№ბს-349(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 07 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ც-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 14 ნოემბერს ნ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 სექტემბრის №SP180506809/480012 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 სექტემბრის №SP180506809/480012 ბრძანება, რაც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 07 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ფულადი დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით, ნ. ც-ის მიმართ დაიწყო გამარტივებული წარმოება. 2018 წლის 18 ივნისს, გამარტივებული წარმოების დაწყებისა და სათანადო რეაგირების მიზნით, ნ. ც-ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. მითითებული შეტყობინება რესპოდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ...ა, ...ას ქ. №5. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,...ის“ დასტურების მიხედვით, ადრესატმა - ნ. ც-ემ 2018 წლის 14 ივლისს და ამავე წლის 01 აგვისტოს უარი განაცხადა საფოსტო გზავნილების ჩაბარებაზე, რის გამოც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 12 სექტემბერს გამოსცა №SP180506809/480012 ბრძანება, რესპონდენტ ნ. ც-ისათვის დავალიანების სახით 3278 ლარის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე და 75-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული შპს ,,...ის“ შეტყობინების ბარათებით დგინდება, რომ ნ. ც-ემ 2018 წლის 14 ივლისს და ამავე წლის 01 აგვისტოს უარი განაცხადა შესაბამისი გზავნილების ჩაბარებაზე, თუმცა აღნიშნული შეტყობინების ბარათები არ შეიცავენ პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს - ადრესატის პირად ნომერს, რაც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ საფოსტო გზავნილების ჩაბარებაზე ნამდვილად ნ. ც-ემ განაცხადა უარი. პალატის მოსაზრებით, ამ პირობებში, მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 2018 წლის 14 ივლისს და 01 აგვისტოს იგი არ იმყოფებოდა ...აში და ისვენებდა ქობულეთში. აღნიშნული ფაქტის უტყუარობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რომლებიც ნ. ც-ესთან ერთად იმყოფებოდნენ ქობულეთში. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხისათვის ცნობილი იყო რესპოდენტის სხვა საკონტაქტო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), ადრესატისათვის ფოსტის მეშვეობით შეტყობინების ჩაუბარებლობის პირობებში, სააღსრულებო ბიუროს გზავნილის ჩაბარება უნდა ეცადა სხვა საკონტაქტო საშულებებითაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 07 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. კასატორის მითითებით, ხსენებული ნორმა ადგენს სპეციალურ რეგულირებას და ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის სამართლებრივ შედეგს უთანაბრებს ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებას. კასატორის მოსაზრებით, ხსენებული რეგულაცია მიმართულია ადრესატის შეზღუდვისაკენ, რადგან მის მიერ მიზანმიმართულად არ მოხდეს უწყების ჩაბარების თანმდევი შედეგებისაგან თავის არიდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ უტყუარად არ დასტურდება ნ. ც-ის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმა, რადგან საფოსტო დასტური არ შეიცავს ადრესატის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს - პირად ნომერს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადრესატის პირადი ნომრით იდენტიფიცირების ვალდებულებას. კასატორის მითითებით, ორი უკუგზავნილი ადასტურებს ნ. ც-ის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმას. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, საქმის მასალებში ფიქსირდება ნ. ც-ის მხოლოდ ერთი მისამართი, სადაც განხორციელდა კურიერის ვიზიტი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ადრესატის იდენტიფიცირებას ახდენს კურიერი. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია რაიმე მაკონტროლებელი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას. კასატორის მითითებით, ადრესატის დამატებითი საკონტაქტო მონაცემების მოძიება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გზავნილის ჩაბარდება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ორგანოსათვის ცნობილ მისამართზე. კონკრეტულ შემთხვევაში კი ნ. ც-ემ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ფულადი დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით, ნ. ც-ის მიმართ დაიწყო გამარტივებული წარმოება. 2018 წლის 18 ივნისს, გამარტივებული წარმოების დაწყებისა და სათანადო რეაგირების მიზნით, ნ. ც-ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. შეტყობინებით ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. ნ. ც-ეს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. მითითებული შეტყობინება რესპოდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ...ა, ...ას ქ. №5. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,...ის“ უკუგზავნილების მიხედვით, ადრესატმა - ნ. ც-ემ 2018 წლის 14 ივლისს და ამავე წლის 01 აგვისტოს უარი განაცხადა საფოსტო გზავნილების ჩაბარებაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ნ. ც-ეს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ სადავო - 2018 წლის 12 სექტემბერის №SP180506809/480012 ბრძანების გამოცემა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელების გამო, გადახდევინების ბრძანების გამოცემის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დასტურდება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ შეტყობინება ნ. ც-ეს, შპს „...ის“ მეშვეობით, გაეგზავნა მისამართზე: ...ა, ...ას ქ. №5. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, ნ. ც-ემ ორჯერ განაცხადა უარი უწყების ჩაბარებაზე. ამდენად, კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ უტყუარად არ დასტურდება ნ. ც-ის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმა, რადგან საფოსტო დასტური არ შეიცავს ადრესატის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს - პირად ნომერს. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტებით, ნ. ც-ე 2018 წლის 14 ივლისს და 01 აგვისტოს იგი არ იმყოფებოდა ...აში და ისვენებდა ქობულეთში. აღნიშნული გარემოება, გამორიცხავს ნ. ც-ის მიერ უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამდენად, არ დასტურდება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარება, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს სადავო ბრძანების კანონიერებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 31.03.20წ. №04464 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 07 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.03.20წ. №04464 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე