საქმე #ბს-672(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 19 ოქტომბერს გ. ე-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2001-2005 წლებში იგი სწავლობდა შპს „...ის“ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. 2005 წლის 25 ივნისს მას ...ის საბჭოს მიერ მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და გადაეცა დიპლომი.
მოსარჩელის მითითებით, შპს „...ი“ დაარსდა 1995 წლის 5 ოქტომბერს და აღნიშნული სახელწოდებით იარსება 2005 წლამდე, ხოლო 2005 წელს იგი ხელახლა დარეგისტრირდა, შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, გახდა უცხოური საწარმოს ფილიალი და ეწოდა ... „...ი“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 8 ივლისის #533 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ...ს შეეცვალა სახელწოდება და 2010 წლის 28 ივნისიდან ეწოდა „...ი“.
მოსარჩელის აღნიშვნით, შპს „...ი“ საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა 1995 წლის 28 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის #398გ განკარგულების საფუძველზე. აღნიშნული განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაევალა ...ის ...ის მეთოდური უზრუნველყოფა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 13 აგვისტოს #1003701 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში (...ი) 2001-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. აღნიშნული განცხადების პასუხად, ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის #MES 3 18 01123459 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უსაფუძვლოდ და არათანაზომიერად ლახავს გ. ე-ას უფლებებს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის #MES 3 18 01123459 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გ. ე-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ...ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ... ...ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 სექტემბრის #MES 3 18 01123459 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ. ე-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ...ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის #397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...სა“ და ...ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ...ი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ...ი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და მოპასუხის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო არ ახდენს აღნიშნულ ნორმასთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას, კერძოდ, ...ი (...ი) 2001-2005 წლებში არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რადგანაც მის სახელზე პირველი ლიცენზია გაიცა 2006 წელს.
კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ...ის (...ი) 2006 წლამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი), მოცემულ შემთხვევაში - უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც დასრულდებოდა კვალიფიკაციის მინიჭებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის) ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს 2006 წლის 20 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად მიღებული განათლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ არა რამდენიმე თვე ან წელი, არამედ, საბაკალავრო პროგრამა სრულად გავლილია არალიცენზირებულ დაწესებულებაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გარემოებები უგულებელყოფილია გასაჩივრებული განჩინებით. ამასთან, ყურადღება მახვილდება მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი მხარდაჭერილი იყო სახელმწიფო უწყებათა მხრიდან, თუმცა, კასატორის მითითებით, ამის ობიექტურად გამოკვეთილი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, გარდა მესამე პირის ახსნა-განმარტებისა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მხარდაჭერისა და სახელმწიფოს ნებართვის ერთადერთი ფაქტი იყო ლიცენზიის მინიჭება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორის მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის #397გ განკარგულებით მხოლოდ გადაწყდა ზემოხსენებული დაწესებულების ფილიალის თბილისში შექმნა. ეს განკარგულება არ წარმოადგენდა მისი ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძველს, არამედ იგი იყო მხოლოდ მხარეთა შორის გამოხატული ნების სამომავლო რეალიზებაზე შეთანხმება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინსტიტუტი არ მოქმედებდა სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში. აღნიშნულზე შესაბამის უწყებას ინფორმაცია არ მოეპოვება.
ამასთან, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრი მიიჩნევს, რომ ის არ იზღუდება კანონიერი ნდობის პრინციპით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
კასატორის მითითებით, კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების/საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
კასატორი აგრეთვე განმარტავს, რომ დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კასატორის მოსაზრებით, საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს #MES 3 18 01123459 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გ. ე-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ...ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის #397გ განკარგულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...სა“ და ...ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ...ი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ...ი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას კანონმდებლის მიზანი არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 9 მუხლის მე-2 ნაწილითა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებისა და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 30.12.2019წ. #14312 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2019წ. #14312 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე