ბს-591(კ-20) 18 იანვარი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-ემ 11.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 10.04.2018წ. N949 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. ქ-ისათვის დევნილი სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთვნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 10.04.2018წ. N949 ბრძანება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ქ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ცნობა პირდაპირ არ ადასტურებს ნ. ქ-ის ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელეს შესაძლოა ჰქონოდა უძრავი ქონება თბილისში, რაც იმთავითვე არ ადასტურებს ქ. თბილისში მუდმივ ცხოვრებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.01.2018წ. ცნობაზე, რომლის თანახმად, ნ.ქ-ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში. ამდენად, პალატამ მიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნ. ქ-ის ახალგორის რაიონში, სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2019წ. განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, რა დროსაც დადგინდა, რომ ნ. ქ-ის შვილები დაიბადნენ და სკოლა დაამთავრეს ქ. თბილისში, მოსარჩელის მეუღლე მუშაობს ქ. თბილისში, 2005 წელს ნ. ქ-ის ოჯახმა ქ. თბილისში შეიძინა საცხოვრებელი ბინა. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2018 წელს გაცემული ცნობა ნ. ქ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2005 წლიდან დღემდე მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში. 2008 წლამდე მოსარჩელის ახალგორის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არასარწმუნოა აგრეთვე ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმეში დაცულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.01.2018წ. ცნობა, რომლის თანახმად ნ. ქ-ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ცნობაში მითითებული ინფორმაციის უსწორობას არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 06.03.2018წ. მიმართვა, რომლის მიხედვით ნ. ქ-ე ...-... წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში, რადგან აღნიშნული მიმართვა შედგენილია მხოლოდ ერთ პირთან, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N...-ში მცხოვრებ ე. ტ-ან გასაუბრების შედეგად. მართალია ე. ტ-ი ადასტურებს, რომ ნ. ქ-ე ...-... წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ იგი პერიოდულად მიდიოდა სოფელში, ახალგორის რაიონში. ქ. თბილისში პერიოდულად ცხოვრება იმთავითვე არ გამორიცხავს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის რაიონის სოფ. ...ის მიჩნევას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. N...-ში მდებარე ბინა 2005 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა არა ნ. ქ-ემ, არამედ მისმა შვილმა.
კასატორის მითითება ნ. ქ-ის შვილების ქ. თბილისში დაბადებაზე, განათლების მიღებაზე და ნ. ქ-ის მეუღლის ქ. თბილისში ცხოვრებაზე, აგრეთვე არ ადასტურებს უტყუარად ნ. ქ-ის ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რადგან შესაძლებელია ოჯახის წევრები სხვადასხვა ფაქტობრივ მისამართებზე ცხოვრობდნენ. სკ-ის 1157-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მეუღლეს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. გასათვალისწინებელია აგრეთვე მოსარჩელის მითითება (მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული გასაუბრებისას), რომ 1990 წლიდან დღემდე ეწევა ფერმერულ საქმიანობას (ჰყავს ცხვარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე