Facebook Twitter

საქმე #ბს-662(2კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 12 იანვარს თ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2016 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის (სასაზღვრო პოლიციის ...) თანამდებობაზე „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის“ საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებით. მოსარჩელის მითითებით, მას სამსახურეობრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მიღებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო. ამასთან, მის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა.

მოსარჩელის აღნიშვნით, იგი 2016 წლის 26 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #2950151 ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 27 მარტს მოსარჩელე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

მოსარჩელის მოსაზრებით, იგი თანამდებობიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, რამდენადაც სადავო ბრძანებები მიღებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ თ. დ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ ჩატარებულა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება.

ამდენად, მოსარჩელემ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #72950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის თ. დ-ას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... ინსპექტორის (სასაზღვრო პოლიციის ...) ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანება; არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თ. დ-ას ...ის (სასაზღვრო პოლიციის ...) ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთმითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას, შეზღუდული იყო კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.

სააპელაციო პალატამ, მოცემულ შემთხვევაში, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა, რადგანაც მის კომპეტენციაში აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის მოწესრიგებული კანონმდებლობით და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანების მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს. მითითებული ნორმის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებული იყო არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მათი არარა აქტებად აღიარების წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიმართ სწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პრაქტიკაში ეფექტური რეალიზაციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული იქნა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების“ შესახებ 2016 წლის 21 ივნისის #786 ბრძანება, რომლითაც მინისტრის მიერ მოხელეების დანიშვის უფლებამოსილება ასევე დელეგირებული იქნა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე. კერძოდ, იმავე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. კასატორის მითითებით, აღნიშნული უფლებამოსილების კონკრეტიზაცია არის ასევე მოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის #1014 ბრძანებაში, რომლის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მუხლის დეფინიცია მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებასა და იმავე დროს მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ მიიღო ნორმამ მსგავსი ნორმატიული შინაარსი, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის გარდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ასევე გააჩნია „სხვა უფლებამოსილ პირს“ - შსს მინისტრს. რომ არა მსგავსი ჩანაწერი, აღნიშნული ბრძანებები, როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესთან, რომელიც მინისტრს საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია, რაც წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლთან. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებებზე დაყრდნობით, კანონის მე-20 და 25-ე მუხლები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც სამართლებრივი კუთხით გაუმართლებელია.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც არეგულირებს პოლიციის ორგანიზაციულ მოწყობას) ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის ხსენებული ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კასატორის მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ხოლო იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. სამინისტრო წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულების თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის სფეროს დასარეგულირებლად, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, ასევე, მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება სამინისტროს მოსამსახურეზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთმევა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ ნიშნავს მისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევას. კონკრეტულად კი ფაქტი, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს მინისტრის ბრძანებით (2006 წლის 21 ივნისის #786) მიეცა საკადრო საკითხების დარეგულირების, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება, არ ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ამ უფლების შეზღუდვას. კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #72950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის თ. დ-ას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... ინსპექტორის (სასაზღვრო პოლიციის ...) ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 71-ე მუხლზე, რომელშიც არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროს მმართველობის სფეროს მიეკუთვნება, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გამიჯვნას, მათ შორის, ახდენს სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციაც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ამასთან, ამავე დებულების მე-7 მუხლი შეიცავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); იურიდიული დეპარტამენტი; გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ეკონომიკური დეპარტამენტი; ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი; საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი); განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი; სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მიგრაციის დეპარტამენტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ამავე დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება ახდენს სამინისტროს ერთიანი სისტემისათვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მიკუთვნებას, თუმცა, ამავდროულად, სტრუქტურულ ქვედანაყოფთა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება ცალსახად განსაზღვრავს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) ფუნქციებს, რომელთა შესრულება უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას მიეკუთვნება, განსხვავებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან, რომელიც მართალია შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში, თუმცა წარმოადგენს არა სამინისტროს ერთ-ერთ რომელიმე დეპარტამენტს, ანუ სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, არამედ ცალკეულ სპეციალურ სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები, უნიფორმა, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, არამედ, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტთან ანგარიშვალდებულება მიუთითებს მის სპეციალურ დანიშნულებასა და განსაკუთრებულ ფუნქციებზე. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას განცალკევებით გააჩნია საკუთარი გერბი და დროშა, ემბლემა, ბეჭედი და ა.შ, მისი სტრუქტურა და საქმიანობა კი რეგულირდება ცალკეული საკანონმდებლო აქტით - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებით“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება-მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედება არ გულისხმობს საკანონმდებლო რეგულაციებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურულ ქვედანაყოფებად მოაზრებას, რამდენადაც კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განცალკევებით, იმპერატიულად და ამომწურავად ჩამოთვლის ამგვარ ქვედანაყოფებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებს, განცალკევებით განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და დანიშნულებას, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არ წარმოადგენენ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ისინი მათგან განცალკევებით არსებობენ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, თ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე თ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იდენტურ საქმეზე ანალოგიურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის #ბს-537(2კ-19) და 2019 წლის 26 სექტემბრის #ბს-884(კ-19) განჩინებებით არარა აქტად ჩაითვალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე