საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-733(კ-19) 1 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 8 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ი/მ ,,ლ. ა-ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. სენაკში, ...ის №29-ში (ს/კ ...), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე იყენებდა ი/მ ,,ლ. ა-ი“. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ #003375015 დასკვნის თანახმად, ქ. სენაკში, ...ის N29-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 600 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, სააგენტოსა და ი/მ ,,ლ. ა-ს“ შორის 2016 წლის 17 მაისს გაფორმდა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.
მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (04.04.2016 წლის N12/33658, 19.04.2016 წლის N12/19091, 16.11.2016 წლის N12/58966), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე 13271,15 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ „ლ. ა-ს“ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის დაეკისრა 2 200 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ. იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოში დავის საგანია 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე პერიოდში უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრება.
ი/მ ,,ლ. ა-ი“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ,,ლ. ა-ი’’ 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში (ს/კ. ...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც უტყუარად დასტურდება ამ პერიოდში ლ. ა-ის განმარტებით და მის მიერ უძრავი ქონების სარგებლობისთვის საიჯარო ქირის, თვეში 150 ლარის გადახდით. სულ გადახდილია 450 ლარი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 11 ივნისის N003375015 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ. ...) წლიურმა საიჯარო ქირის ოდენობამ საორიენტაციოდ შეადგინა 10 600 ლარი, ანუ თითოეული დღე შეფასებულ იქნა 29.05 ლარად (10 600:365), რაც თვეში შეადგენს 883.40 ლარს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ქ. სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში მდებარე (ს/კ. ...) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 2015 წლის თებერვლის თვიდან 2015 წლის მაისამდე არამართლზომიერი სარგებლობისთვის ი/მ ,,ლ. ა-ს’’ თვეში უნდა გადაეხადა არა 150 ლარი, არამედ 883.40 ლარი (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), რაც სამ თვეზე გადამრავლებით შეადგენს 2650.20 ლარს. თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ი/მ ,,ლ. ა-ს’’ უკვე გადახდილი აქვს 450 ლარი, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს საერთო თანხის ოდენობას (2650-450=2200) და საბოლოოდ, მას უნდა დაეკისროს 2200 ლარი.
რაც შეეხება ი/მ ,,ლ. ა-ის’’ მიერ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობას სამეწარმეო საქმიანობის გამოყენების მიზნით, ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე თანდართული ფოტოილუსტრაცია და ფოტოსურათებზე აღბეჭდილი კვების ობიექტში საწარმოს ფუნქციონირებისთვის განთავსებული საჭირო ინვენტარი, ელექტრო, სანტექნიკური და სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, ოთახში განთავსებული ჭურჭელი სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რადგანაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ი/მ ,,ლ. ა-ის’’ მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება კომუნალური ხარჯების შესახებ, თავად ლ. ა-ის განმარტებით მას შემდეგ, რაც მან 2015 წლის მაისის თვეში მოსარჩელისგან შეიტყო, რომ საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის მიზნით დანიშნული იყო ექსპერტიზა, მან შეწყვიტა უძრავი ნივთით სარგებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა
მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დართული ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ვერ იქნა დადგენილი ი/მ ,,ლ. ა-ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში (ს/კ. ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ი/მ ,,ლ. ა-ი“ 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 11 ივნისის N003375015 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ. ...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 600 ლარს.
2016 წლის 17 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ,,ლ. ა-ს’’ შორის გაფორმდა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. ი/მ ,,ლ. ა-ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.04.2016 წ. №12/33658; 19.04.2016წ. №12/19091; 16.11.2016 წ. №12/58966 წერილებით ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა თვეში 883,40 ლარი და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. ლ. ა-ს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისის პერიოდისათვის 13271,15 ლარის ოდენობით.
კასატორის განმარტებით, თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა სამეწარმეო საქმიანობის გამოყენების მიზნით, რაც გათვალისწინებულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამავე კანონის 49-ე (პრიმა 2) მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის პერიოდი და შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებდნენ ლ. ა-ის მიერ 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის 17 მაისამდე სახელმწიფო ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად გამოყენების ფაქტს. კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათით, რომლის მიხედვით, ი/მ ,,ლ. ა-ის“ მიერ გადახდილია უძრავი ქონებით სარგებლობის ქირა 05.03.2015 წ. – 150 ლარი, 15.04.2015 წ.-150 ლარი, 22.05.2015 წ. – 150 ლარი, ჯამში - 450 ლარი. ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე თანდართული ფოტოილუსტრაციითა და ფოტოსურათებით დასტურდება, კვების ობიექტში საწარმოს ფუნქციონირებისათვის განთავსებული საჭირო ინვენტარის, სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებების, გაუხსნელი ყუთით სავსე ბოთლების, ოთახში განთავსებული ღვინით სავსე ჭურჭლის და სხვა ნივთების არსებობის ფაქტი, რასაც სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ლ. ა-მა მის არამართლზომიერ სარგებლობაში არსებული ფართი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჩააბარა 2016 წლის 17 მაისს, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მითითებულ თარიღამდე ი/მ ,,ლ. ა-ი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ „ლ. ა-ს“ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის დაეკისრა 2 200 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. მოწინააღმდეგე მხარეს - ი/მ ,,ლ. ა-ს“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისამდე სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის ი/მ „ლ. ა-ისათვის“ 11071,15 (13271,15-2200) ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ი/მ „ლ. ა-ის“ მიერ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისამდე სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ლ. ა-ი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს.
ქ. სენაკში, ს....ას ქუჩის N29-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ. ..., მესაკუთრეა სახელმწიფო.
დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონებით (ს/კ. ...) 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ი/მ ,,ლ. ა-ი’’, რაც დასტურდება მის მიერ უძრავი ქონების სარგებლობისთვის საიჯარო ქირის, თვეში - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით. სულ გადახდილი აქვს 450 ლარი.
2016 წლის 17 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელსა და ი/მ ,,ლ. ა-ს’’ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ლ. ა-მა ქ. სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში მდებარე არამართლზომიერ სარგებლობაში არსებული ფართი ჩააბარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 07 ივნისს გაცემული ცნობიდან დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივნისის მდგომარეობით, 01.02.2015-დან 17.05.2016 ჩათვლით, ი/მ ,,ლ. ა-ის’’ შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების საფუძველზე, ინდ.მეწარმე ,,ლ. ა-ის’’ მიერ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 11 ივნისის დასკვნაზე თანდართულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი კვების ობიექტში საწარმოს ფუნქციონირებისთვის განთავსებული საჭირო ინვენტარი, ელექტრო, სანტექნიკური და სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, ოთახში განთავსებული ჭურჭელი ვერ იქნება მიჩნეული ქონების კომერციული მიზნებისათვის გამოყენების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მხოლოდ ფოტოსურათებით შეუძლებელია აღნიშნულის დადგენა. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ, რომ 01.02.2015-დან 17.05.2016 წლის ჩათვლით ი/მ ,,ლ. ა-ის’’ შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ი/მ ,,ლ. ა-ის“ მიერ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 17 მაისამდე სახელმწიფო საუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩის N29-ში (ს/კ. ...) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურდაღებას მიაქცევს მოწინააღმდეგე მხარის - ი/მ ,,ლ. ა-ის“ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ლ. ა-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შუამდგომლობაში დაყენებულ მოთხოვნაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე