ბს-676-676 (კ-18) 18 იანვარი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 20.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25.05.2009წ. N15/562 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.10.2014წ. N4/40641 მიმართვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 19.06.2015წ. N1-1/248 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25.05.2009წ. N15/562 წერილი მოთხოვნის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.10.2014წ. N4/40641 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 19.06.2015წ. N1-1/248 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...ს“ იჯარა-გამოსყიდვა დასრულებული ჰქონდა და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა მთლიანი ქონება, ამასთანავე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ აღიარა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაუმთავრებელი და დაკონსერვებული ობიექტების ნუსხაში შეცდომით იქნა შეყვანილი „...ა“, ხოლო შპს „...მა“ უზრუნველყო პრივატიზებული და სხვა ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში არსებობდა სადავო შენობა-ნაგებობაზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციის წარმოშობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მოჩნეული შპს „...ის“ საკუთრების უპირატესი საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც კომპანიას სადავო ქონებაზე არ გააჩნია საკუთრების უფლების დამდგენი უტყუარი მტკიცებულება. „საკუთრების უფლების შესახებ“ კანონით დადგინდა მიწაზე სახელმწიფოს გარდა სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობა, მაგრამ ამავდროულად მის მოსაპოვებლად გარკვეული წინაპირობები განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება- დადასტურება. კასატორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის 01.09.1988წ. N2-742 ბრძანების თანახმად, ...ა ლიკვიდირებულ იქნა და მის ბაზაზე შეიქმნა საწარმოო კოოპერატივი „...ი“. 1988 წლიდან 1996 წლამდე აღნიშნული საწარმო არსებობდა კოოპერატივ „...ის“ სტატუსით, რომელსაც სახელმწიფო აგრომრეწვკომიტეტის 01.09.1988წ. N2-742 ბრძანებით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში - იჯარით გადაეცა ქარხნის ბალანსზე არსებული შენობა. ამავე ბრძანებით გათვალისწინებული იყო იმ დროისათვის მშენებარე „...ის“ დამთავრების შემდეგ აღნიშნული ქონების იჯარით გადაცემა „...ისათვის“. სახაგრომრეწვის 16.12.1988წ. N2-1065 ბრძანებით ობიექტის მშენებლობა დაკონსერვდა და დაუმთავრებელი პროექტი „...ა“ გადაეცა კოოპერატივ „...ს“. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 27.06.1996წ. N2-164 ბრძანებით დამტკიცდა ქარხნის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობისათვის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქონების გამოსყიდვის უფლებას. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტოს 04.12.2009წ. N1-1/2812 ბრძანების საფუძველზე შპს „...ის“ სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ...ის ქონებაზე. შპს „...ს“ დაუდასტურდა საკუთრების უფლება ყოფილი ...ის ბალანსზე 1996 წლის 1-ლი იანვრისთვის რიცხულ ქონებაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია 1996 წლის 1-ლი იანვრისთვის ქარხნის ბალანსზე არსებული ქონების ზუსტად განსაზღვრა. საქმის მასალებში დაცულ 27.06.1996წ. იჯარის ხელშეკრულებასა და 26.07.1996წ. მიღება-ჩაბარების აქტში არსებულ ქონების ჩამონათვალში არ არის მითითებული სადავო ობიექტები. აღნიშნულზე მითითებას არ შეიცავს ასევე საქმის მასალებში დაცული 22.05.1996წ. შენობა-ნაგებობების ექსპლიკაციის გეგმა. ამდენად, ცალსახად ვერ დასტურდება, რომ სადავო ობიექტი - N6 ღია ფარდული სახელმწიფოს მიერ გასხვისდა შპს „...ზე“. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ N6 ღია ფარდული არ წარმოადგენდა კაპიტალურ ნაგებობას, იგი არ იქნა ექსპლუატაციაში მიღებული 21.06.2000წ. საბურთალოს რაიონის გამგეობის N6-12-81 გადაწყვეტილებითაც. 08.08.2008წ. გაცემულ ცნობა-დახასიათებაში შპს „...ის“ სახელზე რეგისტრირებული ქონების ჩამონათვალი არ მოიცავს N6 ღია ფარდულს, იმ მოტივით, რომ ის კაპიტალურ ნაგებობას არ მიეკუთვნოდა და ჩათვლილი იყო დროებით ნაგებობად. კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „უძრავი ქონების აღრიცხვის და მართვის წესის შესახებ“ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებას განეკუთვნება ყველა სახის შენობა ნაგებობა (მათი ნაწილები) ან სხვა მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც უძრავად არის მიწასთან და მათი გადაადგილება შეუძლებელია. კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.15 და მე-17 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები სრულად შეესაბამება აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მთლიანად ბათილად ცნო სადავო აქტები, მაშინ როდესაც სადავო გარემოებას წარმოადგენს N6 ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის კანონიერება, ამდენად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატამ მოსარჩელე მხარეს მიაკუთვნა უფრო მეტი ვიდრე იგი ითხოვდა.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ ის უძრავი ქონება, რომელთა რეგისტრაციაც მოთხოვნილი იყო სადავო წერილით არ წარმოადგენდა სხვა პირთა საკუთრებას. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კონკრეტულად სადავო უძრავ ქონებათა შპს „...ისთვის“ გადაცემის ფაქტი. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მაშინ როდესაც საქმეში დაცული მასალებით ადგილი არ აქვს სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლო კონკრეტულად ვერ ასაბუთებს კანონმდებლობის რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი 28.10.2014წ. N4/40641 წერილის გამოცემისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის 21.10.1985წ.N2-641კ ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის რეკონსტრუქციის შესახებ. შედგენილ იქნა პროექტი „...ის რეკონსტრუქცია“, რომლის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა საქაგრომრეწვს. საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის 01.09.1988წ. ბრძანებით ...ის ბაზაზე ჩამოყალიბდა საწარმოო კოოპერატივი „...ი“. კოოპერატივს იჯარით გადაეცა შენობანაგებობები, მოწყობილობები, ტრანსპორტი და სხვა ქონება. კოოპერატივს გადაეცა ასევე პროექტი „...ის რეკონსტრუქცია“ და ...ის მიერ ამ პროექტის აშენების დანიშნულებით გამოტანილი და ათვისებული სესხის დაფარვის ვალდებულება. 20.04.1994წ. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და კოოპერატივ „...ს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „...ს“ დაფარული ჰქონდა „ა...ის“ მიერ მშენებარე ობიექტის დაფინანსებისთვის გამოყოფილი გრძელვადიანი კრედიტი და ამავდროულად ყოველწლიურად იხდიდა იჯარის გადასახადს, ახალი საწარმოო კორპუსი დარჩა „...ის“ საკუთრებაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ „...ის“ მიერ დასრულებული ობიექტები მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში და საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში, ხოლო რაც შეეხება სადავო ნაგებობას (N6), რომელიც წარმოადგენდა ღია ფარდულს, მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდა დროებითი ნაგებობის სტატუსის გამო. საქმეში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.05.2016წ. დასკვნა, რომლის მიხედვითაც 14.04.2015წ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული შენობა N6-ის ადგილმდებარეობა შეესაბამება ...ის რეკონსტრუქციის სამუშაო პროექტის თანდართულ გეგმაზე არსებულ N8 შენობის ადგილმდებარეობას, რომელიც წარმოადგენდა რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო შენობა-ნაგებობა, სხვა დაუმთავრებელ ობიექტებთან ერთად, საკუთრების უფლებით ჰქონდა გადაცემული შპს „...ს“. საქმის მასალებში დაცულია ასევე სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 1998წ. შესაბამისი წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაუმთავრებელი და დაკონსერვებული ობიექტების ნუსხაში შეცდომით იქნა შეყვანილი „...ა“ და აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ობიექტები ამოღებულ იქნა დაუმთავრებელი ობიექტების საერთო სიიდან, რაც მიუთითებს ობიექტების „...ის“ საკუთრებაში დარჩენაზე. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „...თან“ 27.06.1996წ. დადებული ხელშეკრულება არ მოიცავდა სადავო შენობა-ნაგებობის იჯარაგამოსყიდვის უფლებით გადაცემას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შპს „...ს“ უკვე გადაცემული ჰქონდა „...ის“ პროექტით გათვალისწინებული ობიექტები, შესაბამისად არაარსებითია ის გარემოება, თუ რა ობიექტებს აერთიანდებდა 27.06.1996წ. იჯარაგამოსყიდვის უფლებით „...ისთვის“ გადაცემული ქონება.
საფუძველსაა მოკლებული აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილებით იმაზე მეტი მიეკუთვნა, ვიდრე მოითხოვდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25.05.2009წ. N15/562 სადავო მიმართვით სახელმწიფოს სახელზე N... საკადასტრო კოდზე დარეგისტრირდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის სადავო (N6) შენობა-ნაგებობა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მიმართვა ნაწილობრივ, სადავო ნაწილშია ბათილად ცნობილი, რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.10.2014წ. N4/40641 წერილს, აღნიშნულით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ განცხადება N6 შენობა-ნაგებობის „...ისათვის“ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 19.06.2015წ. N11/248 ბრძანება წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.10.2014წ. N4/40641 წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე გამოცემულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასდა სწორედ იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერება, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებით იყო მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე