Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-11(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ. ჭ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018 წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ივნისს დ. ჭ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის N711 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დავალება, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ჭ-ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

დ. ჭ-მა აღნიშნა, რომ 2016 წლის 29 ივლისს ორგანიზაციამ ,,...ის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში (საქმე № 3-189-16), ორი სასარჩელო მოთხოვნით:

1. ბათილად ცნობილიყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№04/3080) მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ. ჭ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემულიყო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დ. ჭ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის 29 ივლისის სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული №04/3080 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა და გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების (2017 წლის 06 მარტი) შემდეგ, 2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოსარჩელე დ. ჭ-ი და მისი წარმომადგენელი - ნ. გ-ი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართული შეხვედრის ამსახველი ოქმის (,,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის № 3-189-16 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი №7“) თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მოსარჩელე დ. ჭ-ს შესთავაზეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა ბინის ქირის გადახდის პირობით, მხოლოდ 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ შეთავაზებაზე, სატელეფონო შეტყობინებით, მოსარჩელემ უარი განაცხადა, ვინაიდან 2017 წლის დეკემბრის შემდეგ არსებობს სერიოზული რისკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობების გაზიარების შემთხვევაში, კვლავ დარჩეს სახლის გარეშე და ქუჩაში მოუწიოს ცხოვრება. მხოლოდ 2017 წლის დეკემბერის ჩათვლით ბინის ქირის გადახდის შეთავაზებაზე დ. ჭ-ის მიერ უარის თქმის შემდეგ, 2017 წლის 18 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№711), რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დ. ჭ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტში საბინაო ფონდის არარსებობის გამო.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის №711 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ჭ-ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

დ. ჭ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მას აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0, რომელიც არ წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელი ცნობის გაცემის საფუძველს.

დ. ჭ-ს შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მას აქვს ამისთვის საჭირო ყველა უნარი.

№3/189-16 საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბერის გადაწყვეტილების შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ უზრუნველყო დ. ჭ-ისათვის სტაბილური საცხოვრებლით დაკმაყოფილება და 2017 წლის 18 აპრილის №711 ბრძანებით უარი უთხრა დ. ჭ-ს საცხოვრებლის გადაცემაზე.

მატერიალური მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას საქალაქო სასამართლომ გამოიყენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის №1888-რს დადგენილებით, ასევე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

სასამართლომ აღნიშნა, რომ დ. ჭ-ს 28 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ დადგენია. პირველად, 2011 წლის 05 მაისს, ...ის დასკვნით (სერია 10882) დაუდგინდა დიაგნოზი გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით F.71.1 და მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ.

2013 წლის 27 დეკემბერს ...ოს უფროსის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე დ. ჭ-ს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ...ში, რომლის თანახმადაც, დ. ჭ-ს დაუდგინდა დიაგნოზი-მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. 2014 წლის 20 თებერვალს დ. ჭ-ი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აიყვანეს ...ში იმავე დიაგნოზით: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. ...ში რამდენიმე ვიზიტის განხორციელების შემდეგ, დ. ჭ-ის დიაგნოზი არ შეცვლილა.

სასამართლოს მითითებით, დ. ჭ-ი მუშაობდა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატში მომვლელად. მხოლოდ იმის გამო, რომ დ. ჭ-ს არ ჰქონდა საცხოვრებელი, იგი აგრძელებდა ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. მას სურდა, რომ შეექმნა ოჯახი და ჰყოლოდა შვილები, ამიტომ უნდოდა საკუთარ სახლში გადასვლა.

საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ საჭირო აღარ იყო დ. ჭ-ის ყოფნა პანსიონატში, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს უნდა უზრუნველეყო იგი საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ჭ-ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება დ. ჭ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ დასაბუთებად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2015 წლის 25 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N139 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა) თანახმად, 2011 წლის 05 მაისს ... დასკვნით დ. ჭ-ს, პირველად, 28 წლის ასაკში, დაუდგინდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით და მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ. 2013 წლის 5 დეკემბერს, შშმ პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ...ოს უფროსის ბრძანების შესაბამისად, ბენეფიციარს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, დ. ჭ-ს დაუდგინდა დიაგნოზი - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართა სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N3-189-16 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე. საკითხი შეეხებოდა მოქალაქე დ. ჭ-ისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.

სხდომაზე იურიდიული განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს მოქალაქე ჭ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, კერძოდ კი, ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვინაიდან საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთრების უფლებით გადასცეს საცხოვრებელი ფართი დ. ჭ-ს, ამ ეტაპზე შესაძლებელია ამ უკანასკნელის ბინის ქირით უზრუნველყოფა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის მე-11 მუხლის შესაბამისად. მიმდინარე სხდომა გადაიდო ორი კვირით. 28 მარტს, სატელეფონო შეტყობინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დ. ჭ-ის წარმომადგენელმა აცნობა, რომ არ არის თანახმა ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე, მას აქვს შიში მომავალი წლიდან იქნება თუ არა ქირით უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იგი ითხოვდა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას (ტ.1, ს.ფ. 46-48).

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის N711 ბრძანებით დ. ჭ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მუნიციპალიტეტში საბინაო ფონდის არარსებობის გამო.

მატერიალური მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დ. ჭ-ი ითხოვდა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას საკუთრების უფლებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილია შშმ პირის უფლება იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, რაც არ გულისხმობს მხოლოდ საცხოვრებელი ობიექტის ბენეფიციარისთვის საკუთრების უფლებით გადაცემას, იგი ასევე მოიაზრებს სხვა სამართლებრივი საფუძვლით საცხოვრებლით სარგებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია შშმ პირი იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, თუმცა კანონი არ ადგენს ამგვარი ღონისძიების სამართლებრივ საფუძვლად ქონების საკუთრებაში გადაცემას. პირი შესაძლებელია იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით დაქირავების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო უზრუნველეყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ქირის თანხის გადახდით, რაც ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი ვალდებულების შესრულებად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო შემდეგი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დ. ჭ-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მას საკუთრებაში ვერ გადასცემდა საცხოვრებელ ფართს, თუმცა თანხმობის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდნენ საცხოვრებელი ფართით ქირის გადახდის გზით. აღნიშნულ შეთავაზებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შეასრულა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, შესთავაზა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოსარჩელეს, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი. აღნიშნულ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუშვებელია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისროს მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა, რადგან მსგავს დანაწესს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება დ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე დ. ჭ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, როგორც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით, ასევე 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დ. ჭ-ი ითხოვდა მხოლოდ საკუთრების უფლებით სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კასატორმა მიუთითა, რომ სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავდა მხოლოდ საკუთრების უფლებით ქონების გადაცემას. მოსარჩელემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობისას დააფიქსირა პოზიცია, რომ სურდა საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლების მოპოვება, იქნებოდა ეს ქირავნობით თუ სხვაგვარი ფორმით.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არც ქირავნობაზე განუცხადებია უარი „იმ შემთხვევაში, თუ მისი ქირით უზრუნველყოფა იქნებოდა მუდმივი და აღნიშნული არ იქნებოდა დამოკიდებული თვითმმართველი ორგანოს ყოველწლიურად განახლებულ სოციალურ პროგრამაზე.“

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეს სთავაზობდა დროებით, მაქსიმუმ ერთწლიან საცხოვრებელს, რაც არ წარმოადგენდა სამართლებრივად გარანტირებულ იმ საცხოვრებელს, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტითა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით.

კასატორი აღნიშნავს, რომ მას არასოდეს მოუთხოვია საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა, იგი ითხოვს მხოლოდ სტაბილურ საცხოვრებელს, რომლის დატოვებაც არ მოუწევს რამდენიმე თვეში. კასატორი სადავოს ხდის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას, იმას თუ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა - მოსარჩელის ბინის ქირით დაკმაყოფილება მხოლოდ რამდენიმე თვით. შესაბამისად, დ. ჭ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).“ განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია (შედავება) და აღნიშნა: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დ. ჭ-ი ითხოვდა მხოლოდ საკუთრების უფლებით სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. დამტკიცებულად ცნობილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არაა წარმოდგენილი პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ:

2015 წლის 25 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N139 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა) თანახმად, 2011 წლის 05 მაისს ... დასკვნით დ. ჭ-ს, პირველად, 28 წლის ასაკში, დაუდგინდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით და მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ. 2013 წლის 05 დეკემბერს, შშმ პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ...ოს უფროსის ბრძანების შესაბამისად, ბენეფიციარს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, დ. ჭ-ს დაუდგინდა დიაგნოზი - მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F 70.0.

მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ 18.03.2016წ. N01/26-16, 28.04.2016წ. Nგ-01/41-16, 18.07.2016წ. Nგ-01/81-16 განცხადებებით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ. ჭ-ისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, რაზედაც ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცხადა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართა სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N3-189-16 გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე. საკითხი შეეხებოდა მოქალაქე დ. ჭ-ისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის N711 ბრძანებით, მოქალაქე დ. ჭ-ს უარი ეთქვა, საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მუნიციპალიტეტში საბინაო ფონდის არარსებობის გამო.

დ. ჭ-ი ითხოვს მისი სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.“ შესაბამისად, განსახილველი საქმის გადაწყვეტა დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულების არსებობაზე.

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (N711 ბრძანების) გამოცემის მომენტში მოქმედი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით.“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის N1888-რს დადგენილებით რატიფიცირებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე, საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.“

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კონვენცია ქმნის ეფექტიან მექანიზმებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად, თუმცა იგი ადამიანის უფლებების გარანტიების შემქმნელი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისგან, მაგალითად „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისგან“, დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოებს არ აკისრებს ახალ, დამატებით ვალდებულებებს ანუ იმ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფოს მანამდე არ ჰქონდა აღიარებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართის განსასაზღვრად მიზანშეწონილია მხედველობაში იქნეს მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარები, რომლებიც დაკავშირებულია ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უფლებასთან („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტი). საცხოვრებელი პირობების ადეკვატურობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოებაა მფლობელობის სამართლებრივი გარანტია, რაც შესაძლოა გამოვლინდეს არაერთი სამართლებრივი ფორმით, მათ შორის, დაინტერესებული პირისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემით, კერძო სუბიექტის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ქირავნობით და ა.შ. მფლობელობის ფორმის მიუხედავად, ნებისმიერ პირს უნდა გააჩნდეს მფლობელობის გარანტიის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას სხვადასხვა საფრთხის, მაგალითად, იძულებითი გამოსახლების წინაშე (კომიტეტის 1991 წლის N4 ზოგადი კომენტარი, პუნქტი 8(a)).

საკასაციო სასამართლო შიდა საკანონმდებლო და საერთაშორისო სამართლის აქტებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება არ ნიშნავს საცხოვრებელი ფართის მხოლოდ საკუთრებაში გადაცემას და ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით, მათ შორის, კერძო სუბიექტთან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების გზით. ამასთან, არ არის სავალდებულო, ხელშეკრულება იყოს მუდმივმოქმედი. ქირავნობის ხელშეკრულების მუდმივმოქმედ ხასიათზე არ მიუთითებს არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი მის მიერ მიღებულ ზოგად კომენტარებში, რომელიც დაკავშირებულია ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უფლებასთან. საყურადღებოა, ასევე ქირავნობის ხელშეკრულების ორმხრივი ბუნება. საცხოვრებელი ფართის მუდმივად დასაქირავებლად საკმარისი არაა მხოლოდ სახელმწიფოს ნება, სავალდებულოა კერძო სუბიექტის თანხმობა, მისი კუთვნილი ფართის უვადოდ გაქირავების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება შეეხება არა მხოლოდ განსახილველ, არამედ ნორმატიული აქტიდან გამომდინარე განუსაზღვრელი რაოდენობის პირთა წრეს, რაც კასატორთა მიერ შეთავაზებული განმარტების პირობებში, ნიშნავს სახელმწიფო ვალდებულებას, მოიძიოს საცხოვრებელი ფართის მუდმივად გაქირავების მსურველი არაერთი კერძო სუბიექტი. ასეთი ვალდებულების შესრულება კი, ცალმხრივად, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ, ობიექტურად შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფოს (თვითმმართველი ერთეულის) ვალდებულება მდგომარეობს ისეთი საკანონმდებლო და ფინანსური მექანიზმების შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას გარანტირებულ საცხოვრებელ ფართზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უფლების დაცვის თვალსაზრისით, განმსაზღვრელია არა მოსარჩელის ნივთთან სამართლებრივი კავშირის ფორმა, არამედ ამ კავშირის სიმყარე და იმის გარანტირებული შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაიდება. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების ვადა, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ქმნიდეს სტაბილურობის განცდას. საკასაციო სასამართლო მოსარჩელისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების ვადას არ აფასებს როგორც გონივრულს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 28-ე მუხლის მეორე პუნქტის „d“ ქვეპუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას.“ აღნიშნული დებულების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება შესაძლოა განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით და ამ პირებს უნდა გააჩნდეთ მასზე შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.“ იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში პრიორიტეტულობაზე ხაზგასმა მიუთითებს თვითმმართველი ერთეულის ვალდებულებაზე, ბიუჯეტის შედგენის პროცესში გაითვალისწინოს ის ფინანსური გარანტიები, რაც პრიორიტეტულად უზრუნველყოფს კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო მხოლოდ საკუთრების უფლებით სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისკენ. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ განცხადებებზე (18.03.2016წ. N01/26-16; 28.04.2016წ. Nგ-01/41-16; 18.07.2016წ. Nგ-01/81-16), რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით „საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხის“ განხილვა, ასევე ადმინისტრაციულ სარჩელზე, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირის სამართლებრივად გარანტირებული ფართით დაკმაყოფილება. ფართი კი სამართლებრივად შესაძლოა გარანტირებულ იქნეს როგორც საკუთრების უფლებით, ასევე ქირავნობის ხელშეკრულებით. ამასთან, კასატორს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო პოზიცია რუსთავის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დ. ჭ-ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა ფართის გამოყოფა როგორც საკუთრების უფლებით, ასევე ქირავნობის ხელშეკრულების დადების გზით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჭ-ის ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის №711 ბრძანება დ. ჭ-ისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

5. მოპასუხეს - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ჭ-ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე