ბს- 887(კ-19) 18 იანვარი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 20.04.2016წ., 23.05.2016წ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.07.2016წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისასთვის ე. ი-ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. გადაწყვეტილებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ი-ს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 23.05.2016წ. გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.07.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 23.05.2016წ. გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.07.2016წ. გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, კერძოდ: არ დაადგინა მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში უკვე აღრიცხული სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლები, ასევე არ გამოიკვლია მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის კავშირი უკვე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია აღნიშნული მიწის ნაკვეთის და 70 კვ.მ. ფართის მქონე სახლის ადგილმდებარეობა, სახლზე უფლების მქონე პირი. საჯარო რეესტრის სადავო აქტები დაუსაბუთებელია, მათი გამოცემა მოხდა სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, ე. ი-ის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სამ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართებია: 1629 კვმ., 1667 კვ.მ. და 3070 კვ.მ., ამდენად, ჯამურად მათი ფართი აღემატება 4000 კვ.მ. ფართს, რომელიც ე. ი-ის კომლს ერიცხება. ამდენად, ე. ი-ის კომლის სახელზე რიცხული ფართი სრულად რეგისტრირებულია. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები ვერ დარეგისტრირდება ამ ნაკვეთებზე არსებული სხვადასხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის ჯამური მონაცემების მიხედვით, ვინაიდან დოკუმენტაცია ავსებს ერთმანეთს. სააღრიცხვო ბარათები და საკომლო წიგნში ჩანაწერები არ ქმნის განსხავებულ უფლებადამადგენ დოკუმენტაციას. სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ნაკვეთების სხვადასხვაობა. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე სახლზე ე. ი-ს უფლებადამდგენი დოკუმენტი არ აქვს. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.
საქმის მასალების მიხედვით ე. ი-ის, მისი კომლის საკუთრებაში ირიცხება სოფელ დიდ დმანისში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი, ე. ი-ის კომლის საკუთრებაში რიცხული 1629 კვ.მ. და 1667 კვ.მ. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლებადამდგენ დოკუმენტად მითითებულია N528 მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მესამე - 3070 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ე. ი-ის კომლის საკუთრებაში აღრიცხულია N339 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამასთანავე, აღნიშნული ნაკვეთი თავდაპირველად აღირიცხა ი. ო-ის ოჯახის საკუთრებად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ე. ი-ი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312-ე მუხ.), აღნიშნული მონაცემები მიიჩნევა სრულად და მართლზომიერად. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნულ ნაკვეთებზე განხორციელებული რეგისტრაციები არ მოიცავს რაიმე ინფორმაციას 70 კვ.მ. ფართის ნაგებობაზე.
საქმის მასალების მიხედვით, 2016წ. ე. ი-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლებადამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იქნა 14.04.2016წ. საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით 1986-1996 წლების საკომლო წიგნებში ე. ი-ი კომლის უფროსად არ ფიქსირდება, თუმცა იგი ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია შ. ო-ი, კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან შ. ო-ის ცოლი, რძალი და შვილიშვილი; კომლს პირად საკუთრებაში 1986 წლის მონაცემებით ერიცხება 1970 წელს აშენებული 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,2 ჰა მიწის ფართობი; 1997-2009 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ე. ი-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მისი ცოლი და სამი შვილი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1970 წელს აშენებული 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,4 ჰა მიწის ფართობი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული საარქივო ცნობა არ ქმნის მასში მითითებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, რადგან ცნობის მიხედვით კომლს გამოეყო 0,4 ჰა მიწის ფართი, რაც ჯამურად რეესტრში უკვე აღრიცხულია ე. ი-ის კომლის საკუთრებად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მითითებული მოსაზრება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, არ ეფუძნება შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რადგან ე. ი-ის კომლის სახელზე უკვე განხორციელებული რეგისტრაციების საფუძვლად მითითებულია ორი მიღება- ჩაბარების აქტი. 1986 წლის საკომლო ჩანაწერი ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის გაცემაც ხდებოდა მიწის ფართის დადგენილ ნორმამდე შესავსებად. კასატორს არ დაუდგენია კონკრეტულ ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთების ფართობის ნორმა. კასატორი ვერ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთები სრულად მოიცავს საკომლო წიგნში, საარქივო ცნობაში მითითებულ მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს. მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუდგენია საარქივო ცნობაში მითითებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, არ შეუდარებია მისი და უკვე რეგისტრირებული ნაკვეთების ურთიერთგანლაგება, არ გამოუკვლევია მოთხოვნილ ნაკვეთზე უფლების მქონე პირები, არ შეუსწავლია მისი მდებარეობა, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხ.). ამასთანავე, უკვე რეგისტრირებული და საკომლო ჩანაწერში მითითებული ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების შემთხვევაშიც, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უმსჯელია საცხოვრებელი სახლის, მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლებზე ან მის გამომრიცხავ გარემოებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.07.2019წ. N21439 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე