Facebook Twitter

საქმე #ბს-524(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 4 მარტს ე. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2013 წლის 26 აპრილის #52497/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლითაც დევნილის სტატუსის მინიჭება და საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ სიაში აღრიცხვა მოითხოვა. 9 თვის შემდეგ, 2014 წლის 3 თებერვალს დაკმაყოფილდა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ე. ბ-ის მოთხოვნა და შესაბამისად, 2014 წლის 19 თებერვალს გაიცა დევნილის მოწმობა.

მოსარჩელის მითითებით, 2018 წელს მან #74720 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის აღნიშვნით, უარს საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომლის 2.1.5. პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, სახელმწიფოს მიერ შესყიდულ საცხოვრებლებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372-ს გადაწყვეტილებისა და „ე. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის #04/68834 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ე. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372-ს გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ე. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის #04/68834 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ე. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში მისი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადის განხილვაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ქ. თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ბ-მა 2013 წლის 26 აპრილს მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2014 წლის 27 იანვარს მიიღო #272 ბრძანება, რომლითაც ე. ბ-ს (პ/ნ ...) მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების რეალიზაცია მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის გზით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მხარის კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აქტის კანონიერების შემოწმებისას არ გამოიკვლია მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უსაფუძვლობასთან ერთად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სწორედ ხანდაზმულობის მოტივით ეთქვა უარი.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად სასამართლოში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული განმარტებებისა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულებელყო მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც სათანადო წესით შეფასების შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372-ს გადაწყვეტილებისა და „ე. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის #04/68834 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისთვის მოსარჩელე ე. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5. პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, სახელმწიფოს მიერ შესყიდულ საცხოვრებლებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 26 აპრილს ე. ბ-მა #52/497/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. სამინისტროს 2014 წლის 27 იანვრის #272 ბრძანებით ე. ბ-ს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2018 წლის 24 მაისს ე. ბ-მა შეავსო განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს #01/2372-ს წერილით ე. ბ-ს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2014 წლის 3 თებერვალს, ხოლო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მისი განაცხადი სამინისტროში რეგისტრირებულია 2018 წლის 24 მაისს. სამინისტრომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5. პუნქტზე და განუმარტა ე. ბ-ს, რომ ვინაიდან იგი ქ. თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, არ არსებობდა გრძელვადიანი საცხოვრებლით ფართის მიღების მიზნით მის მიერ შევსებული განაცხადის განხილვის საფუძველი იმ დევნილ ოჯახებთან ერთად, რომლებიც ქ. თბილისში რეგისტრირებულნი არიან 2013 წლის 1 ივნისამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში მისი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადის განხილვაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ქ. თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ბ-მა 2013 წლის 26 აპრილს მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2014 წლის 27 იანვარს მიიღო #272 ბრძანება, რომლითაც ე. ბ-ს (პ/ნ ...) მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების რეალიზაცია მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის გზით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევა არ შეიძლება გახდეს მხარის კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე