Facebook Twitter

#ბს-1074(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 8 თებერვალს ვ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი იძულებით გადაადგილებულია. მოსარჩელე 2010 წლიდან, მშობლებთან ერთად, ცხოვრობს ქ. თბილისში. 2014 წლის 28 აგვისტომდე ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის .... #17-ში არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტში. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 28 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელის ოჯახს შორის გაფორმდა შეთანხმება მასზედ, რომ ოჯახი სამინისტროს მოთხოვნით დატოვებდა დაკავებულ ფართს და მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე სამინისტრო მას გადაუხდიდა ქირას 250 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, სამინისტრომ მის ოჯახს ქირის საფასური არ გადაუხადა 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის, ასევე, 2016 წლის იანვარი-მარტის თვეებში, რაც სასამართლო დავის საგანი გახდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ოჯახის სასარგებლოდ მიუღებელი თანხის ანაზღაურება (1250 ლარის ოდენობით), ასევე, ვ. ხ-ას ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მოსარჩელის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარისათვის თანხის გადახდის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აუნაზღაურებია 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე არსებულ პერიოდში გასაცემი თანხა, რამაც შეადგინა 7 750 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მის სასარგებლოდ, 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის ნოემბრამდე, ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების - 7 750 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ. ხ-ას სასარგებლოდ 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე, ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების თანხის - 7 750 ლარის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მარეგულირებელი ნორმები, პირველ რიგში, მიმართულია კონკრეტული დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების დროს ამ ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებისაკენ. ამასთან, გასაცემლის გაცემა ითვალისწინებს კონკრეტულ წინაპირობებს, პროცედურებს და ვადებს.

კასატორის განმარტებით, ვ. ხ-ამ გაურკვეველი მოტივით თავიდანვე უარი თქვა შეევსო განაცხადი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. შემდგომში, მოსარჩელემ ეს ქმედება ახსნა იმ გარემოებით, რომ მას სურდა საცხოვრებელი მიეღო მხოლოდ ქალაქ თბილისში. კასატორის მითითებით, მოსარჩელისათვის, რატომღაც სასურველია მიიღოს საცხოვრებლის ქირავნობისათვის საჭირო ბინის ქირა და არა თავად საცხოვრებელი, რომელსაც მას, მის მიერ განაცხადის სწორად შევსების შემთხვევაში, სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს. შესაბამისად, სარგებლობს არსებული სამართლებრივი ვითარებით და ითხოვს ბინის ქირას და არ იყენებს მის უფლებას, მოითხოვოს თავად საცხოვრებელი, დადგენილი ნორმების შესაბამისად.

კასატორი მიუთითებს 2014 წლის 14 აგვისტოს სამინისტროსა და მოსარჩელის ოჯახს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე და აღნიშნავს, რომ სამინისტრომ აიღო ვალდებულება, ოჯახი უზრუნველეყო ქირით 3 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხელახლა მოხდებოდა მოცემული საკითხის განხილვა. შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს, რომ მოსარჩელის ოჯახს შეეთავაზა შესაბამისი განაცხადის შევსება, რომლითაც მათი ქულების რაოდენობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, აუცილებლად მოხდებოდა მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული შეთანხმების მოქმედება შეწყდა სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის შეთავაზების წარდგენის მომენტში, როდესაც მას შეეთავაზა გაეკეთებინა მოქმედი ნორმატივების შესაბამისი განაცხადი საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნის თაობაზე, რომლის შედეგიც იქნებოდა მისთვის სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის უსასყიდლო და უპირობო გადაცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ვ. ხ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #17-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში. 2014 წლის 28 აგვისტოს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მეორე მხრივ, ვ. ხ-ას, ე. ხ-ასა და ლ. წ-ას შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება მასზედ, რომ დევნილთა ოჯახი სამინისტროს მოთხოვნისთანავე დატოვებდა მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს, რის სანაცვლოდაც სამინისტრო უზრუნველყოფდა დევნილ ოჯახს 3 თვის ვადით ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

დადგენილია, რომ ვ. ხ-ა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ქირით ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, რისთვისაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ოჯახს ყოველთვიურად 250 ლარს უხდიდა.

ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ვ. ხ-ასათვის 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და 2016 წლის იანვარი-მარტის თვეების თანხის ჩარიცხვაზე, რაც შემდგომში სასამართლო დავის საგანი გახდა. კანონიერ ძალაში შეული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ვ. ხ-ას სასარგებლოდ ბინის ქირის თანხის - 1250 ლარის გადახდა დაევალა. ასევე დასტურდება, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ვ. ხ-ას აუნაზღაურდა ბინის ქირის დავალიანება 1250 ლარის ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 მარტის #04-4055 წერილით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირს - ვ. ხ-ას, დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ჩაურიცხა 2014 წლის სექტემბერი-დეკემბრის, 2015 წლის იანვარი-ივლისის და ოქტომბერი-დეკემბრის თვეების თანხა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ - 2018 წლის ნოემბერი-დეკემბრისა და 2019 წლის იანვარი-მარტის თვეების თანხა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 აპრილის #04-850/ო ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვ. ხ-ასთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, 3 თვის ვადით, თვეში 250 ლარის (2019 წლის აპრილი-ივნისი) ჩარიცხვის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის ნოემბრამდე ბინის დაქირავების მიზნით არსებული დავალიანების ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში, ვ. ხ-ას ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ ყოფილა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი მხარეთა შორის 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემობების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად მოსარჩელის მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე