№ბს-1164(კ-19) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირები - კერძო აღმასრულებელი ნ. კ-ა, შ. ხ-ი და გ. ვ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 დეკემბერს კ. ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ მარნეულში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების ( ს/კ ...) იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 აპრილის №A14093136-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ კერძო აღმასრულებელი ნ. კ-ა, შ. ხ-ი და გ. ვ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №2/8-16 საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით კ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს შ. ხ-სა და გ. ვ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. შ. ხ-მა (იპოთეკარი) გ. ვ-ს (მსესხებელი) ერთი თვის ვადით ასესხა 8500 აშშ დოლარი. იპოთეკით დაიტვირთა მარნეულის რაიონის სოფელი ...ში მდებარე კ. ვ-ის (მესაკუთრე) კუთვნილი უძრავი ქონება. 2014 წლის 17 დეკემბერს კერძო აღმასრულებლის - ნ. კ-ას მიერ მიღებულ იქნა კრედიტორის - შ. ხ-ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა, მოვალის - კ. ვ-ის კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 2014 წლის 19 დეკემბერს მოვალეს- გ. ვ-ს და მესაკუთრეს - კ. ვ-ს გაეგზავნათ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებული წინადადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით და ორივე კორესპონდენცია ჩაბარდა ნ. ვ-ას (პ/ნ ...), როგორც გ. ვ-ის მეუღლეს და კ. ვ-ის დედას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევდა, მოვალეთათვის ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში წინადადების შეთავაზების თაობაზე საფოსტო გზავნილის ნ. ვ-ასათვის ჩაბარების ფაქტს, არამედ მას სადავოდ მიაჩნდა ნ. ვ-ას მიერ საფოსტო შეტყობინების გასანფაშა და კ. ვ-ებისათვის გადაცემის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის 25-ე მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე და 78-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული მის მიმართ წარმართული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. ამასთან, თავად აპელანტი ადასტურებდა, რომ ნ. ვ-ი იყო მისი ოჯახის წევრი (დედა). პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ უშუალოდ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მოვალის ინფორმირების აუცილებლობას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა და ამგვარი ინფორმირების არარსებობა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა. პალატის მოსაზრებით, კ. ვ-მა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის 2014 წლის 19 დეკემბრის წინადადება მის ოჯახის წევრს არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო სადავო გარემოების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ვ-მა, რომელმაც სადავო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. კ. ვ-ის მოსაზრებით, სააპელაცო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისთვის უცნობი იყო სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ნ. ვ-ას განცხადებაც. კასატორის მითითებით, უკანონოდ ჩატარდა აუქციონი, რის შედეგადაც მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ამასთან, შ. ხ-ს სრულად აქვს მიღებული მისი კუთვნილი თანხა და მან მოტყუებით მოაწერინა ხელი კასატორის მამას პროცენტის პროცენტის დაბრუნებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს შ. ხ-სა (იპოთეკარი) და გ. ვ-ს (მსესხებელი) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა მარნეულში, სოფელ ...ში მდებარე კ. ვ-ის (მესაკუთრე) კუთვნილი უძრავი ქონება. კრედიტორმა - შ. ხ-მა 2014 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. 2014 წლის 15 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 2014 წლის 19 დეკემბერს მოვალეს - გ. ვ-ს (პ/ნ ...) და იპოთეკით დატვირთული მესაკუთრეს - კ. ვ-ს (პ/ნ ...) გაეგზავნათ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურები, რომელთა მიხედვით, გ. ვ-ისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებული აქვს ნ. ვ-ას (მეუღლეს) პ/ნ ..., ასევე ამ პირის მიერ არის ჩაბარებული კ. ვ-ისათვის განკუთვნილი გზავნილიც. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ვ-ს ნებაყოფლობით არ შეუსრულებია მოთხოვნა, რასაც შედეგად უძრავი ქონების აუქციონის გზით გასხვისება და სადავო განკარგულების გამოცემა მოჰყვა.
კასატორი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებას უთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ კ. ვ-ს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება. გზავნილი ჩაბარდა კასატორის ოჯახის წევრს - ნ. ვ-ას. ჩაბარების დასტურში მითითებულია, რომ ნ. ვ-ა წარმოადგენდა ადრესატის შვილს. აღნიშნულს უარყოფს თავად კასატორი, თუმცა იგი ადასტურებს რომ ნ. ვ-ა არის მისი ოჯახის წევრი - დედა. ამდენად, დასტურში დაშვებული ხსენებული უსწორობა გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტაზე. საქმის მასალებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - ადრესატის ოჯახის წევრს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, მის არაინფორმირებულობის თაობაზე.
კასატორი, საკასაციო საჩივარში აგრეთვე მიუთითებდა, რომ იპოთეკარ შორენა ხოკერაშილს მიღებული აქვს თავისი კუთვნილი თანხა და უძრავი ქონების აუქციონის გზით გასხვისება უკანონოდ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 აპრილის №A14093136-013/001 განკარგულების კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე გ. ვ-ის მიერ 22.11.2019წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. გ. ვ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 22.11.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე