ბს-1193(კ-19) 18 იანვარი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ს-ამ და მ. ბ-ამ 17.08.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სამინისტროს 24.07.2017წ. წერილის ბათილად ცნობის, სამინისტროსათვის საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში მოსარჩელეთა სამსახურისა და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მოსარჩელეთა მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24.07.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა, რომლითაც დადასტურდება საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში მოსარჩელეთა სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მ. ბ-ა 29.09.1986წ. დაინიშნა ...ის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ...ის მოვალეობის შემსრულებლად პოლიკლინიკურ განყოფილებაში, ე. ს-ა 23.03.1986 წ. დაინიშნა ...ის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ...ად, თუმცა დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ...ის საავადმყოფოში საომარი მოქმედებების პერიოდში მოსარჩელეთა მუშაობის ფაქტის დადგენას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია წერილობით განმარტება, რომლითაც მთავარი ...ის მოადგილემ თ. ბ-ამ, საოპერაციო ბლოკის ...ამ მ. ქ-ამ და საოპერაციო ...ამ მ. ...-...ამ დაადასტურეს, რომ ე. ს-ა 1985 წლიდან მუშაობდა ...ის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ...ად (...-...), ევაკუაციამდე, ომის პერიოდში საავადმყოფო გადაკეთდა ჰოსპიტალად. ე. ს-ა 1992 წლის 14 აგვისტოდან იყო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ...ი და სასწრაფოზე გამოძახებებით აწარმოებდა დაჭრილების მოყვანას ჰოსპიტალში, საავადმყოფოში მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით - ევაკუაციამდე. ასევე წარმოდგელია განმარტება, რომლითაც იგივე პირებმა დაადასტურეს, რომ მ. ბ-ა 1986 წლიდან მუშაობდა ...ის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ..ად. მ. ბ-ა 1992 წლის 14 აგვისტოდან ჰოსპიტალში ემსახურებოდა როგორც სტაციონარს, ასევე, სასწრაფოს მიმღებს, სამხედრო დაჭრილებს და მოსახლეობას, იგი მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით - ევაკუაციამდე. პალატამ ყურადღება გაამახვილა 15.02.2018 წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ. კ-ასა და მ. ქ-ას ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს ზემოთ მითითებული ფაქტი და დამატებით აღნიშნეს, რომ მოსარჩელეები ე. ს-ა და მ. ბ-ა ნამდვილად მუშაობდნენ მათთან ერთად ...ის საავადმყოფოში, მათ უწევდათ მორიგეობა, ხოლო ომის დროს, როდესაც დაჭრილები მიჰყავდათ, ხდებოდა თანამშრომელთა გამოძახება. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სია, რომელიც საფუძვლად დაედო ბრძანების (საქართველოს თავდაცვის მინისტრის №5736 ბრძანება - ს.ფ. 39-69) გამოცემას, შედგენილი იქნა თვით საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და სავარაუდოდ მათ მხედველობიდან გამორჩათ მოსარჩელეთა აღნიშნულ სიაში შეყვანა. ამასთანავე, ...ის ა/რ უმაღლესი საბჭოს 20.02.2018 წ. №54 წერილში, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, 1991-1993 წლებში ...ის რაიონის გამგებელი, ომის პერიოდში ...ის რაიონის ...სა და ...ის საბჭოს..., ... დ. გ-ა, მითითებულია, რომ ...ში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ...ში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. წერილში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ე. ს-ა და მ. ბ-ა, რომლებიც 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ...ად და ...-...ად, 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული იქნენ ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ...ის ყოფილი მოადგილეები - ლ. ქ-ა და თ. ბ-ა, რომლებმაც ასევე უტყუარად დაადასტურეს, რომ ისინი პირადად იცნობდნენ მოსარჩელეებს, რომლებიც 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ ...ის ცენტრალურ რაიონული საავადმყოფოში (რომელიც ამ პერიოდში გადაკეთდა ჰოსპიტლად), ისინი საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემა მოხდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფლების წინაპირობები. სამინისტროს სადავო წერილის საფუძველი გახდა J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 18.07.2017წ. წერილი, რომლის თანახმად თავდაცვის სამინისტროს ეცნობა, რომ J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო მასალებში ე. ს-ას და ი. ბ-ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნდებოდა და მოკლებული იყვნენ შესაძლებლოვას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 26.12.2003წ. N5736 ბრძანება გამოიცა მოკვლეული მასალების საფუძველზე და მასში მიეთითა იმ პირთა გვარ-სახელები, რომლებიც ...ში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩარიცხული იქნენ ...ის ა/რ ჰოსპიტლებში და მათ შორის ...ის ჰოსპიტალში. აღნიშნულ პირებს შორის ე. ს-ა და ი. ბ-ა არ მოიძებნენ. მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ მინისტრის 26.12.2003წ. N5736 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, ამის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნილი შინაარსის აქტის გამოცემის უფლებამოსილებაზე. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ საბრძოლო მოქმედებებიდან გასულია 20 წელზე მეტი. 26.12.2003წ. N5736 ბრძანების გამოცემამდე საჯაროდ გამოცხადდა, რომ ...ში მდებარე კონკრეტული საავადმყოფოების თანამშრომლები გამოცხადებულიყვნენ ჯანდაცვის სამინისტროში და გადაემოწმებინათ სიებში თავისი მონაცემები, გარდა ამისა ხდებოდა თანამშრომელთა ერთმანეთთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეები დიდი ხნის მანძილზე არ იმყოფებოდნენ საქართველოში და მათთან კონტაქტი არ ჰქონდათ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცულია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ერთობლივი 23.12.1992წ. ბრძანება, რომლის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარების სრულყოფისა და სამოქალაქო და სამხედრო სამედიცინო სამსახურების ურთიერთკოორდინაციის მიზნით შეიქმნა დროებითი სამხედრო ჰოსპიტალები (სპეციალიზებული სამხედრო-სამედიცინო განყოფილებები დაჭრილთათვის) სხვადასხვა საავადმყოფოების, მათ შორის, ...ის რაიცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, მოსარჩელეთა შრომის წიგნაკების ასლებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.2016წ. გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ მ. ბ-ა და ე. ს-ა 1986 წლიდან მუშაობდნენ ...ის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში შესაბამისად, - ...ის და ...ის მოვალეობის შემსრულებლებად. მოწმეები - ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ...ის მოადგილეები და საოპერაციო ბლოკის ...ები, როგორც წერილობით, ასევე სასამართლო სხდომებზე მიცემულ ახსნა-განმარტებებში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ისინი პირადად იცნობდნენ მოსარჩელეებს, რომლებიც 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე მუშაობდნენ ...ის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, რომელიც იმ პერიოდში გადაკეთდა ჰისპიტლად. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ...ის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის დ. გ-ას, რომელიც 1991-1993 წლებში იყო ...ის რაიონის გამგებელი, ხოლო ომის პერიოდში - ...ის რაიონის ...სა და ...ის საბჭოს ..., 20.02.2018წ. №54 წერილში მითითებულია, რომ ...ში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა ...-ე ბრიგადის შემადგენლობაში, ...ის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ...ში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. წერილობით განმარტების მიხედვით, ე. ს-ა და მ. ბ-ა, რომლებიც 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ...ად და ...-...ად, 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია მოსარჩელეთა შრომის წიგნაკების ნოტარიალურად დამოწმებული ასლები, რომელთა მიხედვით შრომის წიგნაკებში დაფიქსირებულია ჩანაწერები ...ის ცენტრალურ რაიონულ საავამდყოფოში მოსარჩელეების დასაქმების შესახებ, ამავე დროს, შრომის წიგნაკი არ შეიცავს რაიმე მითითებას საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსარჩელეთა საავადმყოფოდან გათავისუფლების შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელეები ე. ს-ა და მ. ბ-ა საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ეწეოდნენ პროფესიულ საქმიანობას ...ის ცენტრალურ რაიონულ საავამდყოფოში, რომელიც 1992-93 წლებში გადაკეთებული იყო სამხედრო ჰოსპიტალად.
გასათვალისწინებელია, რომ თავად კასატორიც არ უარყოფს წლების განმავლობაში მოსარჩელეთა საქართველოში არყოფნას, რის გამოც ვერ ხდებოდა მათთან დაკავშირება, ამასთანავე, ადასტურებს, რომ 26.12.2003წ. N5736 ბრძანებაში მითითებულ პირთა მოძიება ხდებოდა თანამშრომლების ერთმანეთთან დაკავშირებით. შესაბამისად, უკეთუ მოსარჩელეებთან დაკავშირება ვერ ხდებოდა, მათი მითითება 26.12.2003წ. N5736 ბრძანებაში ვერც მოხდებოდა. ამასთანავე, გაურკევევლია კასატორის მიერ წლების განმავლობაში მოსარჩელეთა საქართველოში არ ყოფნის, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოების მითითების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე