Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-956(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს-ე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

2018 წლის 19 ნოემბერს ა. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „რეგისტრაციის შესახებ“ (ქ.თბილისში, სოფ. ...ში ა. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში არაუმეტეს 453 კვ.მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 10 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. ..., ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ს. ბ-ი, გ. ბ-ი, შ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ (ქ. თბილისში, სოფ. ...ში ა. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში არაუმეტეს 453 კვ.მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 10 დეკემბრის #... გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-მა, ს. ბ-მა და შ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-მა, ს. ბ-მა და შ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს - გ. ბ-ს, ს. ბ-სა და შ. ბ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ასევე ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში; კასატორებს ასევე დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - ი. ა-ეს და ჩაბარდა 2020 წლის 20 ოქტომბერს ოფისის მენეჯერს - ს. შ-ს, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

იქიდან გამომდინარე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების ასლი საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე კასატორების წარმომადგენელს - ი. ა-ეს ჩაბარდა 2020 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ათვლა 2020 წლის 21 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზების შევსების 10-დღიანი ვადა 2020 წლის 30 ოქტომბრის 24:00 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორებმა მიცემულ ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე