Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-422(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

27.06.2016წ. მ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.09.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.05.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, 23.04.1993წ. ი. მ-ს საკუთრებაში გადაეცა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). უძრავი ნივთი რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. 23.05.2006წ. მასსა და ი. მ-ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო იმავე წლის 2 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. 17.05.2016წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის (უძრავი ქონების საზღვრების დაზუსტების) მოთხოვნით. მისი მოთხოვნა არ დამაყოფილდა იმ მოტივით, რომ წარდგენილ საკადასტრიო აზომვით ნახაზსა და საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება. საკითხის დეტალურად შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.09.2015წ. N... გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ნ. დ-ის სახელზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. განჩინებით მ. გ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.07.2016წ. მ. გ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 21.07.2016წ. და 05.06.2017წ. განჩინებებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. დ-ე და სს „...ი“.

20.06.2017წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 15.09.2015წ. №..., 27.05.2016წ. N..., 19.05.2017წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 27.06.2018წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შესაფების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა განეხილა მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების მიზნით, სრულყოფილად უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სუს 24.05.2018წ. Nბს-743-735(კ-16) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ პირის უფლება, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავდროულად გულისხმობს ორგანოს ვალდებულებას, განიხილოს წარდგენილი საჩივარი. განსახილველ შემთვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ 27.05.2016წ. N... გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, საჩივრის ავტორს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.01.2018წ. N000303118, 31.07.2017წ. N004415717 დასკვნები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ნ. დ-ის №105 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა მ. გ-ის მიერ 23.05.2006წ. ი. მ-ისაგან შეძენილ, ...ში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. №121 და №105 მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის ურთიერთშედარებისას ნ. დ-ის №105 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა მ. გ-ის მიერ 23.05.2006წ. ი. მ-ისაგან შეძენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. 31.07.2017წ. №004415717 ექსპერტიზის დასკვნით, ...ში მდებარე, ი. მ-ის (დღევანდელი მესაკუთრე - მ. გ-ი) კუთვნილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ძირითადად ემთხვევა დღეისათვის საჯარო რეესტრში ნ. დ-ის სახელზე რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, საჯარო რეესტრმა, როგორც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.09.2015წ. N... გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს სამოქალაქო წესით სადავოდ არ გაუხდია ნ. დ-ესა და სს ,,...ს" შორის არსებული 17.05.2017წ. N... იპოთეკის ხელშეკრულება, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის დარღვევები, გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 333.2 მუხლის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. სასამართლოს განჩინებაში ასახული მსჯელობა ეწინააღმდეგება კანონს და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ განახორციელა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა არსებითად, არ იმსჯელა მის კანონიერებაზე. არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც სააგენტოს ავალდებულებს, განიხილოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, არათუ არ ავალდებულებს სააგენტოს მის განხილვას, არამედ ადგენს, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით (კანონის 29.3 მუხლი). ამრიგად, კანონმდებლის ნება ცალსახა და უპირობოა. კანონით იმპერატიულად განისაზღვრა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების განხილვა სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

კასატორი მიუთითებს, რომ ზაკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამავე კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული დებულებები. ამავე კოდექსის 80.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. ამდენად, ცალსახაა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ეკისრება ვალდებულება, განიხილოს მისი კანონიერება. აღნიშნულს ადასტურებს ასევე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. ბს-598-591 (კ-15), 02.11.2017წ. Nბს-231-227(კ-15) გადაწყვეტილებები). სააგენტო ასევე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 12.06.2018წ. განჩინებაზე (საქმე N3გ/529-17), რომელშიც სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლი არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, თუმცაღა აღნიშნული ეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას. ამრიგად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლში ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება დასაშვებია, თუმცა იგი წარმოადგენს საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაბათილება იმ პირობებში, როდესაც კანონი ერთმნიშვნელოვნად ადგენს გასაჩივრების წესს, დაუსაბუთებელი და უკანონოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ღიად დატოვა აღნიშნული საკითხი, განჩინებაში არ ყოფილა მსჯელობა მის კანონიერებაზე, შესაბამისად, არც სარეზოლუციო ნაწილშია მითითებული მისი გადაწყვეტილების კანონიერების ან უკანონობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა არ წარმოადგენს მხარის არგუმენტს, რომელიც სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს ან არ გაიზიაროს, შეაფასოს ან არ შეაფასოს. სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებს განხილვას და სამართლებრივ შეფასებას. მართლმსაჯულების განხორციელება პირის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობის შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებიათ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს. მათი მხრიდან დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით განმტკიცებული პრინციპი, რომელიც უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას გულისხმობს. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უგულებელყოფით სასამართლომ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც ეწინააღმდეგება არამხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, არასწორია მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით, ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა განსახილველ შემთხვევაში სრულად შესაძლებელი იყო სასამართლო წესით, ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის პროცედურების დარღვევას, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას. ამდენად, სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა, თავად გადაეწყვიტა დავა და არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდაბანში, ...ში მდებარე 0,10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ნივთის სარეგისტრაციო N...) 23.05.2006წ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა 23.04.1993წ. N63 მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული უძრავი ქონება 23.05.2006წ. ი. მ-ისაგან შეიძინა მ. გ-მა და საჯარო რეესტრში 02.06.2006წ. აღირიცხა შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

17.05.2016წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ. გ-მა და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2016წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება: განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2016წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონში, ...ში მდებარე 0,10 ჰა უძრავი ქონება (ს/კ ...) 13.10.2006წ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. დ-ის სახელზე (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა 23.04.1993წ. №123 მიღება-ჩაბარების აქტი). ნ. დ-ის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.09.2015წ. N... გადაწყვეტილებით, მითითებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და გაიცა შესაბამისი ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ნ. დ-ე რეგისტრირებულია თბილისში, ...ში მდებარე 1000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (ს/კ ...).

ნ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 15.09.2015წ. N... გადაწყვეტილება მ. გ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა. სააგენტოს 27.05.2016წ. N... გადაწყვეტილებით მ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2017წ. გადაწყვეტილებით, ნ. დ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე სს ,,...ის" სასარგებლოდ განხორციელდა იპოთეკის რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სააპელაციო პალატის განჩინებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე და კასაციის ძირითადი მოტივებიდან გამომდინარე, შეაფასოს: მართებულია თუ არა სადავო 27.05.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი ადგენს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი ადგენს გასაჩივრების განსაკუთრებულ წესს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, კერძოდ, კანონის 29.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში სასამართლოს კომპეტენციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესის მიუხედავად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მოკლებული შესაძლებლობას, უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ერთი მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლი ადგენს სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას როგორც უშუალოდ, ისე თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, ზაკ-ის 601 მუხლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილების მინიჭება, ადასტურებს ასევე მის უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან მიმართებაშიც. სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს მისი ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოცემული აქტების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობაზე. „..იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი..“ (სუს 25.05.2011წ. Nბს-1695-1651(კ-10), 26.09.2019წ. N1588(2კ-18) გადაწყვეტილებები; 14.07.2015წ. Nბს-408-403(2კ-14) განჩინება და სხვ.).

საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ გარანტიებზე, რომლებიც უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონის 6.2 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფისა და მათი ურთიერთშესაბამისობის მიზნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააგენტოს მხრიდან რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების საჭიროება. კანონის მითითებული ჩანაწერი ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, უკვე გამოცემული აქტების გადასინჯვით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში, აღმოფხვრას რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებასთან მიმართებაში განჩინებაში სათანადო მსჯელობის არარსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობის არარსებობა განპირობებულია სადავო საკითხის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობით. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, საქმის გარემოებათა გამოკვლევა და შეფასება. ამდენად, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საჭიროების გამო, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა რეგისტრაციის შესახებ სადავო აქტის მართლზომიერებაზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ არის შესაძლებელი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების დადგენა.

საკასაციო სასამართლო სადავო საკითხთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების თაობაზე მიუთითებს შემდეგს: ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვა, სისტემის თვითკონტროლის ფარგლებში, ორგანოს საშუალებას აძლევს, სადავო საკითხის ეფექტურად გადაწყვეტით გაასწოროს მის მიერვე დაშვებული შეცდომა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ჩაატაროს სრულყოფილი წარმოება და ჩატარებული წარმოების შედეგები ასახოს შესაბამის გადაწყვეტილებაში. საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს, რომ საკანონმდებლო დათქმა, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლო კონტროლს არ ავალდებულებს, მაგრამ ამავდროულად არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, შეისწავლოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. მითითებული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეფასებით ნაწილში არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, თუმცა თვლის, რომ შედეგობრივად მართებულია სარჩელის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა და დავის შემდგომი პერსპექტივის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.04.2019წ. N09254 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე