№ბს-385(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 08 ივნისს თ. ჭ-ემ და ლ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №01-02/08/10812 გადაწყვეტილებისა და მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №05-01/06/13012 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. ჭ-ის და ლ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლი 15 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №01-02/08/10812 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №05-01/06/13012 გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №01-742/ს მიმართვის მიხედვით, თბილისში, გრძელვადიანი განსახლების გასული ეტაპების ვადებში, ერთოთახიანი ბინებით უზრუნველყოფას დაექვემდებარა იმ პრეტენდენტთა განცხადებები, რომლებსაც მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად შევსებულ განაცხადებებზე, წინასწარი შეფასებით მიენიჭათ შემდეგი ქულები: 1. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 09.11.2015წ., ოქმი №124 ერთოთახიანი - 9,5 ქულა და მეტი, 3 ოჯახი კენჭისყრით - 9 ქულა; 2. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 18.04.16წ., ოქმი №38 ერთოთახიანი - 9 ქულა და მეტი; 3. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 05.12.2016წ., ოქმი №122 ერთოთახიანი - 6,5 ქულა და მეტი. გადაწყვეტილება მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების რაოდენობის შესახებ მიიღება დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, გასანაწილებელი ფართების ოდენობისა და შევსებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიერ შევსებული განაცხადი, მინიჭებული 4 ქულის რიგითობის დაცვით, არ დაქვემდებარებია მონიტორინგს, შესაბამისად, განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 და მე-6 მუხლებზე, და აღნიშნა, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. პალატის მოსაზრებით, სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №01-742/ს მიმართვაზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილება მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების რაოდენობის შესახებ მიიღებოდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, გასანაწილებელი ფართების ოდენობისა და შევსებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით. თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიერ შევსებული განაცხადი, მინიჭებული 4 ქულის რიგითობის დაცვით, არ დაქვემდებარებია მონიტორინგს, შესაბამისად, განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ მხოლოდ წინასწარ მინიჭებული ქულათა ოდენობა იქნა გათვალისწინებული და მათი განაცხადი არ დაექვემდებარა მონიტორინგს. სააპელაციო პალატამ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 97-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მოსარჩელეთა მონიტორინგი, რაც სანდოობის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფდა მათი საჭიროებების გამოკვეთას, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებას, შესაბამისი ქულის მინიჭებას. სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით კვლევას - მოსარჩელეთა ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ განაცხადი შეავსო თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რის შემდეგაც დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილებამ შეაფასა განაცხადი, მასზე თანდართული დოკუმენტაცია, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარი, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე დევნილი ოჯახის მდგომარეობა და შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 4 ქულა. საცხოვრებელი ფართის მისაღებად პრიორიტეტულ ქულად მიჩნეული იყო 6,5 და მეტი ქულა. კასატორის მითითებით, დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიაზე განსახილველად გადის მხოლოდ ისეთი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 6,5 და მეტი ქულა. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახის საკითხი ვერ იქნებოდა კომისიაზე განხილული, ვინაიდან მას არ გააჩნდა საკმარისი ქულა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება ითვალისწინებს წინასწარი ქულის მინიჭებისა და კომისიის მიერ პრიორიტეტული ქულის დადგენის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კომისია არ დაადგენს საცხოვრებლით უზრუნველსაყოფ ოჯახთა რიგითობას და არ განსაზღვრავს პრიორიტეტულ ქულას, დაირღვევა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, მოხდება ათასობით არაპერსპექტიული განაცხადის განხილვა და, ამასთანავე, ადგილი ექნება დროისა თუ ადამიანური რესურსების უმიზნო ხარჯვას.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულის უკანონობას არ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი გარემოება. სამინისტროს განმარტებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ითვალისწინებს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების ორ პრინციპს: კრიტერიუმებით ან კრიტერიუმების გარეშე. კრიტერიუმების შესაბამისად დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი განაცხადისა და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, სამინისტროში შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, არსებული რესურსის ფარგლებში განსაზღვრავს იმ საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთა განაცხადებსაც მინიჭებული აქვთ უფრო მაღალი ქულა. თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული 4 ქულა არ იყო საკმარისი სახელმწიფოს მიერ აშენებულ, რეაბილიტირებულ ან შესყიდულ ობიექტებში ერთ ოთახიანი საცხოვრებელი ფართის მიღებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახმა განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №01-02/08/10812 სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ განხორციელდა თ. ჭ-ის ოჯახის განაცხადის გადაფასება და დევნილ ოჯახს მიენიჭა 4 ქულა. სადავო აქტში აღნიშნული იყო, რომ მინიჭებული ქულის შესაბამისად, თ. ჭ-ის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განიხილებოდა ქ. თბილისში დაგეგმილი განსახლების შემდეგ ეტაპზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დევნილი ოჯახის რეალური საჭიროებების დეტალურ კვლევასა და შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №01-742/ს მიმართვა, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილება მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების რაოდენობის შესახებ მიიღებოდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, გასანაწილებელი ფართების ოდენობისა და შევსებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით. თ. ჭ-ისა და ლ. რ-ის მიერ შევსებული განაცხადი, მინიჭებული ქულის გამო, არ დაქვემდებარებია მონიტორინგს, შესაბამისად, განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მოსარჩელეთა მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფდა მათი საჭიროებების გამოკვეთას, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებას, შესაბამისი ქულის მინიჭებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით კვლევას - მოსარჩელეთა ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე