საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-325(2კ-20) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. მ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2019წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ე; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - შპს ,,...ი’’, შპს ,,ჰ...ი’’, ვ. ა-ე, მ. მ-ე).
აღწერილობითი ნაწილი:
30.11.2015წ. თ. შ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, თ. შ-ემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 20.10.2009წ. N... და 27.05.2009წ. N... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობების 2010 წლის 5 თებერვლიდან ძალადაკარგულად აღიარება; კერძო აღმასრულებლის მ. ზ-ის მიერ 11.11.2011წ. შედგენილი უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტის ბათილად ცნობა; აუქციონის დანიშვნის თაობაზე №... და №... განკარგულებების ბათილად ცნობა; უძრავი ქონების შემძენად შ. მ-ის გამოცხადების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... და N... განკარგულებების ბათილად ცნობა; შ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 22.02.2012წ. N... და N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 29.04.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ბათუმში ...ის/...ის . N...-ში მდებარე, შპს „ჰ...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული ... კვ.მ ფართი, რომელიც მოიცავდა მთლიანი მშენებარე სახლის პირველი სართულის კომერციულ ნაწილს. მოსარჩელის განმარტებით, წინა მესაკუთრემ - შპს „ჰ...მა“ უძრავი ქონება შპს „...ისაგან“ შეიძინა. შეძენილი ქონება მოიცავდა 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების გაერთიანებას და ქონების დარჩენილ ნაწილს. შპს „ჰ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ძალადაკარგულად არ გამოუცხადებია მითითებულ ფართზე შპს „...ის“ სახელზე არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რამაც გამოიწვია ფართების გაორება, შემდგომში კი, უკვე მის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართში შემავალი ფართების (30 კვ.მ და 120 კვ.მ) სხვისი ვალების ამოღების მიზნით აუქციონზე რეალიზაცია.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში დაცული მასალებით დგინდება, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული 283 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართი მოიცავს ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მანამდე არსებულ შპს „...ის“ საკუთრებას - მშენებარე სახლის პირველ სართულზე რეგისტრირებული 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების გაერთიანებისა და სხვა დარჩენილი კომერციული ფართების ჯამს. პირველ სართულზე არსებული კომერციული დანიშნულების ფართიდან 120 კვ.მ და 30 კვ.მ ფართების შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, აღნიშნული უძრავი ნივთები დაიტვირთა იპოთეკით, მ. მ-ის და ვ. ა-ის სასარგებლოდ. 18.01.2010წ. შპს „...მა“ №... განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და შეთანხმების საფუძველზე, მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე, პირველ სართულზე არსებული კომერციული დანიშნულების ... კვ.მ მთლიანი ფართის შპს „ჰ...ის“ საკუთრებად რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურს ასევე წარედგინა ნახაზი და ოქმი, რომლითაც შპს „...ი“ გამოხატავს თანხმობას, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე არსებული კომერციული დანიშნულების ... კვ.მ ფართის შპს „ჰ...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. ამავე ოქმში მითითებულია, რომ შპს „ჰ...ისათვის“ გადაცემული ... კვ.მ ფართის ნაწილი დატვირთულია ხელშეკრულებებით. განაცხადზე მხარეთა მიერ წარდგენილი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტში მითითებულია: „ნასყიდობის საგანი არის დატვირთული იპოთეკური სესხით, რაც მყიდველისათვის ცნობილია“. მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული დოკუმენტები თავისი შინაარსით იმაზე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ფართი მოიცავდა N... და N... საკადასტრო კოდებით უკვე შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ 30 კვ.მ და 120 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართებს, რომლებიც დატვირთული იყო იპოთეკით. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ შპს „...ის“ საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე მშენებარე ნაგებობის I სართული მოიცავდა მხოლოდ ... კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართს. საჯარო რეესტრის 05.02.2010წ. გადაწყვეტილებით, მითითებული კომერციული ფართი დარეგისტრირდა შპს „ჰ...ის“ საკუთრებად, რაც იმას ადასტურებს, რომ განხორციელდა შპს „...ის“ საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებული 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების გაერთიანება და მისი ერთიანად, საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით, I სართულზე მთლიანი კომერციული დანიშნულების ფართის სახით რეგისტრაცია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ 29.04.2010წ. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჰ...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული ... კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ჰ...ის“, ხოლო შემდგომში - თ. შ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ... კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართი მოიცავდა მანამდე შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ 30 კვ.მ და 120 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართებსაც, კერძო აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ის ფართები, რომლებზეც შპს „...ს“ უკვე აღარ გააჩნდა არავითარი უფლება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა თ. შ-ის საკუთრებაში არსებული ფართის იძულებით აუქციონზე რეალიზება, მესამე პირების სასარგებლოდ არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, რამაც გამოიწვია თ. შ-ის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შელახვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2017წ. გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 10 თებერვლის N... და N... განკარგულებები, ქ. ბათუმში, .../...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად, ქონებაზე შემძენად შ. მ-ის გამოცხადებასთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული კომერციული დანიშნულების 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.06.2009წ. N... და 06.11.2009წ. N... გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. მ-ემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და შ. მ-ის სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.12.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა - სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამაზე მიუთითებს ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის’’ მე-13 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთი მხრივ, სამართლებრივმა საშუალებებმა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს იძულებითი აღსრულების გაჭიანურების თავიდან აცილება, ხოლო მეორე მხრივ, მოვალის ან დაინტერესებული მესამე პირისათვის კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს). ამდენად, სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე არსებული კომერციული დანიშნულების იპოთეკით დატვირთული 283,9 კვ.მ ფართი (არაიდენტიფიცირებული) საკუთრებაში გადაეცა შპს „ჰ...ს“ და მის სახელზე ამ მდგომარეობით განხორციელდა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, 283,9 კვ.მ ფართის გარდა, სხვა ფართი არ არსებობს, შესაბამისად, შპს „ჰ...ის“ საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული 283,9 კვ.მ ფართი მოიცავდა შპს „...ის“ საკუთრებად №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ 30 კვ.მ და 120 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართებს, რომლებიც შემდგომში საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად შეიძინა შ. მ-ემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შეფასება მიეცეს საჯარო რეეტრში გაორებული სახით სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის კანონიერებას და ქონების შემძენის კეთილსინდისიერების თაობაზე აპელანტის მსჯელობას. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დადგენილია შპს „ჰ...ის“ (და არა მოვალის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საჯარო აუქციონის გზით განკარგვის ფაქტი, რაც სააღსრულებო წარმოების პროცესს, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებას, მიუხედავად ამ ფართზე საჯარო რეესტრში გაორებული რეგისტრაციის არსებობისა, ვერ აქცევს კანონიერად, რადგანაც საწინააღმდეგო დასკვნის არსებობის პირობებში, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლების არსი. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 12.2 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის დანაწესით კანონმდებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საჯარო რეესტრის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის - საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომა საკუთრების უფლებას არ აუქმებს, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, შპს „ჰ...ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების სხვა პირის ვალდებულების სანაცვლოდ, აუქციონის გზით განკარგვის კანონსაწინააღმდეგო ქმედებად შეფასების შესახებ. ამასთან, ქონების შემძენის კეთილსინდისიერების საკითხთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა ზაკ-ის 601.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულებები ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას. პირის უფლების და ინტერესების არსებითად დარღვევა, ზაკ-ის 601.4 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, მიუხედავად აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობისა. მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით სახეზეა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე პირზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი გარანტია შემძენის უფლების დაცვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხი ანალოგიურად არის გადაწყვეტილი სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (სუსგ Nბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ., სუსგ Nბს-359-349(4კ-13), 24.04.2014წ., სუსგ Nბს-459-453(3კ-14), 24.03.2015წ.).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და შ. მ-ემ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან წარმოქმნილი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ამასთანავე, მსგავს სამართლებრივ საკითხზე უზენაეს სასამართლოს მანამდე გადაწყვეტილება არ მიუღია.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად ცნო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულებები, შესაბამისად, უნდა შეფასდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მათი გამოცემისას "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესების უგულებელყოფას. კასატორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 147.5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, კერძო აღმასრულებელი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სააუქციონო მომსახურება გულისხმობს: ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას; გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას; დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე, ხოლო მე-12 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონის შემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, საკუთარი პასუხისმგებლობით.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა, განახორციელა თუ არა კერძო აღმასრულებელმა წინმსწრები სააღსრულებო მოქმედებები კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მოხდა თუ არა მოვალის ინფორმირება; შესწავლილ იქნა თუ არა მოვალის ქონებრივი მდგომარეობა; მოძებული ინფორმაციის შესაბამისად განხორციელდა თუ არა მოვალის აქტივების დაყადაღება და შეფასება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათს ატარებს. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს თვალთმაქცური და მოტყუებით დადებული გარიგებებისგან, შესაბამისად, ამ საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დებულება, სამოქალაქოსამართლებრივ დატვირთვასთან ერთად, ატარებს საჯაროსამართლებრივ ფუნქციას. საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულება, ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები. სამოქალაქო სამართლებრივი უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უძრავ ნივთს ანიჭებს გარკვეულ სტატუსს, რომლის ადეკვატური სამართლებრივი შედეგების მიმართ დაინტერესებულ პირს კანონიერი მოლოდინი გააჩნია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას სარეალიზაციო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო მოვალის საკუთრების უფლება, შესაბამისად, სააუქციონო მომსახურების გაწევის ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა მარეგისტირებელი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაცით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს არც უფლების რეგისტრაციას და არც შემდგომში იმის გადამოწმებას, ხომ არ არის უძრავ ნივთებთან მიმართებით რეგისტრაციის განხორციელებისას რაიმე სახის შეცდომა დაშვებული. საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ასევე სააღსრულებო საქმეში არსებული „უძრავი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტისა და შეფასების დასკვნის საფუძველზე, შეუძლებელი იყო გარკვევა - ხომ არ არსებობდა უძრავ ნივთებთან მიმართებით რეგისტრაციის გაორება. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი, კანონისმიერი წინაპირობები.
კასატორი მიუთითებს, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება "იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ.N21 ბრძანებით. “იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ 1.1 მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული აუქციონის გზით. ამავე „წესის“ 1.2 მუხლის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, ხოლო 1.3 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ვერ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა იმ უძრავი ნივთების რეალიზაცია, რომლებიც ფაქტობრივად აღარ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იმ პირობებში, როდესაც საპირისპირო დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით და საჯარო რეესტრის მიერ ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უტყუარად დაადგენდა უძრავ ნივთებთან მიმართებით რეგისტრაციის გაორების ფაქტს, ეს უკანასკნელი ვერ გახდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული, აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებს და შესაბამის ინფორმაციას ასაჯაროებს არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას.
კასატორი შ. მ-ე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით უსწოროა, მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი მიუთითებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 147.5 მუხლზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა, განახორციელა თუ არა კერძო აღმასრულებელმა წინმსწრები სააღსრულებო მოქმედებები კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალის ქონების მოძიების მიზნით, კერძო აღმასრულებელმა 11.11.2011წ. წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია მოვალე შპს "...ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.11.2011წ. წერილით კერძო აღმასრულებელს ეცნობა, რომ ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე 120 კვ.მ და 30 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებზე რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება. ამასთან, უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო ვ. ა-ის და მ. მ-ის იპოთეკის უფლება. კასატორის განმარტებით, სააუქციონო მომსახურების გაწევის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 17.11.2011წ. მიწოდებული ინფორმაციით. სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა აუქციონთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. სასამართლომ უხეშად დაარღვია ზაკ-ის 601.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს "ჰ...ის" მიერ შპს "...ისაგან“ უძრავი ქონების შეძენისას, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული სამად იყო გაყოფილი. საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე იყო რეგისტრირებული 120 კვ.მ, 30 კვ.მ და 283.90 კვ.მ ფართები. 120 კვ.მ და 30 კვ.მ კომერციული ფართები დატვირთული იყო იპოთეკით, ხოლო 283,90 კვ.მ ფართი არ იყო დატვირთული რაიმე უფლებით. ამდენად, შპს „ჰ...მა“ მისი კუთვნილი 283,90 კვ.მ კომერციული ფართი, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გაყიდა თ. შ-ეზე. თუ მიჩნეული იქნება, რომ მითითებულ მისამართზე, პირველ სართულზე 283,90 კვ.მ კომერციულ ფართზე მეტი ფართი არ იყო, გაურკვეველია, რატომ არ აისახა შპს „ჰ...ის“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 283,90 კვ.მ კომერციულ ფართზე მ. მ-ის და ვ. ა-ის იპოთეკის უფლება. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. უდავოა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 17.11.2011წ. კერძო აღმასრულებელისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს "...ის" საკუთრებად ირიცხებოდა ზუსტად ის უძრავი ქონება, რომელიც აუქციონზე იქნა გატანილი და შეიძინა შ. მ-ემ. სასამართლომ არ იმსჯელა, რომ შ. მ-ე არის კეთილსინდისიერი შემძენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.05.2008წ. N01-22/416 ბრძანების საფუძველზე, ს. ჟ-ის სახელზე გაიცა 06.05.2008წ. N86/08 მშენებლობის ნებართვა, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2008წ. N... გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.05.2008წ. N86/08 მშენებლობის ნებართვისა და 12.02.2008წ. უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მშენებარე ობიექტზე აღირიცხა შპს „...ის“ საკუთრების უფლება (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...).
2009წ. შედგენილი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გასაყიდი ფართების განშლის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობია 598 კვ.მ, ხოლო განაშენიანების ფართობი - 463 კვ.მ. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართია 283,90 კვ. მ.
შპს „...ის“ დირექტორის 15.05.2009წ. N5-09 ბრძანებაში მითითებულ იქნა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, მრავალსართულიან მშენებარე საცხოვრებელ სახლზე განშლის შესახებ, არსებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანით. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ პირველ სართულზე მდებარეობს კომერციული ფართი: 1) 120 კვ.მ, 2) 30 კვ.მ, 3) 30 კვ.მ, 4) 50 კვ.მ, 5) 35,2 კვ.მ, სულ - 265 კვ.მ.
03.06.2009წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მშენებარე ფართების განაწილების შესახებ შპს „...ის“ 15.05.2009წ. N5-09 ბრძანების, 06.05.2008წ. N86/08 მშენებლობის ნებართვისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.05.2008წ. N01-22/416 ბრძანების საფუძველზე, შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, არასაცხოვრებელი (მშენებარე) ფართის პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ ფართი (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.06.2009წ. N... გადაწყვეტილებით, 19.05.2009წ. შპს „...სა“ და მ. მ-ეს შორის გაფორმებული იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ კომერციულ ფართზე (ს/კ ...) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. მ-ის იპოთეკის უფლება და გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.10.2009წ. N... გადაწყვეტილებით, 13.10.2009წ. შპს „ა...სა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა...ის“ სასარგებლოდ, პირველადი იპოთეკით დაიტვირთა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).
შპს „...ის“ დირექტორის 27.10.2009წ. N6-09 ბრძანებით, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე მრავალბინიან მშენებარე საცხოვრებელ სახლზე მოხდა განშლა, არსებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანით. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ პირველ სართულზე მდებარეობს კომერციული ფართი: 1) 120 კვ.მ, 2) 30 კვ.მ, 3) 30 კვ.მ, 4) 50 კვ.მ, 5) 35,2 კვ.მ, სულ - 265 კვ.მ.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.11.2009წ. N...-07 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული, არასაცხოვრებელი ფართის პირველ სართულზე მდებარე 30 კვ.მ ფართი დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრებად (ს/კ ...).
09.11.2009წ. შპს „...სა“ და ვ. ა-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 30 კვ.მ კომერციული ფართი (ს/კ ...). აღნიშნული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 13.11.2009წ. N... გადაწყვეტილებით და აისახა ამავე თარიღის ამონაწერში.
შპს „...ის“ პარტნიორთა კრების 29.01.2010წ. N1 საოქმო გადაწყვეტილებით, შპს „...მა“ შპს „ჰ...ს“ საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 283,9 კვ.მ კომერციული ფართი. კრების ოქმში მითითებულია, რომ საკუთრებაში გადაცემული ფართის ნაწილი დატვირთულია ხელშეკრულებებით.
შპს „...სა“ და შპს „ჰ...ს“ შორის გაფორმებული, 05.01.2010წ. დამოწმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ჰ...ს“ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე მშენებარე ბინის პირველი სართული (280 კვ.მ, ს/კ ...). ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანი დატვირთულია იპოთეკური სესხით, რაც მყიდველისათვის ცნობილია.
საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს 05.02.2010წ. N...-07 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 283,9 კვ.მ არასაცხოვრებელ (მშენებარე) ფართზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა შპს „ჰ...ის“ საკუთრების უფლება. ამავე თარიღით საჯარო რეესტრიდან გაცემულ ამონაწერში, იპოთეკის გრაფაში მითითებულია მხოლოდ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (საფუძველი: 21.12.2009წ. N... შეტყობინება).
29.04.2010წ. შპს „ჰ...სა“ და თ. შ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე მშენებარე ბინის პირველი სართულის 283,9 კვ.მ კომერციული ფართის (ს/კ ...) თ. შ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანი არ არის დატვირთული იპოთეკით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2010წ. N... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული 29.04.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული, არასაცხოვრებელი (მშენებარე) ფართის პირველ სართულზე მდებარე 283.90 კვ.მ ფართი დარეგისტრირდა თ. შ-ის საკუთრებად (ს/კ ...). ამავე თარიღით გაცემულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის იპოთეკის გრაფაში ფიქსირდება მხოლოდ შპს „ა...ის“ იპოთეკის რეგისტრაცია, 598 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მშენებარე ობიექტზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.05.2010წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. შ-ის განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე. ამავე თარიღით გაცემულ ამონაწერში აღარ ფიქსირდება შპს „ა...ის“ იპოთეკის რეგისტრაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.10.2011წ. საოქმო განჩინებით შპს „...სა“ და შპს „თ...ს“ შორის დამტკიცდა მორიგება: შპს „...ს“ შპს „თ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის - 20 950 ლარისა და პირგასამტეხლოს - 9000 ლარის გადახდა, 2011 წლის 12 ოქტომბრამდე. ამავე საოქმო განჩინებით დადგინდა, რომ შპს „...ის“ მიერ თანხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შპს „თ...ს“ უფლება ექნებოდა, მიემართა სააღსრულებო ბიუროსათვის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით. აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 08.11.2011წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა მ. ზ-ემ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
11.11.2011წ. კერძო აღმასრულებელმა შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი. აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე მშენებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ და 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები. კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2011წ. N... და 29.11.2011წ. N... გადაწყვეტილებებით, N... და N... უძრავ ნივთებზე განხორციელდა ყადაღის რეგისტრაცია.
11.11.2011წ. კერძო აღმასრულებელმა საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოვალის - შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით. ამასთან, კერძო აღმასრულებელმა გამოითხოვა ინფორმაცია ქონებაზე რეგისტრირებული ყველა უფლების თუ რაიმე სახის შეზღუდვის (აკრძალვის, ყადაღის, იპოთეკის) არსებობის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.11.2011წ. წერილით კერძო აღმასრულებელს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „...ის“ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ არასაცხოვრებელ (მშენებარე) ფართზე (ს/კ ...) და ამავე მისამართზე, პირველ სართულზე მდებარე 30 კვ.მ არასაცხოვრებელ (მშენებარე) ფართზე (ს/კ ...). წერილში მითითებულ იქნა, რომ N... უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ. მ-ის იპოთეკის უფლება (120 კვ.მ ფართი, საფუძველი: 19.05.2009წ. იპოთეკის ხელშეკრულება) და შპს „ა...ის“ იპოთეკის უფლება (598 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საფუძველი: 19.10.2009წ. იპოთეკის ხელშეკრულება). ამავე წერილის მიხედვით, N... უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ვ. ა-ის იპოთეკის უფლება (30 კვ.მ ფართი, საფუძველი: 09.11.2009წ. იპოთეკის ხელშეკრულება) და შპს „ა...ის“ იპოთეკის უფლება (598 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საფუძველი: 19.10.2009წ. იპოთეკის ხელშეკრულება).
აღსრულების ეროვნული ბიუროს N... და N... განკარგულებებით, მოვალის მიერ სასამართლოს 08.11.2011წ. სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდებლობის გამო, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (30 კვ.მ, ს/კ ... და 120 კვ.მ, ს/კ ...) დაინიშნა აუქციონი. აუქციონის დანიშვნის შესახებ, კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკართა ინფორმირება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულებით, იძულებითი აუქციონის შედეგად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 120 კვ.მ ფართის (ს/კ ...) შემძენი გახდა შ. მ-ე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.02.2012წ. N... გადაწყვეტილებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული, არასაცხოვრებელი (მშენებარე) ფართის პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ ფართი დარეგისტრირდა შ. მ-ის საკუთრებად (ს/კ ...). ამავე თარიღით მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში იპოთეკარებად მითითებულნი არიან: მ. მ-ე (იპოთეკის ხელშეკრულების თარიღი - 19.05.2009წ., იპოთეკის საგანი - 120 კვ.მ ფართი) და შპს „ა...ი“ (იპოთეკის ხელშეკრულების თარიღი - 19.10.2009წ., იპოთეკის საგანი - 598 კვ.მ მიწის ნაკვეთი).
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულებით, იძულებითი აუქციონის შედეგად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 30 კვ.მ ფართის (ს/კ ...) შემძენი გახდა შ. მ-ე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.02.2012წ. N...-03 გადაწყვეტილებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 598 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული, არასაცხოვრებელი ფართის პირველ სართულზე მდებარე 30 კვ.მ ფართი დარეგისტრირდა შ. მ-ის საკუთრებად (ს/კ ...). ამონაწერის იპოთეკის გრაფაში იპოთეკარებად მითითებულნი არიან: ვ. ა-ე (იპოთეკის ხელშეკრულების თარიღი - 09.11.2009წ., იპოთეკის საგანი - 30 კვ.მ ფართი) და შპს „ა...ი“ (იპოთეკის ხელშეკრულების თარიღი - 19.10.2009წ., იპოთეკის საგანი - 598 კვ.მ მიწის ნაკვეთი).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.01.2013წ. N... გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია. ამავე თარიღით გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 598 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი. 598 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე ობიექტის პირველ სართულზე ფიქსირდება: შ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული 120 კვ.მ არასაცხოვრებელი (მშენებარე) ფართი (ს/კ ..., რეგისტრაციის საფუძველი: აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულება), ამავე პირის საკუთრებად რეგისტრირებული 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ ..., რეგისტრაციის საფუძველი: აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... განკარგულება) და თ. შ-ის საკუთრებად რეგისტრირებული 283,90 კვ.მ არასაცხოვრებელი (მშენებარე) ფართი (ს/კ ..., რეგისტრაციის საფუძველი: 29.04.2010წ. უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება). ამავე ამონაწერის მიხედვით, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ. მ-ის (120 კვ.მ ფართი) იპოთეკის უფლება, ხოლო N... კოდის მქონე უძრავ ქონებაზე - ვ. ა-ის (30 კვ.მ ფართი) და შპს „ა...ის“ (598 კვ.მ მიწის ნაკვეთი) იპოთეკის უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე კასატორების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შ. მ-ის ინტერესს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 15.07.2019წ. გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შეფასება სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N..., N... განკარგულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, საკასაციო საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს 15.07.2019წ. განჩინებაში ასახული მსჯელობა, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დამდგარი შედეგების უკანონობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... და N... განკარგულებების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 147.1 მუხლის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით, ხოლო 147.7 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის.
მითითებული კანონის 17.2 მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან, მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. 69.1 მუხლის თანახმად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას, ხოლო 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... და N... განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.11.2011წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, მათ შორის - 11.11.2011წ. საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოვალის - შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით და ამავე თარიღით შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.11.2011წ. წერილით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, 08.11.2011წ. სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდებლობის გამო, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (30 კვ.მ, ს/კ ... და 120 კვ.მ, ს/კ ...) დაინიშნა აუქციონი, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2012წ. N... და N... განკარგულებებით, იძულებითი აუქციონის შედეგად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 120 კვ.მ და 30 კვ.მ ფართების (ს/კ ... და ...) შემძენი გახდა შ. მ-ე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხის სწორად შეფასებისათვის, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქმესთან დაკავშირებულ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც გამოირიცხება აუქციონის ჩატარების შედეგად, მესამე პირის - შ. მ-ის საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა, ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩა N...-ში მდებარე 120 კვ.მ და 30 კვ.მ ფართებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების და შესაბამისად, ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია. ამდენად, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, დაეყრდნოს რეესტრში დაცულ მონაცემთა სიზუსტეს. მითითებული კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ მონაცემთა სისწორე და შესაბამისი რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერში მონაცემთა სრულყოფილად მითითება, მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობაა. მონაცემთა არასათანადოდ ასახვა არ უნდა გახდეს კეთილსინდისიერი შემძენის უფლების შელახვის საფუძველი.
დადგენილია, რომ სადავო სააღსრულებო წარმოებისას კერძო აღმასრულებელი დაეყრდნო ინფორმაციას, რომლის უტყუარობასა და სისწორეზეც პასუხისმგებელია ინფორმაციის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების ვალდებულება, თუმცა უდავოა, რომ საჯარო რეესტრის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია შეუსაბამობაში იყო აუქციონზე რეალიზაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებულ რეალურ მონაცემებთან, კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ შპს „...ისაგან“ შპს „ჰ...ის“ მიერ შეძენილი, ხოლო შემდგომში - მოსარჩელე თ. შ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ... კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართი, მოიცავდა მანამდე შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ 30 კვ.მ და 120 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართებსაც. ამ პირობებში, საჯარო რეესტრის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს „...ის“ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კერძო აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა თ. შ-ის საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართები. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეალურად მოახდინა თ. შ-ის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილის (... კვ.მ ფართიდან 30 კვ.მ და 120 კვ.მ ფართების) იძულებით აუქციონზე რეალიზება, მესამე პირების სასარგებლოდ არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, რამაც გამოიწვია თ. შ-ის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შელახვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა სარეგისტრაციო საგანთან მიმართებაში დუბლირებისა და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უკეთესი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობისათვის მნიშვნელობის მინიჭების საკითხი. „..უკეთუ სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული..“ (სუს 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12), 21.11.2012წ. Nბს-593-588(კ-11) გადაწყვეტილებები და სხვ.). ამდენად, მართალია, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, თუმცა ერთ ობიექტზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობისას, როდესაც რეესტრის ჩანაწერები ერთმანეთს გამორიცხავენ, ჩანაწერთა სანდოობა ვერ იმოქმედებს. ასეთ პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. უდავოა, რომ სადავო უძრავ ნივთზე თ. შ-ემ მესამე პირზე ბევრად ადრე მოიპოვა საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია ძალაშია და არ გაუქმებულა შემდგომი რეგისტრაციებით, შესაბამისად, მოსარჩელის უფლება არის დაცვის ღირსი, რამდენადაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით - საჯარო რეესტრში სათანადო მონაცემების დაუზუსტებლობით დადგა ზიანის მომტანი შედეგი - აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღარ ითვლება რეალურად მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 150 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან საჯარო რეესტრის ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად, ფაქტი უცვლელია - აუქციონზე გასხვისდა უძრავი ქონება, რომელიც რეალურად არ წარმოადგენდა მოვალის - შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს. აღსრულება განხორციელდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ამდენად, დაუშვებელია, მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოიშვა და შედეგად - მის მიერ უკვე მოპოვებული საკუთრების საგნის ნაწილზე სხვა პირის საკუთრების უფლების საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - შ. მ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს "ჰ...ის" მიერ შპს "...ისაგან“ უძრავი ქონების შეძენისას, 283,90 კვ.მ ფართი ვერ ჩაითვლებოდა იპოთეკით დატვირთულად, რამდენადაც საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე იყო რეგისტრირებული 120 კვ.მ, 30 კვ.მ და 283.90 კვ.მ ფართები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში შესაბამისი მონაცემების სრულყოფილად დაუფიქსირებლობის მიუხედავად, შპს "ჰ...ისათვის“ 283,90 კვ.მ კომერციული ფართის ნასყიდობით გადაცემის ამსახველი ხელშეკრულების შინაარსი ადასტურებს გადაცემული ფართის ნაწილის დატვირთვას იპოთეკის უფლებით. ამასთანავე, უდავოა ის ფაქტი, რომ მშენებარე ნაგებობის პირველ სართულზე, შპს „ჰ...ისათვის“ გადაცემული 283,90 კვ.მ კომერციული ფართის გარდა, სხვა უძრავი ქონება არ არსებობს. ამდენად, სწორედ შპს „ჰ...ისათვის“ გადაცემულ ქონებაში შედიოდა 120 და 30 კვ.მ კომერციული ფართები, რომლებიც ჯერ კიდევ შპს „...ის“ საკუთრებად არსებობის პირობებში დაიტვირთა იპოთეკით.
რაც შეეხება შ. მ-ის, როგორც აუქციონზე სადავო უძრავი ნივთის შემძენი პირის კეთილსინდისიერებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას, რისთვისაც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმომშობი ქმედების არსებობა, აღნიშნული ქმედების კავშირი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამდენად, მესამე პირი არ რჩება სამართლებრივი დაცვის გარეშე. სათანადო წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამასთანავე, განსახილველი დავის საგნის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია აღნიშნულ წინაპირობებზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2019წ. განჩინება;
3. რ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შ. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 15.05.2020წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 14.04.2020წ. N05356 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე