Facebook Twitter

ბს-671(კ-20) 18 იანვარი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მა 25.01.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის 22.06.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობის და სამინისტროსათვის მ. ს-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 22.06.2017წ. N1450 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მ. ს-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2020წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ. ს-ს მხოლოდ 2007 წლიდან უფიქსირდება მისამართად - ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, კორპ...., ბ.... ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლამდე მ. ს-ის ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადგენილია მხოლოდ ერთი მეზობლის - ჯ. ა-ის განმარტების საფუძველზე, რომელიც ბინაზე გამოცხადების ოქმში აღნიშნავს, რომ მ. ს-ის ... ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ, კორპ. ..., ბ. ...-ში ცხოვრობს 35 წელია, ხოლო მ. ს-ი დაახლოებით 5 წელია არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და როგორც მისთვისაა ცნობილი იგი ცხოვრობს ...ში, ...ში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ზემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინა მოსარჩელის ...ის საკუთრებაა და აღნიშნული ფაქტი სადავო არ არის. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ა-ის განმარტებით არ დასტურდება აღნიშნულ მისამართზე 2008 წლამდე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს 08.10.2015წ. №19 მიმართვაზე და თიღვის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 28.02.2017 წ. №57 მიმართვაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ს-ი, მშობლებთან: ... (აწ. გარდაცვლილ) - თ. ს-თან, ... - მ. ც-ესთან და ... (აწ. გარდაცვლილ) - მ. ს-თან ერთად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, საკუთარ ბინაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე, მესამე პირის - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს 2008 წლამდე მოსარჩელის თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ 19.12.2016წ. სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში გასაუბრება ჩაუტარდა მ. ს-ს, რომელმაც განმარტა, რომ დაიბადა ... წ. ქ. ...ში, ...წ. დაამთავრა ...ის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლა, ... წ, გარდაეცვალა..., რის გამო მშობლებმა გაუშვეს ...ში, ...ში მარტოდ დარჩენილ ...სთან, იქ ცხოვრობდა 1990 წლის დეკემბრის ბოლომდე, საახალწლოდ წავიდა თბილისში მშობლებთან და ახალი წლის მერე ვეღარ შებრუნდა ომის გამო, 2005 წელს შებრუნდნენ ...ში საცხოვრებლად, გაეროს მიერ აშენებულ სახლში და იქ ცხოვრობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, რა დროსაც დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მოსარჩელე არ იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი, იგი მოცემულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ჩადიოდა პერიოდულად, სეზონურად თავის საკუთრებაში არსებულ სახლში. გაურკვეველია სასამართლოს მიერ თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციისათვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციასთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელის სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობაში მისი რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ქ. თბილისი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმეში დაცულია თიღვის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 11.09.2017წ. ცნობა, რომლის მიხედვით, მ. ს-ი მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მოსარჩელის მამის - თ. ს-ის სახელზე თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 01.06.2009წ. გაცემული ცნობის მიხედვით, თ. ს-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში და მისი ოჯახი შედგებოდა ხუთი პირისგან, რომელთა შორის სახელდება ... - მ. ს-ი. საქმეში დაცულია აგრეთვე თიღვის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 28.02.2017წ. ცნობა, რომლის თანახმად, მ. ს-ი თიღვის მუნიციპალტეტის (ყოფილი ...ის რაიონის) სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რაც შეეხება 07.11.2016წ. ცნობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1991 წლამდე ცხოვრობდა, დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს სხდომაზე, მესამე პირის - თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს 2008 წლამდე მოსარჩელის თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცნობებში მითითებული ინფორმაციის უსწორობას არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით მ. ს-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, რადგან აღნიშნული მიმართვა შედგენილია მხოლოდ ერთ პირთან, ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში, N... კორპუსში მდებარე N... ბინაში მცხოვრებ ჯ. ა-თან გასაუბრების შედეგად. რაც შეეხება 2008 წლამდე ქ.თბილისში, კონკრეტულ მისამართზე მ. ს-ის რეგისტრაციას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ადგილი შესაძლოა არ ემთხვეოდეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე