Facebook Twitter

საქმე #ბს-667(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 მარტს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის #76/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით ი/მ მ. გ-ი „...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველად დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2011 წლის 8 ნოემბრის #156 დადგენილება; შპს „...ის“ მიერ ი/მ მ. გ-ი „...ზე“ 5738,73 გადახდის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და შპს „...ს“ დაევალა აბონენტის #... აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალიანების ჩამოწერა.

სარჩელის თანახმად, შპს „...ი“ სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის, დარიცხვის გაუქმებისა და აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანის ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელის მოსაზრებით, სემეკს უფლება არ ჰქონდა, ხანდაზმულად მიეჩნია აბონენტზე დარიცხული თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი/მ მ. გ-ი - „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მომხმარებლის დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და ჩამოწერა სასამართლომ არასწორად განსაზღვრა კომისიის კომპეტენციად. მოცემულ შემთხვევაში, სემეკი შეიჭრა მომხმარებელსა და შპს „...ს“ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კასატორის მითითებით, დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევისას გამოსარკვევი გარემოებების წრე უნდა დაადგინოს სასამართლომ. ამასთან, სამოქალაქოსამართლებრივი საკითხი განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით, რა დროსაც დაირღვა შპს „...ის“ უფლება, მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილი ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის #76/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ მ. გ-ი „...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველად დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2011 წლის 8 ნოემბრის #156 დადგენილება; შპს „...ის“ მიერ ი/მ მ. გ-ი „...ზე“ (აბონენტი #...) 5738,73 გადახდის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და შპს „...ს“ დაევალა აბონენტის #... აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალიანების ჩამოწერა. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის, დარიცხვის გაუქმებისა და აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის #ბს-682-668(კ-14) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე: „... კომისიის უფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებით. კომისიის 12.08.10წ. #14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ 11.12 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ კომისია უფლებამოსილია დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, არ ნიშნავს დარიცხვასთან დაკავშირებული დავის კომისიის მიერ გადაწყვეტის შესაძლებლობას მხოლოდ სამართლადარღვევისათვის სახდელის დაკისრების საკითხზე მსჯელობის შემთხვევაში. ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქცია კომისიისათვის კანონით მინიჭებული ექსკლუზიური საჯარო ფუნქციათა რიგს განეკუთვნება („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 4.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხ.). ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციონალური ბუნება და მისი ნორმატიული ფუნქციების არსი განაპირობებს კომისიის უფლებამოსილებას მის რეგულირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე, შესაბამისად ხსენებულ ნორმებში იმის აღნიშვნა, რომ კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები გულისხმობს კომისიის რეგულირების სფეროში წარმოქმნილ დავებს. რეგულირება თავის მხრივ მონიტორინგის, ზედამხედველობის (კონტროლის) და კოორდინაციასთან ერთად გულისხმობს აგრეთვე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღებას („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „მ“ ქვეპუნქტი). სამართლებრივი აქტი არის როგორც ნორმატიული, ასევე ინდივიდუალური აქტი („ნორმატიული აქტების შესახებ “ კანონის 2.2. მუხ.). ამდენად, რეგულირება გულისხმობს არა მხოლოდ ნორმატიულ რეგულაციას, არამედ ამ ნორმებით განსაზღვრული საერთო, გენერალური რეგულაციის (ნორმის) ინდივიდუალური შემთხვევისადმი დაყვანას, მათ შორის კომისიის მიერ დავების გადაჭრასთან დაკავშირებით აქტების გამოცემით. რეგულაცია, მართვა მოიცავს თავის თავში დავების გადაჭრის იურისდიქციულ საქმიანობას. კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ადგენს არა მხოლოდ პოზიტიური, უდავო, არამედ აგრეთვე ნეგატიური, სადავო ურთიერთობების გადამჭრელ პროცედურებს“.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ 2012 წლის იანვარში დარიცხული დავალიანების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადების შეტანის დროისთვის გასული იყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რის გამოც დავალიანება კანონიერად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია) შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 17.08.2020წ. #23 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2020წ. #23 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე