საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1080(კ-20) 16 ოქტომბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - დ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2016 წლის 24 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - დ. ბ-ის მიმართ და მოპასუხისთვის სამინისტროს სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 1000 (ათასი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დ. ბ-ს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და 2020 წლის 21 მარტს მან დაადასტურა დოკუმენტის მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ. ბ-მა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელსაც თან ერთვის გზავნილის ფოსტისთვის 2020 წლის 2 მაისს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო საჩივარს, ასევე, თან ერთვის კასატორის განცხადება, სადაც იგი განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, დროულად ვერ შეძლო საკასაციო საჩივრის გამოგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს ასევე განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, დ. ბ-ს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და 2020 წლის 21 მარტს კასატორმა დაადასტურა დოკუმენტის მიღება. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში დ. ბ-მა გამოხატა თანხმობა, წერილობითი მასალები მიეღო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 107) და საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მან ელექტრონული გზავნილი ნამდვილად ჩაიბარა, უფრო მეტიც, იგი თავად ადასტურებს საჩივრის ვადის დარღვევით წარმოდგენას. ამრიგად, 2020 წლის 22 მარტიდან დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 2020 წლის 13 აპრილს (ორშაბათს), ვინაიდან 21-ე დღე დაემთხვა 11 აპრილს - არასამუშაო დღეს (შაბათი). მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ. ბ-მა საკასაციო საჩივარი ფოსტაში მხოლოდ 2020 წლის 2 მაისს ჩააბარა. ამდენად, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, გასაჩივრების ვადის აღდგენა ან გაგრძელება კი დაუშვებელია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საჩივრის წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 21 აპრილის №2 ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით განისაზღვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. მითითებული დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. შედეგად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა პირთა კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ ყოფილა გამოცხადებული უქმე დღეები, სასამართლოს კანცელარიას არ შეუწყვეტია მუშაობა და სასამართლოში შესაძლებელი იყო საჩივრის წარმოდგენა. რაც შეეხება თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ 06:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდული არ იყო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა და მხარეს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება კონკრეტული ქმედებების განხორციელების მიზნით (გამონაკლისის სახით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად იყო აკრძალული მხოლოდ 2020 წლის 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, როდესაც უკვე გასული იყო საჩივრის წარმოდგენის ვადა), პირი უფლებამოსილი იყო, საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაინც მოემართა სასამართლოსთვის და წარმოედგინა საკასაციო საჩივარი. გასათვალისწინებელია, რომ დ. ბ-თან კომუნიკაცია სწორედ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხდებოდა, ამასთან, მან საკასაციო საჩივარი ფოსტის საშუალებით გამოაგზავნა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდშივე. ამდენად, კასატორს ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გასაჩივრების რეალური შესაძლებლობა. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, დაწესებული შეზღუდვების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, საჩივრის დროულად წარმოდგენას არ გამორიცხავდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია 21-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე