საქმე #ბს-595(2კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 4 იანვარს სს „სადაზღვევო კომპანია ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სს „სადაზღვევო კომპანია ...ი“ წარმოადგენს შპს „სადაზღვევო კომპანია ...ის“ სამართალმემკვიდრეს, რომელიც შეიქმნა ამ უკანასკნელის რეორგანიზაციის შედეგად 2015 წლის 23 დეკემბერს.
2011 წლის 19 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სს „სადაზღვევო კომპანია ...ისა“ და სხვა სადაზღვევო კომპანიების მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 8 თებერვლის მომართვისა და საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 8 თებერვლის #36 დავალების საფუძველზე, შედგა აქტი. აქტის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „სადაზღვევო კომპანია ...ში“ რაიონებისა და თვეების მიხედვით, 2010 წლის მაისიდან ბენეფიციართათვის დაგვიანებით ჩაბარებულ პოლისებზე ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 928 587 ლარი. მოსარჩელის აღნიშვნით, ხსენებული თანხა გამოძიების მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფოსათვის ზიანით მიყენებული ზარალის თანხად და სადაზღვევო კომპანიას დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული თანხის გადარიცხვა.
მოსარჩელის განმარტებით, საგამოძიებო სამსახურის დავალების საფუძველზე, კომპანიის მიერ 2011 წლის 17 თებერვალს სს „...ის“ მეშვეობით, 928 597 ლარი გადაირიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, დანიშნულებაში მითითებულია - „ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოსარჩელის აღნიშვნით, იმავე დღეს, იმავე რაოდენობის თანხა - 928 597 ლარი, შეცდომით ასევე გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროში, დანიშნულებაში კი მითითებულია - „სისხლის სამართლის საქმე #... შპს „სადაზღვევო კომპანია ...ი“. კომპანიამ გადარიცხვების წარმოების შემდეგ მიმართა როგორც სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეცდომით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მათ სასარგებლოდ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის - 928 587 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურა.
ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად შეიცვალა მოსარჩელე სუბიექტის სახელწოდება და ნაცვლად სს „სადაზღვეო კომპანია ...ი“, მიეთითა სს ,,სადაზღვეო კომპანია ე...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით მესამე პირის - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „სადაზღვევო კომპანია ე...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სს „სადაზღვევო კომპანია ე...ას“ სასარგებლოდ დავალა სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის - 928 587 ლარის დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 17 თებერვალს სს „...ის“ მეშვეობით თანხა 928 597 ლარი ჯერ გადაირიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, ხოლო შემდგომ, იმავე დღეს, იგივე რაოდენობის თანხა შეცდომით ასევე გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა დაზარალებულს - სახელმწიფოს მისთვის მიყენებული ზიანი, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვის გზით. სახელმწიფოს წინაშე რაიმე სხვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ პერიოდში მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ და კომპანიას მხოლოდ ერთხელ წარმოეშვა სახელმწიფოს, როგორც დაზარალებულის, წინაშე ზიანის - 928 587 ლარის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ცალსახაა, ამ ტრანზაქციის მიზანს წარმოადგენდა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის #13/41262 წერილიც, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უტყუარად დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა 8 წლის შემდეგაც კვლავ დეპოზიტზეა განთავსებული. საქმის მწარმოებელ ორგანოს კი არ მიუცია მითითება სააღსრულებო ბიუროსთვის სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის აღნიშვნით, მოცემული საქმის განხილვისას საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხის დანიშნულება ზემოთმითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებაა, თუმცა სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რატომ არ ხორციელდებოდა თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ამ დროის განმავლობაში ან იგეგმებოდა თუ არა მათი მხრიდან ასეთი მითითების მიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ჯერ კიდევ 2011 წელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო თანხების დანიშნულებით წარმართვას ახორციელებს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მომართვის საფუძველზე და პასუხისმგებელია მხოლოდ მის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესაბამისი დანიშნულებით განკარგვის უზრუნველყოფაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის #13/63262 მომართვით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა - 928 587 ლარი წარმოადგენდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის თანხას.
კასატორის აღნიშვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონია აღსრულების ქვემდებარე აქტი და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, ვინაიდან მისი სადეპოზიტო ანგარიში განკუთვნილია სწორედ სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ ზიანის ანაზღაურების თანხის განსათავსებლად. კასატორი განმეორებით განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა მოხდა არა რომელიმე აქტის აღსასრულებლად, არამედ ზიანის ანაზღაურების მიზნით.
კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე. კასატორის განმარტებით, მოცემული სამართალურთიერთობა არ იყო სამოქალაქო-სამართლებრივი ბუნების, სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის გადახდა მოხდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლი ითვალისწინებს გირაოს სახით ფულადი თანხის შეტანას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. მსგავსად ამისა, ნებისმიერი თანხა, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, შეიტანება სწორედ ამ ანგარიშზე, მათ შორის, სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიში განკუთვნილია სისხლის სამართლის პროცესში ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის განსათავსებლად. კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია გადახდის მიზნობრიობისა და მისი სისხლის სამართლის საქმესთან კავშირის დადგენა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნას პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებათა წარუდგენლობასთან დაკავშირებით, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ პროკურატურა არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით, მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სს „სადაზღვევო კომპანია ე...ას“ სასარგებლოდ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის - 928 587 ლარის დაბრუნების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 17 თებერვალს სს „...ის“ მეშვეობით თანხა 928 597 ლარი ჯერ გადაირიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, ხოლო შემდგომ, იმავე დღეს, იგივე რაოდენობის თანხა შეცდომით ასევე გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა დაზარალებულს - სახელმწიფოს მისთვის მიყენებული ზიანი, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვის გზით. სახელმწიფოს წინაშე რაიმე სხვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ პერიოდში მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ და კომპანიას მხოლოდ ერთხელ წარმოეშვა სახელმწიფოს, როგორც დაზარალებულის, წინაშე ზიანის - 928 587 ლარის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ ცალსახაა, ამ ტრანზაქციის მიზანს წარმოადგენდა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის #13/41262 წერილიც, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უტყუარად დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა 8 წლის შემდეგაც კვლავ დეპოზიტზეა განთავსებული. საქმის მწარმოებელ ორგანოს კი არ მიუცია მითითება სააღსრულებო ბიუროსთვის სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოცემული საქმის განხილვისას საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხის დანიშნულება ზემოთმითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებაა, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ვერ წარადგინა რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რატომ არ ხორციელდება თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ამ დროის განმავლობაში ან იგეგმება თუ არა მათი მხრიდან ასეთი მითითების მიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ჯერ კიდევ 2011 წელს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადასტურებულად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ნებაყოფლობით აქვს ანაზღაურებული ზიანი უშუალოდ დაზარალებულისთვის, რასაც ადასტურებს თავად დაზარალებულის - სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 3 სექტემბრის #18/66978 წერილი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული წერილის შინაარსზე: შპს „სადაზღვევო კომპანია ...ს“ განემარტა, რომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სხვა შემოსულობების დაბრუნება რეგულირდება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის #916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლით. ამასთან, სადაზღვევო კომპანიას ეცნობა, რომ ხაზინის ერთიან ანგარიშზე შპს „სადაზღვევო კომპანია ...ის“ მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 928 587 ლარი ჩარიცხულია მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის 17 თებერვალს. როგორც წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, 2011 წლის 17 თებერვალს შპს „სადაზღვევო კომპანია ...ის“ მიერ თანხა 928 587 ლარის ოდენობით, ასევე ჩარიცხულია სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ ანგარიშზე, რომლის ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმორიცხვა არ ფიქსირდება.
საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში შემოწმება-შეფასების შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებული სახელმწიფოსთვის ხელმეორედ ზიანის ანაზღაურების მიზნით დეპოზიტიდან თანხის გადარიცხვის წინაპირობა აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 391 მუხლზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლოა განთავსებული იყოს თანხა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა როდესაც პირის მიერ შეცდომით ან ზედმეტად ხდება თანხის განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე, კანონი მას ანიჭებს შესაძლებლობას უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების მიზნით მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან იმ თანხების დაბრუნება, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და საქმეში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ვერ იქნება მიმართული დაზარალებული სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის, რადგან ზიანი უკვე ანაზღაურებულია და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება - შეწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე არ ყოფილა გადარიცხული არც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ან განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით და არც სხვა, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის აღსრულების მიზნით, არამედ მისი ჩარიცხვა განხორციელდა ნებაყოფლობით. შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეულია ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 07.07.2020წ. #09087 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 14.08.2020წ. #10927 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 7 700 ლარის ოდენობით, ჯამში - 8 000 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.07.2020წ. #09087 საგადახდო მოთხოვნითა და 14.08.2020წ. #10927 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 (300 + 7 700) ლარის 70 პროცენტი - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე