Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-22(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 მაისს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 მარტის N15038290-011/003 გადაწყვეტილებით შეწყდა სააღსრულებო წარმოება აღსრულების N15038290 საქმეზე, კრედიტორი - ი. კ-ე, მოვალე - რ. ტ-ი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და 84-ე მუხლის მე-9, მე-10 პუნქტები. კერძოდ, აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ მოვალე რ. ტ-მა წარმოადგინა უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულრებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ისევე როგორც მიღებული გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და მართლსაწინააღმდეგოა, შემდეგი გარემოებების გამო: 2015 წლის 11 დეკემბრის No4628 საქართველოს კანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და 84-ე მუხლის მე-9, მე-10 პუნქტები ამოღებულია, ცვლილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. გაუგებარია, როგორ შეიძლება იყოს კანონიდან ამოღებული ნორმები ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველი. აღნიშნული შემთხვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგულირებული ნამდვილად არ არის, რამდენადაც წარმოუდგენელია ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდოს კანონის ის რედაქცია, რომელიც ძალაში არ არის. თუ აღმასრულებელმა არ იცოდა აღნიშნული ცვლილების შესახებ და იგი მოქმედებდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, ამ შემთხვევაშიც დარღვეულია კანონის ამავე რედაქციის მოთხოვნები, რამდენადაც 84-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების ძველი რედაქციის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას, უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გაფრთხილების წერილი მოვალე რ. ტ-ს ჩაბარდა 2015 წლის 12 ივნისს, რაც დასტურდება აღსრულების A15038290 საქმეში დაცული ...ის ... დასტურით. 2015 წლის 16 ივნისს წარდგენილ იქნა მოვალის განცხადება, რომლითაც მოვალე რ. ტ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ისეთი განსაკუთრებული ვითარების არსებობა, რაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა ამ საფუძვლით აღსრულების შეჩერებაზე, რაც პირდაპირაა დადგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქციები) აღმასრულებლის ვ. ფ-ის 2015 წლის 7 ივლისის A15038290-005/007 წერილით. მიუხედავად აღნიშნულისა, აღმასრულებლის თვითნებური ქმედებით აღნიშნული საქმე გაგრძელდა 2016 წლის 8 თებერვლამდე და 2016 წლის 17 თებერვალს განმეორებით გაეგზავნა გაფრთხილება მოვალეს, რომელიც ჩაჰბარდა ამავე დღეს. მოვალეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომლითაც ხელმძღვანელობდა აღმასრულებელი, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში არაუგვიანეს 2016 წლის 29 თებერვლისა. 2016 წლის 9 მარტს რ. ტ-ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1989 წლის 31 ივლისის No2/749 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თითქოსდა მის შვილს (დაუდგენელია ნათესაური კავშირი) აქვს ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლება. აღნიშნული დოკუმენტი, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 332-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციასა და ამავე კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაზე, არ შეიცავს არც უძრავი ქონების, არც მასზე უფლების მომპოვებელი პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამასთან, იგი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც გამორიცხავს მისი განხილვის შესაძლებლობას, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

2016 წლის 17 მარტის N15038290-011/003 გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იმ გარემოებაზე, მითითებით, რომ აღმასრულებელს უნდა ემოქმედა საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული კანონის რედაქციით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 აპრილის No1763 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული აგრეთვე ის დარღვევები რაც დაშვებულ იქნა აღმასრულებლის მიერ აღსრულების წარმოების პროცესშიც. ბიუროს თავმჯდომარეს არ უმსჯელია აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი 10 - დღიანი ვადის დარღვევით წარდგენილი დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე არ არის განხილული მართლზომიერი მფლობელობის ნამდვილობის საკითხი, საჩივრის განხილვისას არ იყო გამოკვლეული უძავი ქონების იდენტიფიცირების საკითხი და გაუგებარია, როგორ მივიდა აღსრულების ეროვნული ბიურო იმ დასკვნამდე, რომ რ. ტ-ის შვილს სწორედ ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აქვს მართლზომიერი სარგებლობის უფლება. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ უძრავი ქონება შეძენილია სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე, რასაც ეწინააღმდეგება თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის №A15038290-011/003 გადაწყვეტილებისა და ი. კ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 აპრილის N1763 ბრძანების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ტ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 დეკემბრის A14016547-011/001 განკარგულების თანახმად, მოვალის რ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, ფართობი - 1700 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ...) შემძენი, 2014 წლის 03 დეკემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. კ-ე.

2015 წლის 13 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 დეკემბრის A14016547-011/001 განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საცხოვრებელი სახლი, N2, N3, საცხოვრებელი ფართი 155.10 კვ.მ. დამხმარე ფართი 84.34 კვ.მ. სამეურნეო ფართი 231.89 კვ.მ.) 2015 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა ი. კ-ის საკუთრების უფლება.

ი. კ-ემ 2015 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას და მოითხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონებიდან მოვალის რ. ტ-ის გამოსახლება.

2015 წლის 29 მაისის განცხადების წარმოების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ რ. ტ-ს 2015 წლის 29 მაისს გაუგზავნა A15038290-004/002 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. 2015 წლის 29 მაისის A15038290-004/002 გაფრთხილებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის შესაბამისად, რ. ტ-ს მიეცა წინადადება გაფრთხილების მიღების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით გამოეთავისუფლებინა თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ი. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ან წარედგინა ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობისა და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას). ამავე დოკუმენტით რ. ტ-ს განემარტა, რომ მითითებული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო დამატებით 10 დღემდე გაეზარდა დოკუმენტის წარდგენის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება. 29.05.2015წ. A15038290-004/002 გაფრთხილება რ. ტ-ს ჩაჰბარდა 2015 წლის 15 ივნისს.

რ. ტ-მა 2015 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას და განმარტა, რომ ვინაიდან თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების რეალური ფართი მეტია ი. კ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართზე, ამ უკანასკნელს უარი უნდა ეთქვას საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოსახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ერთვოდა საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზი.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ 2015 წლის 03 ივლისს A15038290-006/003 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ი. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელ ...ი, საკადასტრო კოდი: ...), მათ შორის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის აზომვითი ნახაზის წარდგენა კონკრეტული ქონების მონიშვნით, შესაბამისი სართულების გეგმის (სქემა) წარდგენა ზემოთ აღნიშნული ფართის მონიშვნით, ასევე, საჯარო დოკუმენტების ასლების ან ინფორმაციის მიწოდება უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ 2015 წლის 07 ივლისის A15038290-005/007 წერილით რ. ტ-ს აცნობა, რომ მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა ისეთი განსაკუთრებული ვითარების არსებობა, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაძლებლობას მისცემდა ამ საფუძვლით აღსრულების შეჩერებაზე ემსჯელა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის N170632 წერილით აღსრულების პოლიციას ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით: ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქუჩის I შესახვევი, N 2 (საკადასტრო კოდი: ... დაზუსტებული ფართობი 1700 კვ.მ.) რეგისტრირებულია ი. კ-ის საკუთრების უფლება. ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურში მხოლოდ მიწის ნაკვეთის აღრიცხვიანობა არ ხდებოდა, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემზადებინა ინფორმაცია აღნიშნულ უძრავ ნივთზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით (ნოტარიული ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საინვენტარიზაციო გეგმები) არ ხერხდებოდა მათ მიერ მითითებულ მისამართზე, გარდაბანი, სოფ. ...ი, მიწის ფართობი 1700 კვ.მ ი. კ-ის მითითებით მიწის ნაკვეთის და უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია. ამასთანავე, ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: „გარდაბნის რაიონი, სოფელი ...ი“- ი. კ-ის მითითებით არ იძებნებოდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სააღსრულებო წარმოების მხარეების მორიგება ვერ მოხდა.

2016 წლის 08 თებერვლის A15038290-008/001 გაფრთხილებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის შესაბამისად, რ. ტ-ს მიეცა წინადადება გაფრთხილების მიღების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით გამოეთავისუფლებინა თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ი. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ან წარედგინა ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობისა და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას). ამავე გაფრთხილებით რ. ტ-ს განემარტა, რომ მითითებული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო დამატებით 10 დღემდე გაეზარდა დოკუმენტის წარდგენის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება, 2016 წლის 23 მარტს, 11:00 საათზე. დოკუმენტი ადრესატს ჩაჰბარდა 2016 წლის 19 თებერვალს.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ 2016 წლის 17 თებერვალს A15038290-006/004 წერილით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ი. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელ ...ი, საკადასტრო კოდი: ...) მათ შორის ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის აზომვითი ნახაზის მიწოდება, კონკრეტული ქონების მონიშვნით, შესაბამისი სართულების გეგმის (სქემა) მიწოდება ზემოთ აღნიშნული ფართის მონიშვნით, ასევე საჯარო დოკუმენტების ასლების ან ინფორმაციის მიწოდება უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N39038 წერილით აღსრულების პოლიციას ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ქალაქი თბილისი, სოფელი ...ი, ...ის ქუჩის I შესახვევი, N2, 1700.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1- საცხოვრებელი სახლი; N2, N3 საცხოვრებელი ფართი: 155.10 დამხმარე ფართი: 84.34 სამეურნეო ფართი: 231.89 (საკადასტრო კოდი N...) რეგისტრირებულია ი. კ-ის საკუთრების უფლება (რეგ. N... - 23/01/2015). ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის. ასევე დამატებით ეცნობა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ყადაღა ან ი. კ-ის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ იყო.

ა. ტ-მა (რ. ტ-ის შვილი) 2016 წლის 23 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას წარუდგინა უძრავი ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება. გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე 1989 წლის 31ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ა. რ. ტ-ს სარჩელი ჰქონდა აღძრული მოპასუხეების - რ. ა. ტ-ის, რ. ვ. ტ-ის, ა. რ. ტ-ის მიმართ საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ტ-ის ხუთსულიან ოჯახს სარგებლობის უფლებით გამოეყო სოფელ ...ში რ. ტ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონებიდან ნაწილი. ა. ტ-მა 2016 წლის 07 მარტს აღსრულების პოლიციას წარუდგინა გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

რ. ტ-ის წარმომადგენელმა ა. ტ-მა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას 2016 წლის 15 მარტს დამატებით წარუდგინა საარქივო ცნობა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის არქივის 2016 წლის 14 მარტის AA2016023559-05 საარქივო ცნობით დგინდება, რომ რუსთავის არქივში დაცული გარდაბნის რაიონის ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რ. ა. ტ-ი (გადახაზულია, გარდაცვლილია 12.10.1996წ.) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - . ვ. ტ-ი, შვილი - ა. რ. ტ-ი, შვილი - ა. რ. ტ-ი, შვილიშვილი - რ. ა. ტ-ი. 1986-1987 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1971 წელს აგებული 102 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1986-1991 წლებში - 0.15 ჰა მიწის ფართობი. გარდაბნის რაიონის ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1996-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რ. ვ. ტ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილი - ა. რ. ტ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-2005 წლებში 0.53 ჰა მიწის ფართობი (1997-224 წლების მონაცემები მითითებული არ არის), ხოლო მონაცემი საცხოვრებელი სახლის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. გარდაბნის რაიონის ...ას სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რ. ვ. ტ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება: შვილი - ა. რ. ტ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2005-2006 წლებში 0.53 ჰა მიწის ფართობი (2007 წლის მონაცემები მითითებული არ არის), ხოლო მონაცემი საცხოვრებელი სახლის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. გარდაბნის რაიონის ...ას საკრებულოს სოფელ ...ის მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი რ./რ. ა. ტ-ის შესახებ, ხოლო ზონარგაყრილი წიგნები, მიწის განაწილების სიები, სარეფორმო და საგადასახადო სიები, ასევე სარეგისტრაციო მოწმობები რუსთავის არქივში არ არის.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის A15038290-011/003 წერილით ი. კ-ეს ეცნობა NA15038290 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თანახმად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მიეთითა, რომ ადმინისტარციული წარმოების ფარგლებში მოვალე რ. ტ-ის მიერ წარდგენილი სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის N2/749 გადაწყვეტილება მიჩნეულია ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

ი. კ-ემ 2016 წლის 18 მარტს საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის A15038290-011/003 წერილის ბათილად ცნობა, აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება და საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 25 აპრილის N1763 ბრძანებით ი. კ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააღსრულებო ბიურომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხზე აღსრულების ეროვნული ბიურო კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, არ იყო უფლებამოსილი.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, მასზედ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. მე-6 პუნქტის თანახმად კი, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ასევე ექვემდებარება უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას - აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ. იმავე კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების დაწყების წესს, რომლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენი სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ განცხადების აღსასრულებლად წარდგენისას დაურთავს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებას საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ თანაბარ მნიშვნელოვან დოკუმენტს და ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 დეკემბრის A14016547-011/001 განკარგულებით დასტურდება, რომ მოვალის, რ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ...ი, ფართობი 1700 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ...) შემძენი 2014 წლის 03 დეკემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი. კ-ე. მითითებული განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საცხოვრებელი სახლი, N2, N3, საცხოვრებელი ფართი 155.10 კვ.მ. დამხმარე ფართი 84.34 კვ.მ. სამეურნეო ფართი 231.89 კვ.მ.) 2015 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა ი. კ-ის საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ აუქციონის წესით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, ი. კ-ემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს სტრუქტურული ერთეულს - აღსრულების პოლიციის სამმართველოს შეძენილი უძრავი ქონების მოვალის მფლობელობიდან და სარგებლობიდან გამოთხოვის შესახებ.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში - განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დამატებით 10 დღემდე გაზარდოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების მფლობელისათვის განსაზღვრულ ვადაში მისი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს მოვალის მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედებას ამ მუხლით დადგენილი წესით.

ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნივთის მართლზომიერი ფლობა წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძვლებს, მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს კი წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება ნივთის ფლობის/სარგებლობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რანინა ტოტორაშვილის შვილმა ა. ტ-მა 2016 წლის 23 თებერვალს განცახდებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას და წარუდგინა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის 2/749 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ს და მის ოჯახს სარგებლობის უფლებით გამოეყოთ, სოფელ ...ში, რ. ტ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონებიდან ნაწილი, შესაბამისი ფართების მითითებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მართლზომიერი ფლობის დოკუმენტი წარდგენილ იქნა გაფრთხილებით განსაზღვრული 10 დღიანის ვადის დარღვევით - 2016 წლის 9 მარტს და სწორად განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოვალე რ. ტ-ს 2016 წლის 8 თებერვლის გაფრთხილება ჩაჰბარდა 2016 წლის 19 თებერვალს. დადგენილია, რომ რ. ტ-ის შვილმა ა. ტ-მა 2016 წლის 23 თებერვალს განცახდებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას და წარუდგინა გარდაბნის რაიონული სახ. სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის 2/749 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ს და მის ოჯახს სარგებლობის უფლებით გამოეყოთ სოფელ ...ში, რ. ტ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონებიდან ნაწილი, შესაბამისი ფართების მითითებით. ასევე დადგენილია, რომ ა. ტ-მა აღსრულების პოლიციას 2016 წლის 7 მარტს წარუდგინა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის 2/749 გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის A15038290-011/003 ქმედება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 აპრილის N1763 ბრძანება ი. კ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ტ-ისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებისა და ი. კ-ის მიერ შეძენილ ქონების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, სასამართლომ უპირობოდ ჩათვალა, რომ 1989 წელს რ. ტ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და რ. ტ-ის მიერ 2007 წელს დარეგისტრირებული უძრავი ქონება იდენტურია.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია აღსრულების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, პირველი გაფრთხილება რ. ტ-ს გაეგზავნა 2015 წლის 7 ივლისს, ხოლო მეორე - 2016 წლის 17 თებერვალს. ამასთან, სააღსრულებო სამსახურის მიერ რატომღაც იგნორირებულია შუალედში არსებული კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც გაიგზავნა 2016 წლის 2 თებერვალს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს არ უმსჯელია აღმასრულებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის დარღვევით წარდგენილი დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, არ არის განხილული მართლზომიერი მფლობელობის ნამდვილობის საკთხი, თუ იგი არსებობდა 1989 წლიდან, მაშინ უნდა ასახულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი რეგისტრაციისას უფლებების განაყოფში. საჩივრის განხილვისას არ იყო გამოკვლეული უძრავი ქონების იდენტიფიცირების საკითხი და გაუგებარია, როგორ მივიდა აღსრულების ეროვნულმა ბიურო, იმ დასკვმანდე, რომ რ. ტ-ის შვილს სწორედ ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აქვს მართლზომიერი სარგებლობის უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რ. ტ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს შეიძინა ი. კ-ემ, სარგებლობის უფლება არ გააჩნდა ა. ტ-ს. სასამართლოება მიიჩნიეს, რომ ა. ტ-ის მართლზომიერი მფლობელობის უფლება დასტურდება 1989 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მაგრამ მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის მითითებისა და მოთხოვნისა არ მსჯელობს იმ საკითხზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილია საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კერძოდ, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას - აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადების განხილვის წესსა და პროცედურებს არეგულირებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 14.1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე (სადავო პერიოდში მოქმედი) მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში - განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დამატებით 10 დღემდე გაზარდოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. მე-11 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების მფლობელისათვის განსაზღვრულ ვადაში მისი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს მოვალის მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედებას ამ მუხლით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ტ-მა (რ. ტ-ის შვილი) 2016 წლის 23 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას წარუდგინა უძრავი ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1989 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ს და მის ოჯახს სარგებლობის უფლებით გამოეყოთ, სოფელ ...ში, რ. ტ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონებიდან ნაწილი, შესაბამისი ფართების მითითებით. ამდენად, უძრავი ქონების მფლობელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84.10 მუხლით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი) განსაზღვრულია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები, 34.1 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულება შეწყდება, თუ ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელი იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 17 მარტის №A15038290-011/003 გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე და განმარტავს შემდეგს: სააღსრულებო წარმოება წარმოადგენს ნორმათა სისტემას, რომელიც აწესრიგებს სასამართლო აქტებისა და სათანადო იურისდიქციის მქონე სხვა ორგანოთა აქტების იძულებითი აღსრულების პროცედურულ-სამართლებრივ საკითხებს. სათანადო წესით წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ნამდვილობის კვლევა არ შედის სააღსრულებო ორგანოს უფლებამოსილებაში. სააღსრულებო ბიურო აღსრულების პროცესში არ არის უფლებამოსილი შევიდეს უფლებრივი საკითხის შინაარსობრივ კვლევაში და გადაამოწმოს მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების მიზნით პირის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების ვარგისიანობა, თუ ეს გადაწყვეტილება ფორმალური ნიშნით აკმაყოფილებს კანონით წარდგენილ მოთხოვნებს. რის დასტურსაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესი, რომელიც სააღსრულებო ბიუროს ავალდებულებს შეწყვიტოს აღსრულების პროცესი თუ წარმოდგენილია ქონების მართლზომიერად სარგებლობისა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა იდავოს სასარჩელო წარმოების წესით.

საკასაციო სასამართლოს მხრიდან გაზიარებულ ვერ იქნება კასატორის პრეტენზია აღმასრულებლის მხრიდან სადავო ობიექტში განთავსებული პირებისათვის დოკუმენტაციის წარდგენის ვადის უსაფუძვლოდ გაზრდის თაობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს არ აძლევს აღნიშნული გარემოების დადასტურების შესაძლებლობას და ამასთან, აღმასრულებლის კანონშეუსაბამო ქმედება ან/და ამ ქმედებით მიყენებული ზიანი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიძლება იქცეს დამოუკიდებელ დავის საგნად და არა აღსრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. კ-ეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2018 საგადახდო დავალებით №18956241 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ხოლო 02.20.2019 საგადახდო დავალებით №1 სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. კ-ეს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2018 №18956241 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის 70 პროცენტი _ 70 ლარი და 02.20.2019 საგადახდო დავალებით №1 სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის 70 პროცენტი _ 140 ლარი შემდეგი, ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება;

3. ი. კ-ეს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2018 №18956241 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის 70 პროცენტი _ 70 ლარი და 02.20.2019 №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის 70 პროცენტი _ 140 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე