ბს-1159(2კ-19) 18 იანვარი, 2021წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ 30.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ ნ. გ-ის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.10.2004წ. N657 ბრძანების ბათილად ცნობის, ნ. გ-ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მორალური ზიანის - 25000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2017წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციულ საქმეზე სამსასხურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. გ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2017წ. განჩინებით ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 6000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ნ. გ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2019წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ ნ. გ-ე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტმანეტის N1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ... ...ის ...ის ... ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, მინიჭებული ჰქონდა ...ის ... ...ის წოდება. 27.12.2004წ. დადგენილებით ნ. გ-ე ბრალდებულად იქნა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.11.2015წ. განაჩენით ნ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამდენად, ნ. გ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენით. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, როგორც უდანაშაულო პირი, არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ნეგატიური განცდები და სტრესი. სისხლისსამართლებრივი დევნის ხანგრძლივობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა სასამართლომ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინება საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ნ. გ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.
კასატორმა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მუშაკების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
კასატორმა ნ. გ-ემ აღნიშნა, რომ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. 27.06.2016წ. ცნობის მიხედვით, ნ. გ-ეს დადგენილი აქვს სამედიცინო დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, დისმეტაბოლური ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია, სიმსუქნე. ავადმყოფობის მიმდინარეობა არის ქრონიკული, ჩატარებულია მედიკამენტოზური მკურნალობა. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ. გ-ე მისთვის ბრალდების წარდგენის შემდგომ წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა, ჩაიკეტა, შეამცირა მეგობრებთან და ახლობლებთან კონტაქტი, იყო მუდმივად უხალისოდ, უხასიათოდ, მძიმედ განიცდიდა ბრალდებულის სტატუსს, სამსახურის დაკარგვას და რეპუტაციის შელახვას. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ადასტურებს ბრალის წარდგენის გამო მის მძიმე მდგომარეობას, მისთვის არსებითი სახის მორალური ზიანის მიყენებას, რის გამო დაუსაბუთებელია სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება. სასამართლო თავადვე ადასტურებს, რომ ბრალდებულად ცნობა იწვევს მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას და ნ. გ-ე, როგორც უკანონოდ ბრალდებული პირი, არ იყო ვალდებული ეთმინა აღნიშნული შეზღუდვები 11 წლის განმავლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. #22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა ნ. გ-ის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერი საგამოძიებო მოქმედება - ბრალის წაყენება, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევა უკანონოდ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკანონო ბრალდება იმთავითვე წარმოშობს მორალურ ზიანს, პირი არ არის ვალდებული ითმინოს უკანონო ბრალდებით გამოწვეული დისკომფორტი, რაც შესაძლოა გამოიხატოს რიგი უფლებებით სარგებლობის ხელშეშლაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ისათვის წაყენებული ბრალდების შინაარსის, სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის ხანგრძლივობის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა ნ. გ-ისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა. ამასთანავე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას. გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არ აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საკმარისობის კუთხით სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. გამოძიება სახელმწიფო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას უხდება თავისი საქმიანობის წარმართვა ინფორმაციული დეფიციტის პირობებში. საგამოძიებო საქმიანობის აღნიშნული სპეციფიკა გავლენას ახდენს ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს, თუმცა ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით წყდება, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მნიშვნელოვანია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობის გონივრულობისა და სამართლიანობის შეფასებისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს აგრეთვე მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს, კერძოდ იმას, რომ ის არ ყოფილა პატიმრობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე