საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1310(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 19 აპრილს ლ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ყოფილი ...ის სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სართო ფართით 12615კვ.მ. ამავე მიწის ნაკვეთზეა განლაგებული მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მიწის ნაკვეთის ნაწილი საძოვარია, ხოლო ნაწილზე დარგულია სხვადასხვა ნარგავები. აქვს ასევე სახნავი მიწაც, რომელზედაც იგი თესავს ერთწლიან კულტურებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე წარმოადგენდა ლ. ა-ის წინაპრების საკუთრებას, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი ოჯახთან ერთად ისევ დაეუფლა ამ მიწის ნაკვეთს და დღემდე უწყვეტად ფლობს მას.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღიარების კომისიის 2017 წლის 4 თებერვლის №19 საოქმო გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 თებერვლის №19 გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2017 წლის 7 მარტის №123 განკარგულების ბათილად ცნობა ლ. ა-ის ნაწილში. ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის - ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე 12 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებს შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 თებერვლის №19 საოქმო გადაწყვეტილება ლ. ა-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქე ლ. ა-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ”, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 7 მარტის №123 განკარგულება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ლ. ა-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ას ქუჩა N...-ის მიმდებარე 12 615 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (მართლზომიერი მფლობელობა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული სამართლებრივი აქტების კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობას წარმოადგენს საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან, იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 4 თებერვლის №19 საოქმო გადაწყვეტილებით ლ. ა-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ის არ შეესაბამებოდა სივრცით ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას. კომისიის მიერ საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებული საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა, რომლის არეალშიც ხვდებოდა ლ. ა-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 06 ივლისის №9 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი „თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის, საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქალაქო სასამართლოში წარადგინა რუკა, აეროფოტოს სახით, თუმცა რუკით შეუძლებელი იყო და ვერც თავად მოპასუხე მხარემ შეძლო იმ ტერიტორიის მითითება თვალსაჩინოდ, სადაც უფლება აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და შესაბამისად, მისი მომცველი, დასაპროექტებელი გზა ან ქუჩა მდებარეობს.
ამასთან, დადგენილია, რომ ამ ზოგადი რუკის გარდა, კონკრეტული ტერიტორიების განაშენიანების შეთანხმებული გეგმა და პროექტი დღეისათვის არ არსებობს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ მიუღია სპეციალისტის ან ექსპერტის განმარტება, ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ,,კომისიას’’ არ მოუთხოვია მოსარჩელისათვის, საკადასტრო ნახაზის კორექცია, ან შეცვლა ისე ჩათვალა, რომ ფაქტობრივი არსებული მოცემულობები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას, მოთხოვნილ ნაკვეთზე. ამდენად, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ლ. ა-ის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების აღიარება, ეწინააღმდეგება სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში აღმოჩნდა მოქცეული ორი მიწის ნაკვეთი 2018 კვ.მ. და 2227 კვ.მ. ფართობით, დამოუკიდებელი საკადასტრო ერთეულით, რომლებზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, თუმცა ეს გარემოება კომისიას სამართლებრივად არ შეუფასებია და არც ლ. ა-ის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად გამოუყენებია, რაც გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ გარემოებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტმა წარმოადგინა ორთოფოტოები. დანართი N2-ზე ყვითელი ხაზებით აღნიშნულია საპროექტო ხაზებისა და ქუჩების ქსელური რუკა, სადაც სავარაუდოდ უნდა გავიდეს გზები. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით ყვითელი ხაზების მიხედვით იკვეთება ა-ის საცხოვრებელი სახლი (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმით და ორთოფოტოთი). აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის განხილვის ამ ეტაპზე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამომავლოდ ლ. ა-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის განთავსების ადგილზე შესაძლოა გავიდეს ქუჩა ან სხვა საინჟინრო კომუნიკაცია, არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ეს გარემოება მომავალში შესაძლოა გახდეს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დასარეგულირებელი საკითხი. ანუ ასეთი საჭიროების დადგომის შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა დარეგულირდება სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი ნორმებით. ამასთან, ლ. ა-ის განმარტებით, ის თანახმაა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე, თუმცა აღიარების კომისიას აღნიშნულზე არც კი უმსჯელია, ისე უთხრა უარი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ისევე, როგორც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია ხომ არ არსებობდა მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის საკუთრების აღიარების უფლების გამომრიცხავი ისეთი გარემოება, როგორიცაა აღიარების კანონისმიერი შეზღუდვა, მიწის ნაკვეთზე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების საკითხი, ასევა უნდა გამოეკვლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა, შესაბამისი წესითა და სამართლებრივი აქტით დამტკიცებული გეგმა და პროექტი, კონკრეტულ ტერიტორიაზე გზის, ან ქუჩის ქსელის მშენებლობის შესახებ და ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ...ს ქუჩა N...-ის მიმდებარე, 12 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ხომ არ ეწინააღმდეგებოდა ამ მხრივ, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. ამასთან, კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა გზების, ან ქუჩების ქსელის განვითარების რაიონში ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ პირობას, არამედ ეს არის კომისიის მიერ შესაფასებელი გარემოება, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის საქმიანობის დროს ძირითადად ხელმძღვანელობს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონითა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N34 დადგენილებით.
ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის დანაწესის შესაბამისად, კანონის მიზანს წამოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის No376 დადგენილება არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ფიზიკური კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის #376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს, უძრავი ნივთის თაობაზე.
კასატორის განმარტებით, კომისია გაეცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 ნოემბრის No331268 წერილობით შუამდგომლობას და თანდართულ დოკუმენტაციას, ქ. ბათუმში, ...ს ქ. No...-ის მიმდებარედ არსებული 12615,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ლ. ა-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის No376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის No376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს.
კომისიის მიერ საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის No9 დადგენილებით დამტკიცებული საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა, რომლის არეალში ხვდება ლ. ა-ის მიერ მოთხოვნილი საკუთრება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამება სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ "სამომავლოდ ლ. ა-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის განთავსების ადგილზე შესაძლოა გავიდეს ქუჩა, ან სხვა საინჟინრო კომუნიკაცია, რაც არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს“; სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ,,ეს გარემოება მომავალში შესაძლოა გახდეს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონით დასარეგულირებელი საკითხი." კასატორის განმარტებით, აღნიშნული განმარტებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტთან და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის No376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტთან, ვინაიდან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან შესაბამისობა ავტომატურად გულისხმობს, თუ რა პირობების შესაბამისად უნდა იქნეს მოწყობილი კონკრეტული ტერიტორია მომავალში. მოცემულ საქმეზე სწორედ წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის No9 დადგენილებით დამტკიცებული საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა, რაც კომისიისათვის სახლემძღვანელო დოკუმენტია და რის გათვალისწინებასაც გადაწყვეტილების მიღების დროს მიწის აღიარების კომისიას ავალდებულებს კანონი. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონზე, ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს მიერ მსგავსი არარელევანტური დანახარჯების თავიდან ასაცილებლად დაემატა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს მე-51 მუხლი.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის უფლების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, ზედდებაშია ორ რეგისტრირებულ საკუთრებასთან, საკადასტრო კოდებით: ...; ... (გადაფარვაში მყოფი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში), ხოლო აღნიშნული კომისიას არ შეუფასებია და არც ლ. ა-ის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად გამოუყენებია, შესაბამისად ამ ფაქტობრივი გარემოების მნიშვნელობა უფასურდება. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ განმარტებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საქმის წარმოების პრინციპებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეებზე განსჯადი სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს ინკვიზიციურობის და დისპოზიციურობის პრინციპებით, რის საფუძველზეც სასამართლოს ენიჭება ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციები ადმინისტრაციულ ორგანოებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ ქალა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მან გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რის გამოც კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 თებერვლის №19 გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2017 წლის 07 მარტის №123 განკარგულების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ლ. ა-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე 12 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე 12 615 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის დავალებას.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ლ. ა-ის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოსაზრებებს და არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება იყოს მოთხოვნის შეუსაბამობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ დადგენილ იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში, კოლეგიური უფლებამოსილების ფარგლებში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობა არის ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საკითხის გადაწყვეტის პროცესში პრინციპულად მიიჩნევს მოთხოვნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის დადგენას. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღიარების შემდგომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების დაშვების თაობაზე, რამდენადაც წინასწარი შეცნობით მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირის საკუთრებად აღიარება, როცა იმთავითვე ცნობილია ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების გარდაუვალობა, ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პრინციპს - უზრუნველყოს მიწის ფონდის ათვისება და უხეშად ხელყოფს სახელმწიფოს ინტერეს.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, ადასტურებს დავის ასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საჭიროებას და ამ ნაწილში სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. რაც დღის წესრიგში აყენებს ნახაზის კორექტირების დაშვების შესაძლებლობას. ფაქტობრივ სასამართლოში მოპასუხე - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო იმ ტერიტორიის მითითება, სადაც სადავო მიწის ნაკვეთი და შესაბამისად, მისი მომცველი, დასაპროექტებელი გზა, ან ქუჩა მდებარეობს. ასევე ვერ წარმოადგინა კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და პროექტი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხდა არასრულყოფილად, არაჯეროვნად, შესაბამისი ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით. დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, გამოიკვლიოს ლ. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად ექცევა თუ არა იმ არეალში, სადაც ახალი რუკის შესაბამისად, უნდა გავიდეს გზა, რამდენად შეესაბამება მოთხოვნა ქ. ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს. ამასთან, შესაძლებელია თუ არა ლ. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კორექტირება და მოთხოვნის ამ საშუალებით დაკმაყოფილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისა და მოთხოვნის პერსპექტიულობის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს დავაზე ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე