Facebook Twitter

№ბს-388(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 02 ივნისს დ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ დ. ვ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 აპრილის №704 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ. ვ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 აპრილის №704 ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელისათის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ვ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ დ. ვ-ს 2005 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №33, ბინა №45, ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, დ. ვ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №33, ბინა №45. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მისი ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც მიზანშეუწონელი იყო მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირის რეგისტრაციის ფაქტი, არ წარმოადგენს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის უპირობო საფუძველს. სასამართლოს მითითებით, ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგიპირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის დასკვნის, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 იანვრის №55 ცნობის, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებებისა და თავად მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების კითხვარის საფუძველზე, დასტურდებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე დ. ვ-ის მუდმივად ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში ცხოვრების ფაქტი. პალატამ დამატებით მიუთითა სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2009 წლის 4 თებერვლიდან - 2010 წლის 3 თებერვლის პერიოდში, დ. ვ-ი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, იღებდა სხვადასხვა სახის დახმარებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დ. ვ-ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების დროს დ. ვ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1986 წელს ქ.თბილისში. 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლის 9 კლასი. 2003 წელს დაამთავრა სკოლა-ლიცეუმი "...ე" ქ. თბილისში, 2003 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, წავიდა საცხოვრებლად სოფ. ...ში, ბებიასთან და პაპასთან. მშობლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. სოფ. ... დატოვა 2008 წლის 12 აგვისტოს. 2009 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკველვის მიზნით, წერილი გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მიღებული პასუხის თანახმად, დ. ვ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №33, ბ. 45. ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ვ-ს საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება ქ. თბილისი, ...ის ქ. N33, ბ. 45, ხოლო 2014 წელს აღებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში - გორი, სოფ. ....

კასატორი მითითებით, სასამართლო დაეყრდნო მესამე პირის - ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას. ხსენებული განმარტება შედგენილია ზეპირი მეხსიერებისა და გადმოცემის საფუძველზე, რადგან არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა პირის უტყუარად ცხოვრების ფაქტს. ომის დროს განადგურდა საკომლო ჩანაწერები. ამდენად, ამგვარი დასკვნები ხასიათდებოდა სარწმუნოობის ძალიან დაბალი ხარისხით, რადგან წინააღმდეგობაში მოდიოდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებულ და გამოკვლეულ სხვა, მაღალი სანდოობის მქონე მტიცებულებებთან, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებულ მტკიცებულებებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან. კასატორმა ყურადღება გააამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები (მშობლები) მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. ამასთან, 2014 წლამდე დ. ვ-ი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში (მისი მშობლების საცხოვრებელ მისამართზე). აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ დ. ვ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ ქ. თბილისში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე პერიოდულად ჩადიოდა სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან, არ ადასტურებდა მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

კასატორმა აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არამუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორის მოსაზრებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფითი, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

გასახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბებისა და ბაბუას საცხოვრებელი სახლი ჰქონდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოფელ ...ში.

საქმეზე წარმოდგენილია ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 იანვრის №55 ცნობა, რომლის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელე დ. ვ-ი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში. აღნიშნული აგრეთვე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში 2001 წელს სკოლისა და 2003 წელს სკოლა-ლიცეუმის დამთავრება არ გამორიცხავს მომდევნო წლებში მისი სოფელში მუდმივად ცხოვრების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ვ-ის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები გაბათილდა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები), ხოლო კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობის მხოლოდ ეჭვქვეშ დაყენება, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტირების (დასაბუთების) გარეშე, ვერ გახდება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე