი ჰქონდა მეუღლესთან - გ. ბ-ესთან. კასატორის მითითებით, 2001 წელს გ. ბ-ე ჩამოვიდა საქართველოში და ჩამოასვენა მამამისი. 2005 წელს ნ. ბ-ემ გ. ბ-ისგან გამოგზავნილი თანხებით იყიდა საცხოვრებელი სახლი ქ. ყ-ისგან და საარქივო ცნობა, რომელიც წარდგენილია სარეგისტრაციო სამსახურში ნ. ბ-ის ოჯახის შემადგენლობის შესახებ, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნილი იყო ნ. ბ-ის ოჯახის შემადგენლობის ცნობა, რომელიც ირიცხებოდა როგორც მამამთილის შ. ბ-ის კომლში, ასევე 2005 წელს ქ. ყ-ისგან შეძენილ საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩაეწერა და დღემდე ცხოვრობს. ამდენად, კასატორის მტკიცებით, ნ. ბ-ემ სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, ხოლო გ. ბ-ე, როგორც გარდაცვლილი, ამორიცხა კომლის წევრობიდან, ჩაეწერა თვითონ და უძრავი ქონება გაასხვისა მისი გარდაცვლილი ...ის ...ზე - ს. ბ-ეზე, რომელმაც ასევე იცოდა, რომ გ. ბ-ე არ იყო გარდაცვლილი.
ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ 1996-2000 წწ. ნ. ბ-ე ქ. ყ-ის შემდეგ წარმოადგენდა მისი კომლის უფროსს და აღნიშნავს, რომ ს. ბ-ის მიერ წარდგენილი იქნა არა ქ. ყ-ის გარდაცვალების მოწმობა, არამედ გ. ბ-ის გარდაცვალების მოწმობა. ქ. ყ-ის ქონება წარმოადგენს სულ სხვა საკუთრებას, რომელიც შეიძინა ნ. ბ-ემ და ამჟამადაც იქ ცხოვრობს და კავშირი არ აქვს შ. ბ-ის საკუთრებასთან. სადავო უძრავი ქონების ნ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირბით კი კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ის სახელზე ქონების გადაფორმება მოხდა გ. ბ-ის გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე, თუმცა გარდაცვალების შემთხვევაშიც კი ნ. ბ-ის მიერ რეგისტრაციისათვის უნდა წარდგენილიყო სამკვიდრო მოწმობა.
კასატორის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სახლი ეკუთვნობა ...ისს შ. ბ-ეს, რომელიც წარმოადგენდა კომლის უფროსს, სადაც ჩაწერილები იყვნენ ყველანი.
კასატორის მითითებით, მისი ... გ. ბ-ე ცოცხალია და სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციის ბათილობის მოთხოვნით მიმართა, ასევე შეტანილი აქვს განცხადება ბოლნისის პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ შეტანილია სარჩელი ს. და ნ. ბ-ების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ვინაიდან ს. ბ-ე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე.
კასატორის მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თავიდან უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი ქონების მესაკუთრეების შესახებ და ისე განხორციელდეს რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უძრავ ქონებაზე ს.კ ... და ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და ამ ქონების მიმართ, შემდგომში, უფლების გადასვლის თაობაზე მიღებული ყოველი მომდევნო რეგისტრაციების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ 2000 წლის 26 დეკემბერს მიწის მართვის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... ჰა მიწის ნაკვეთზე №381 საგადასახადო სიის საფუძველზე დაადგინა პ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. მიწის ნაკვეთს მიანიჭა საკადასტრო კოდი ... და შედგა საკადასტრო რუკა.
2000 წლის 27 დეკემბერს მიწის მართვის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... ჰა მიწის ნაკვეთზე №331 საგადასახადო სიის საფუძველზე დაადგინა გ. ბ-ის ოჯახის საკუთრება. მიწის ნაკვეთს მიანიჭა საკადასტრო კოდი ... და შედგა საკადასტრო რუკა.
2008 წლის 19 მაისის ა. ბ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ... შესწორდა სააღრიცხვო ბარათზე ასახული მონაცემები და გაიცა ახალი სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად დაზუსტდა სახელი და მესაკუთრედ ნაცვლად პ. ბ-ისა მიეთითა ა. ბ-ე, მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა ... კვ.მ და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად აღირიცხა შენობა-ნაგებობები და შედგა ახალი საკადასტრო გეგმა, თუმცა საკადასტრო გეგმაში მიწის ფართობად, განსხვავებით სააღრიცხვო ბარათისა მიეთითა ... კვ.მ.
2014 წლის 5 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება და გაცემული იქნა ამონაწერი რომლის თანახმად, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავი ქონების ს.კ ... მესაკუთრეებად მითითებულ იქნენ ა. ბ-ე და გ. ბ-ე, ხოლო უძრავი ნივთი წარმოადგენდა ... და ... მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად მიღებულ მიწის ფართობს და შენობა-ნაგებობებს.
2014 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ს. ბ-ის განცხადების საფუძველზე მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე ს.კ ... გ. ბ-ესთან ერთად, თანამესაკუთრედ აღირიცხა ს. ბ-ე.
2016 წლის 2 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე ს.კ ... (წინა ნომერი ...; ...) დარეგისტრირდა ნ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკუთრების უფლება, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი გამოყენებული იქნა საგადასახადო სია №331 და სამკვიდრო მოწმობა, თუმცა განმცხადებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო ასევე საარქივო ცნობა №..., საიდანაც ირკვევა, რომ გ. და ა. ბ-ები 1991 წლიდან არ ირიცხებიან შ. ბ-ის კომლში, ხოლო ნ. ბ-ე არის ქ. ყ-ის კომლის უფროსად რეგისტრირებული. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მთლიანად აღირიცხა ს. ბ-ის საკუთრებაში.
ამდენად, პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო სიები, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირებზე, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კომლის ქონებას, რომლის წევრიც იყო მოსარჩელე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომლის ქონებაზე გ. და ა. ბ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციით დაირღვა მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლება, რის გამოც მოითხოვს როგორც პირველადი, ისე ყველა შემდგომი რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოებდა კანონით „მიწის რეგისტრაციის შესახებ“. მითითებული კანონის მიზანს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კანონის მიზნის შესაბამისად დადგინდა მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის წესი. მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე; ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების ობიექტზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისთვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები. ამდენად, უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების რეგისტრაცია მოიცავდა ორ მთავარ მოქმედებას: მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, ე.ი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენას და დოკუმენტირებას და ამ ქონებაზე უფლების დადგენას.
საქმეზე დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე (..., ... და ...) ა. ბ-ის და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში შედგა საკადასტრო რუკები, სადაც მითითებული იქნა მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები. ე.ი უძრავ ქონებაზე ჩატარდა საკადასტრო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტირებული იქნა საკადასტრო რუკის ფორმით. რაც შეეხება უფლების დადგენას, ა. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრმა გამოიყენა საგადასახადო სია №381, ხოლო გ. ბ-ის საკუთრების უფლების დადგენისას - საგადასახადო სია №331. ამდენად, ა. ბ-ისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეულ იქნა საგადასახადო სია.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნის მიზნით დადგინდა მიწის საკუთრებაში გაფორმების პროცედურა. მითითებული №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ. ამდენად, მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
საქმეზე დადგენილია, რომ ა. ბ-ე, ს. ბ-ე, დ. ბ-ე, გ. ბ-ე და ნ. ბ-ე დაბა ...ის საკრებულოს არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში არ ფიქსირდებიან. ასეთი სია არ მოიძებნა საჯარო რეესტრში.
მართალია, ის გარემოება, რომ ა. ბ-ე, ს. ბ-ე, დ. ბ-ე, გ. ბ-ე და ნ. ბ-ე დაბა ...ის საკრებულოს არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში არ ფიქსირდებიან და ასეთი სია არ მოიძებნა საჯარო რეესტრში, თავისთავად არ იწვევს სადავო აქტების ბათილად ცნობას, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც სადავოდ არის ქცეული აღნიშნული საგადასახადო სიების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები და მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ქონება კომლის საკუთრებას წარმოადენდა, აღნიშნული გარემოება ქმნის საფუძვლიან ეჭვს სადავო რეგისტრაციების კანონიერების თაობაზე.
საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში (პუნქტი 5). საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა ხდებოდა მხოლოდ რეგისტრირებულ კომლებზე.
საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე; საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებდა ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნოდათ მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; ხოლო 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის. ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში რეგისტრირებული იყო შ. ბ-ის კომლი და გ. და ა. ბ-ები ამ სოფელში ცალკე კომლად რეგისტრირებული არ ყოფილან. დადგენილია ასევე, რომ შ. ბ-ე გარდაიცვალა 2001 წელს, ე.ი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის მომენტისათვის შ. ბ-ე, რომელიც იყო კომლის უფროსი, იყო ცოცხალი.
ასევე დადგენილია, რომ გ. და ა. ბ-ები 1991 წლიდან არ ირიცხებიან შ. ბ-ის კომლის წევრებად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციისას უძრავ ქონებაზე ს.კ ..., ასევე 2000 წლის 27 დეკემბერს ს.კ ... განხორციელებული პირველადი რეგისტრაციისას და ს.კ ..., ა. ბ-ისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის მათ კანონიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებობას ან ამ უფლების კანონიერად გადაცემის ფაქტს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1999 წელს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სახლიდან საცხოვრებლად ერთი ოთახი გამოეყო ა. ბ-ეს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 1999 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ბინა შ. ბ-ეს ეკუთვნობა და დამატებით ადასტურებს სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან საკითხის კვლევის საჭიროებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ მართალია, 1996-2000 წლების მონაცემებით აღნიშნულ კომლთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბოლნისის რაიონის დაბა ...ის სადავო საბჭოს სოფელ ...ის საკომლო წიგნში რეგისტრირებულია შ. ბ-ის კომლი, რომლის წევრებიც 1980-1982 წლების მონაცემებით არიან მეუღლე - ნ. ბ-ე და შვილები გ., ა. და დ. ბ-ები და ე. მ-ის ლ-ი. კომლს ერიცხება 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და ... ჰა მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო რეგისტაციების განხორციელებისას სათანადოდ არ გამოურკვევია კომლის შემადგენლობის შესახებ, რომლებიც საარქივო ცნობით 1996 წლამდე მდგომარეობით ჩაწერილები იყვნენ კომლში და არ ამოწერილან.
ასეთ პირობებში კი, საგადასახადო სიების მოუძიებლობით, სარეგისტრაციო სამსახურმა პრაქტიკულად ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ რეგისტრაცია განხორციელდა საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად, შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა სხვადასხვა დროს ისე განახორციელა რეგისტრაციები უძრავ ნივთზე ... (წინა ნომერი ...; ...), რომ არ გამოუკვლევია და მოუპოვებია ინფორმაცია კომლის, მისი ქონებრივი მდგომარეობის და მისი ყველა წევრის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურმა ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ისარგებლა საარქივო ცნობით, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ნ. ბ-ე წარმოადგენდა საერთოდ სხვისი - ქ. ყ-ის კომლის უფროსს. ამდენად, საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო აქტები მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი კვლევის გარეშე, რამაც საფრთხე შექმნა შ. ბ-ის კომლის სხვა წევრების საკუთრების უფლების ხელყოფის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №21 გ. ბ-ის სახელზე 1995 წლის 15 ნოემბრის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი. კასატორის მითითებით, მისმა ...მ გ. ბ-ემ სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციის ბათილობის მოთხოვნით მიმართა, ასევე შეტანილი აქვს განცხადება ბოლნისის პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო საკითხის დამატებით კვლევისა და შეფასების საჭიროებას, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხელახლა უნდა იქნეს შესწავლილი ქონების მესაკუთრეების შესახებ და ისე განხორციელდეს შესაბამისი რეგისტრაცია.
2016 წლის 19 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მთლიანად აღირიცხა ს. ბ-ის საკუთრებაში, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ ხდის ს. ბ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევას და მიუთითებს, რომ ს. ბ-ემ იცოდა, რომ გ. ბ-ე არ იყო გარდაცვლილი. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული საფუძვლით იგი სადავოდ ხდის ს. და ნ. ბ-ების ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამასთან, უდავო ფაქტს წარმოადგენს, რომ გ. ბ-ე ცოცხალია და არ გარდაცვლილა, რომელიც ასევე დავობს ს. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებაზე. ყოველივე აღნიშნული კი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასევე ბათილად ცნოს აღნიშნული რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა და შეაჯერა საქმესთან დაკავშირებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ სარეგისტრაციო წარმოების საფუძველია განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიაზრება რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო ან სხვა დოკუმენტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
თავის მხრივ, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2000 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2008 წლის 19 მაისს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება, 2014 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილება, 2016 წლის 2 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 400 (100+300) ლარის ოდენობით (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2000 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2000 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2008 წლის 19 მაისს განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...), 2014 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება, 2014 წლის 10 ივლისის №... გადაწყვეტილება, 2016 წლის 2 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და 2016 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება;
5. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის (100+300) ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე