ბს-808(კ-20) 25 იანვარი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-მა 03.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 05.04.2019წ. N475 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის რ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 05.04.2019წ. N475 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. დ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს კანონის ამოქმედებამდე მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა რ. დ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე, თუმცა პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ ადასტურებდა ადმინისტრაციული წარმოების სათანადოდ ჩატარებას და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევას. სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების მიზნით რ. დ-ის მიერ წარდგენილი იქნა რიგი მტკიცებულებები, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული, კერძოდ, სადავო განკარგულებაში მოპასუხე უთითებს, რომ შენობა, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ფიქსირდება მხოლოდ 2010 წლიდან და არ ჩანს 2005 წლის ორტოფოტოზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე ჩანს ორი შენობა, რომელთაგან ერთზე მოსარჩელე მიუთითებდა რომ იყენებდა საცხოვრებლად (სადავო მიწის ნაკვეთის მარჯვენა ზედა კუთხეში), ხოლო მეორესთან მიმართებით განმარტა, რომ წარმოადგენდა სათავსოს (სადავო მიწის ნაკვეთის მარცხენა ქვედა კუთხეში). პალატამ ყურადღება გაამახვილა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.11.2019წ. დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2005 წლის ორთოფოტოზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფიქსირდება შენობა - ნაგებობა, თუმცა აღნიშნული შენობის გაბარიტული ზომები უფრო მცირეა, ვიდრე დღეისათვის ფაქტობრივად არსებული შენობის გაბარიტული ზომები, სავარაუდოდ, 2005 წლის შემდგომ, მასზე განხორციელებულია მიშენება ან მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და აშენდა ახალი. პალატამ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს, რომ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა განცხადების წარდგენის დროისათვის ზუსტად იგივე მდგომარეობაში უნდა იქნეს შენარჩუნებული, როგორც არსებობდა კანონის ამოქმედების დროს და არ უკრძალავს მფლობელს, მასზე რეკონსტრუქციის განხორციელებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც შენობის იერსახის, ასევე მისი გაბარიტების ცვლილება, მთავარია განმცხადებელმა დაადასტუროს ასაღიარებელ ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე ნაგებობის არსებობა. პალატის მოსაზრებით კომისიამ არ შეაფასა აგრეთვე მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვით რ. დ-ი 2001 წლიდან ფლობდა სადავო ნაკვეთს. გასათვალისწინებელია აგრეთვე შპს „ე...-ის“ მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, არ დადგინდა რ.დ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, რადგან 2005 წლის ორთოფოტოზე შენობა არ ფიქსირდება. კასატორის მოსაზრებით შპს „ე...-ის“ დასკვნა არასარწმუნოა, რადგან მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორი მიიჩნევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ რ.დ-ის მიერ მითითებული ნაკვეთის ნაწილი ი. ს-ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ექცევა. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ქ. თბილისში, ...ის მე-... ...ში, სახლი N...-ის მიმდებარედ არსებულ 166 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე რ. დ-ს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კომისიამ მიიჩნია, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით არ დგინდებოდა უფლებაასაღიარებელ ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვით, 2005 წლის ორთოფოტოზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, თუმცა აღნიშნული შენობის გაბარიტული ზომა უფრო მცირეა, ვიდრე დღეისათვის ფაქტობრივად არსებული შენობის, სავარაუდოდ 2005 წლის შემდგომ, მასზე განხორციელდა მიშენება ან მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და აშენდა ახალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ არსებული შენობა-ნაგებობის ადგილზე 2005 წლისათვის არსებობდა შენობა-ნაგებობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის აუცილებელია დადგინდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს შემდგომში ნაგებობის რეკონსტრუქციას, მისი გაბარიტების ცვლილებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ორთოფოტოებსა და ფოტოსურათებზე, რომელთა მეშვეობით დასტურდება ამჟამად ნაკვეთის შემოღობვის, მასზე მრავალწლიანი ნარგავებისა და ნაგებობის არსებობის ფაქტი. გასათვალისწინებელია შპს „ე...-ის“ დასკვნა, რომლის მიხედვით, ნაკვეთზე განთავსებული შენობის ტერიტორიაზე მდებარე, წლების მანძილზე კოროზირებული კონსტრუქციების, შემომზღუდავი ღობის, მრავალწლოვანი ნარგავების ვიზუალური დაკვირვებით, ნაგებობის, ნაკვეთზე განთავსებული და მისი შემომზღუდავი კონსტრუქციების ხანდაზმულობა ეჭვგარეშეა, ანუ რ. დ-ი მათ ფლობს და სარგებლობს წლების განმავლობაში. ამასთანავე, მოწმეების: ც. ბ-ის, ლ. დ-მისა და ი. ს-ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების მიხედვით, რ. დ-ი 2001 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით. მოწმეებმა აგრეთვე წერილობით გამოთქვეს თანხმობა რ. დ-ის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების თავის სახელზე რეგისტრაციაზე.
საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად კომისიამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია ი. ს-ის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომისიას არ დაუდგენია ნაკვეთის კონკრეტულად რა ნაწილი ექცევა მეზობელი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ფარგლებში და არ დაუსაბუთებია ნავეთის დანარჩენ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნვს, რომ კომისიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება ან სრულად უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე, არამედ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელთან მიმართებითაც დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული წინაპირობების არსებობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არ გამოირიცხება განმცხადებლის მოთხოვნის ან მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირების შესაძლებლობა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ.ცინცაძე