Facebook Twitter

№ბს-387(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ი. მ-ას მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 28 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. მ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. მ-ასათვის პირგასამტეხლოს სახით 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ი. მ-სათვის პირგასამტეხლოს სახით 1 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ი. მ-ასთვის პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. მ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ი. მ-ა გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი. 2017 წლის 26-29 ივნისს ... შესრულებაში ი. მ-ამ მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ი. მ-ასთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი ი. მ-ა დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან. ამდენად, პალატის შეფასებით, უდავო იყო ის გარემოება, რომ ი. მ-ამ ვერ ჩააბარა გამოცდა ერთ-ერთ საგანში. შესაბამისად, სახეზე იყო აკადემიური საფუძვლით მასთან გაფორმებული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. აღნიშნული კი თავის მხრივ, კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის №264 დადგენილების შესაბამისად, მოითხოვა ი. მ-ასთვის პირგასამტეხლოს სახით 1 500 ლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ვალდებულების სახისა და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, როგორც კონტრაქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე აპელანტის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და ექვემდებარებოდა შემცირებას. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, გამოცდის ჩაუბარებლობის გამო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახის თუნდაც 1 500 ლარის დაკისრება არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. პალატამ მიიჩნია, რომ ი. მ-ას მიერ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვრულიყო 500 ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის №264 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის №238 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1 500 ლარამდე - I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

კასატორმა აღნიშნა, რომ ი. მ-ა დათხოვნის პერიოდისთვის წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასაწავლო ბატალიონის I კურსის იუნკერს, ამდენად, კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის №264 დადგენილების საფუძველზე, მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 1 500 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ სადავო განჩინება ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი ი. მ-ა დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან. ამდენად, სახეზე იყო აკადემიური საფუძვლით მასთან გაფორმებული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. აღნიშნული კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ი. მ-ასათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს ხსენებული უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ ახდენს კასატორის მიერ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, სააპელაციოს სასამართლოს მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 500 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრულობის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე