Facebook Twitter

ბს-342(კ-19) 18 იანვარი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ხ-ამ 07.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. მ-ის მიმართ მატერიალური ზიანის - 8500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით კ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 8500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით, სარჩელი მ. მ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ მ. ხ-ასა (გამსესხებელი) და მ. მ-ს (მსესხებელი) შორის დადებული 30.09.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 04.10.2013წ. ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე დარეგისტრირდა მ. ხ-ას იპოთეკის უფლება. აღნიშნული პერიოდისთვის მ. ხ-ა იყო მე-2 რიგის იპოთეკარი, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრირებული იყო ნ. კ-ა, რომლის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შედეგად, მ. ხ-ა დარეგისტრირდა პირველი რიგის იპოთეკარად. მ. ხ-ა გარდაიცვალა 19.10.2013 წ. და 08.05.2014 წ. მის პირველი რიგის მემკვიდრეზე - კ. ხ-აზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. 20.06.2014წ. კ. ხ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე იპოთეკის ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. რეესტრის 03.07.2014წ. გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით იპოთეკის რიგითობა არ განსაზღვრულა, რაც შეიძლება სადავოდ გაეხადა მოსარჩელეს. კ. ხ-ა მესამე რიგის იპოთეკარად აისახა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, ხოლო ი. კ-ი და ლ. მ-ე აისახნენ შესაბამისად, პირველი და მეორე რიგის იპოთეკარებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. მ-ის სასარგებლოდ დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უზრუნველყოფის საგნის გასხვისების შემდგომ კ. ხ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არც მისი იპოთეკის უფლება გადაჰყვა უძრავ ნივთს. პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვირდო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. ამდენად, კ. ხ-ას წარმოეშვა მ. ხ-ასა (გამსესხებელი) და მ. მ-ს (მსესხებელი) შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნის უფლება, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ხ-ას მ. მ-ის მიმართ ჰქონდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლება, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა იმ ოდენობით და ფარგლებში, რა ოდენობითაც და რა ფარგლებშიც არსებობდა მამკვიდრებელთან. ამდენად, ვინაიდან მ. ხ-ა რეგისტრირებული იყო პირველი რიგის იპოთეკარად, შესაბამისად, მისი მემკვიდრეც კ. ხ-აც უნდა დარეგისტრირებულიყო პირველი რიგის იპოთეკარად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეეცვალა მხოლოდ იპოთეკის უფლების სუბიექტი და არა უფლებათა რიგითობა, რადგან მემკვიდრეობის შედეგად მოხდა მხოლოდ იპოთეკართა ცვლილება, რომლის დროსაც არ შეცვლილა იპოთეკის წარმოშობის საფუძველი, ძირითადი და იპოთეკით დატვირთულ უფლებათა ფარგლები, არამედ ერთი სუბიექტი მეორემ ჩაანაცვლა იმავე ფარგლებში. მიუხედავად აღნიშნულისა, კ. ხ-ას იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში არ აისახა პირველი რიგის იპოთეკარად, როგორც რეგისტრირებული იყო მ. ხ-ა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ კ. ხ-ა ამონაწერში არამართლზიმიერად მიეთითა მესამე რიგის იპოთეკარად. პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კ.ხ-ას იპოთეკის უფლების არასწორად რეგისტრაცია გამოწვეული იქნა არა მოსარჩელის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, არამედ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის მოთხოვნის დარღვევით. მოსარჩელისათვის მხოლოდ ამონაწერის ნახვის შემდეგ გახდებოდა ცნობილი არასწორი რეგისტრაციის თაობაზე, ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეეძლო, თავად აღმოეფხვრა უზუსტობა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქმედების უკანონობა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს მოსაზრება,რომ მის ქმედებებს კ. ხ-ასთვის ზიანი არ მიუყენებია და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იპოთეკის უფლების რიგის არასწორად ასახვიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის საგნის სხვა კრედიტორის სასარგებლოდ რეალიზაციის შედეგად, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და არც ნასყიდობის საგანს გადაჰყვა კ. ხ-ას იპოთეკის უფლება. ამგვარი ქმედების არარსებობის პირობებში იპოთეკის საგნის რეალიზაციისას უპირველესად დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მოთხოვნა და ზიანიც აღარ იარსებებდა. მოცემულ შემთხვევაში კი იპოთეკის საგნის რეალიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსარჩელის არც ძირითადი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არც იპოთეკის უფლება დაფიქსირდა რეალიზებულ ქონებაზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, კ. ხ-ას აღარ გააჩნია უზრუნველყოფილი მოთხოვნა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კ. ხ-ასთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასათანადოდ გამოიყენა საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. კასატორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოება მართლზომიერად განხორციელდა და ვინაიდან აღსრულება მოხდა მეორე რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ, უძრავ ნივთს არ გადაყვა კ. ხ-ას იპოთეკა, რომელიც მესამე რიგის იყო. კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წაროშობის წინაპირობები, ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას, რის გამო კ. ხ-ას ზიანის ანაზღაურების თუ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს ხელშეკრულების მეორე მხარისგან - მ. მ-ისგან. სასამართლომ იმსჯელა ზიანის ანაღაურების დაკისრების საკითხებზე ისე, რომ სათანადო წესით დადგენილი არ ყოფილა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. გაურკვეველია რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ დადგენილად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა. გასათვალისწინებელია, რომ მოვალე მ. მ-ი არც ერთ სასამართლო სხდომას არ დასწრებია და არც თავისი მოსაზრება დაუფიქსირებია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას დაადასტურებდა. ასეთი მტკიცებულების არარსებობის პირობებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება დაუსაბუთებელია. კასატორი თვლის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევი მხარე და არა მარეგისტრირებელი ორგანო. იმ შემთხვევაშიც თუ კრედიტორი კარგავს უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მას მაინც უნარჩუნდება მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, მათ შორის სასამართლოსათვის მიმართვის და იძულებითი აღსრულების გზით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სათანადო წესით დადგენილი არ არის რეგისტრირებული მონაცემების უკანონობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 30.09.2013წ. მ. ხ-ასა და მ. მ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ხ-ამ მ. მ-ს ასესხა 8500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ქ. N29-ში მდებარე უძრავი ქონება. 13.11.2013წ. მდგომარეობით მ. ხ-ა რეგისტრირებული იყო პირველი რიგის იპოთეკარად. მ. ხ-ას გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი რიგის მემკვიდრეზე კ. ხ-აზე 08.05.2014წ. გაიცა სამკვიდრო მოწმობა. 20.06.2014წ. კ. ხ-ამ მიმართა მარეგისტრირებელი ორგანოს და მოითხოვა რგისტრირებულ იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ამ დროისათვის უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სამი რიგის იპოთეკა, პირველი რიგის იპოთეკარად კვლავ აღრიცხული იყო კ. ხ-ას მამკვიდრებელი მ. ხ-ა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.07.2014წ. გადაწყვეტილებით კ. ხ-ას მოთხოვნა რეგისტრირებულ იპოთეკის უფლებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ არ არსებობდა კ. ხ-ას მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები, რადგან მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა კ. ხ-ას იპოთეკის უფლების რიგითობა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითება ხდება მხოლოდ კ. ხ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, კ. ხ-ა კი ითხოვდა მისი მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებულ იპოთეკის მონაცემებში ცვლილების შეტანას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალურს ანუ ზოგად უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა და სინგულარულ (კერძო) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი. მემკვიდრეობა უნივერსალურ უფლებამონაცვლეობას ადასტურებს, რადგან ამ დროს მემკვიდრეზე გადადის უფლებრივი წინამორბედის - მამკვიდრებლის სრული ქონებრივი უფლება-მოვალეობანი, გარდა იმ უფლება-მოვალეობებისა, რომელთან მიმართებითაც, კონკრეტული სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. პირის გარდაცვალებით ფაქტობრივად წყდება ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მას აკავშირებდა სხვა პირებთან და ქონებასთან, მაგრამ თავად სამართალურთიერთობა და ქონება აგრძელებს არსებობას. უკეთუ უფლებამონაცვლეობა სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე დასაშვებია, გარდაცვლილი პირის ნაცვლად ურთიერთობაში ჩნდება მისი უფლებამონაცვლე, რომელიც ანაცვლებს მამკვიდრებელს. სწორედ ამიტომ მემკვიდრეობის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა უნივერსალურია, მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები მემკვიდრეზე გადადის სრულად და უცვლელად, ისეთივე მდგომარეობაში და იმავე სახით, როგორც ეს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე იყო. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 08.05.2014წ. მამკვიდრევლის მ. ხ-ას ქონებაზე გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, კ. ხ-ამ, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრემ - დედამ, სრულად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, მათ შორის, მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრეობის მიღების საშუალებაა, მისი მეშვეობით დასტურდება სამკვიდროს მიღება და ამდენად, მემკვიდრე სამართალურთიერთობებში იკავებს გარდაცვლილი პირის ადგილს. მემკვიდრე ახდენს სამკვიდროს ანუ იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის მიღებას, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში აქვს. საქმის მასალების მიხედვით, მ. ხ-ა რეგისტრირებული იყო პირველი რიგის იპოთეკარად, მისი იპოთეკის უფლების ან სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება/ცვლილება არ დასტურდება, ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ.), მ.ხ-ას პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია მართლზომიერად მიიჩნევა. კ. ხ-ას მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვისას მოთხოვნილი არ ყოფილა ახალი იპოთეკის უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრირებული იპოთეკის უფლების ფარგლების ცვლილება, კ. ხ-ამ მოითხოვა რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა იპოთეკარის მ. ხ-ას გარდაცვალების, მ. ხ-ას სამკვიდროს მის მიერ მიღების საფუძვლით. ამდენად, საჯარო რეესტრს უნდა მოეხდინა მხოლოდ იპოთეკარის მონაცემების, რეგისტრირებული სუბიექტის და არა უფლების რიგითობის ცვლილება, კ. ხ-ა მ. ხ-ას ნაცვლად უნდა აღრიცხულიყო პირველი რიგის იპოთეკარად.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრმა 03.07.2014წ. მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და კ. ხ-ას მოთხოვნა იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნული მართლზომიერი შედეგის ტექნიკური ასახვა განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. ამდენად, სახეზეა კანონიერი აქტით დამდგარი მართლზომიერი შედეგის ტექნიკურ განხორციელებაში დაშვებული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ორგანო უარს ამბობს. სწორედ ამ უმოქმედობის არამართლზომიერება წარმოშობს ზიანს. მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერში მონაცემების სწორად ასახვის, დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში კ. ხ-ა შეინარჩუნებდა ნივთზე უფლებას, სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის საგნიდან დაკმაყოფილების შესაძლებლობას, თუმცა იპოთეკის საგანზე განხორციელებული ძალაში მყოფი არაერთი ტრანზაქციის გათვალისწინებით, კ. ხ-ა ამ ეტაპზე მოკლებულია აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენებით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

კასატორის მოსაზრება, რომ სათანადოდ არ არის დადასტურებული სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ვალდებულების ან მისი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების გაცემას (სკ-ის 429-ე მუხ.). ვალდებულების შესრულების მტიცების ტვირთი, როგორც წესი, მოვალეს აკისრია. გაურკვეველია კრედიტორმა, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, რა მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს ვალდებლების შეუსრულებლობის უტყუარად დასადასტურებლად. საქმის მასალებით არ დგინდება მსესხებლის - მ. მ-ის მიერ მ. ხ-ას მიმართ არსებული ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების პირობებში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებების (მათ შორის, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების) დადასტურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2019წ. N07321 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1130,30 ლარის 70%, - 791,20 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე