Facebook Twitter

#ბს-521(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 17 ნოემბერს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 ივნისის #04/46726 გადაწყვეტილების, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 12 ოქტომბრის #04/77532 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. მ-ის #2919979855 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებას დაქვემდებარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი მ. მ-ე მკურნალობდა შპს „...ში“. სტაციონარიდან გაწერის დღეს პაციენტს გაუკეთდა მუცლის ღრუს საკონტროლო ულტრაბგერითი კვლევა, რომლითაც გამოვლინდა მხოლოდ მცირე გამონადენი, უხეში პათოლოგიური ცვლილებები კი, არ აღინიშნებოდა. ჭრილობა ხორცდებოდა და დეფეკაცია ხდებოდა რეგულარულად, დღეში 2-ჯერ. პაციენტი სათანადო დანიშნულებითა და რჩევა-დარიგებით გაწერილ იქნა ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. სარჩელის თანახმად, გაწერის შემდგომ პაციენტმა კვლავ მიმართა იმავე კლინიკას, სადაც ჩაუტარდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მუცლის ღრუში აღინიშნებოდა სითხე. მოსარჩელის მითითებით, პაციენტს იმავე დღეს გაუკეთდა ოპერაცია. კლინიკის მოსაზრებით, პაციენტის მდგომარეობის შესწავლის შედეგად რეციდიული მუცლის ღრუს აბსცედირების მიზეზია ლიმფის ინფიცირება, რომელიც პერიოდულად გროვდება მუცლის ღრუში გაფართოებული ლომფოდისექციის შემდგომ. მიუხედავად ხანგრძლივი ანტიბიოტიკო და იმუნოთრაპიისა, ვერ ხერხდება ძირითადი დაავადენის ფონზე განვითარებული იმუნოსუპრესიის დაძლევა. მოსარჩელის განმარტებით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა და გაეწია ჯეროვანი მკურნალობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 ივნისის #04/46726 გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილ საჩივარზე 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოტანილი #04/77532 გადაწყვეტილება; ამავე სააგენტოს შპს „...ის“ მიმართ პაციენტ მ. მ-ისათვის გაწეული მომსახურების - #2919979855 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტული პაციენტის გაწერა მოხდა სამედიცინო სფეროში მოქმედი წესების უგულებელყოფით, რამაც გარდაუვალი გახადა ახალი მკურნალების ჩატარების საჭიროება; სწორედ აღნიშნული გარემოებების ერთობლიობის სათანადო წესით დადასტურება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რაც იქნებოდა საკმარისი საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის.

პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, პაციენტის - მ. მ-ისათვის პირველი ოპერაციული მკურნალობის ჩატარებისას და მისი გაწერისას, რომელ კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომლის არ არსებობის შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის განვითარება იქნებოდა პროგნოზირებადი. სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ასევე ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას პაციენტის მკურნალობის პირველ და რეჰოსპიტალიზებულ შემთხვევებს შორის. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შესაძლებელი იყო პაციენტის მდგომარეობის ისეთი სახით განვითარების პროგნოზირება, რასაც დასახელებულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2016 წლის 15 თებერვალს პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. 2016 წლის 21 თებერვალს ავადმყოფი გაწერილ იქნა საავადმყოფოდან მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა კლინიკურად შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა 2016 წლის 24 თებერვალს პაციენტი გართულებების ფონზე კვლავ მოთავსდა კლინიკაში. კასატორის მითითებით, პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია მოხდა მისი გაწერიდან მცირე დროში - 73 საათში, რის გამოც მკურნალობა განისაზღვრა არაჯეროვნად და ხარჯები არ ანაზღაურდა სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 ივნისის #04/46726 სადავო გადაწყვეტილებით შპს „...ის“ მოთხოვნა #2919979855 შემთხვევის - მ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ მ. მ-ე კლინიკიდან გაწერის შემდეგ 73 საათში ისევ შევიდა ზემოაღნიშნულ კლინიკაში მწვავე პერიტონიტის დიაგნოზით (6090000004/2-/-K65.0), რაც არაჯეროვანი და არასრული მკურნალობით იყო გამოწვეული და საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის 22.11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისათვის დადგენილი დეტალური გაიდლაინების არსებობისა და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემული დადგენილების ზემოაღნიშნული მუხლის მიზნებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პაციენტის რეჰოსპიტალიზაციისას, სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია უფლებამოსილება და ვალდებულება, სრულყოფილი ინფორმაცია მოიპოვოს შემთხვევის შესახებ და გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ შეაფასოს, მიმწოდებლის მიერ ჩატარებული მკურნალობა იყო თუ არა არასრული (არაჯეროვანი), კერძოდ, მოხდა თუ არა პაციენტის გაწერა სამედიცინო სფეროში მოქმედი წესების უგულებელყოფით, არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პაციენტის მკურნალობის პირველ და რეჰოსპიტალიზებულ შემთხვევებს შორის და სათანადო მკურნალობის შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რეჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია, მისივე მითითებით, ემყარება სამედიცინო სფეროში არსებულ, გავრცელებულ მიდგომას, რომლის თანახმად, პაციენტის მოკლე დროში რეჰოსპიტალიზაციისას, ავტომატურად ითვლება, რომ განხორციელებული მკურნალობა არ იყო ჯეროვანი (დასრულებული). ამასთან, მხოლოდ შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ რეჰოსპიტალიზაციისას დგება კვლევის ჩატარებისა და პირველ და შემდგომ მკურნალობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის აუცილებლობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საყურადღებოა შპს „...ის“ წარმომადგენლის განმარტებები მეორე ოპერაციის ოქმთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, პაციენტის მდგომარეობის გართულების მიზეზით მისი რეჰოსპიტალიზაციისას გამოკვლეულ იქნა, ადგილი ხომ არ ჰქონდა ოპერაციის ტექნიკურ გართულებას, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ნაკერების უკმარისობით. კლინიკის წარმომადგენლის მითითებით, მეორე ოპერაციის ოქმიდან ნათელია, რომ ნაწლავების შენაერთის ჰერმეტულობა იყო აბსოლუტურად დაცული და ინფიცირება არ მომდინარეობდა ნაოპერაციები ნაწლავების შეერთებიდან. ამასთან, კლინიკის წარმომადგენლის მითითებით, პაციენტის გაწერისას მისი ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, სასიცოცხლო პარამეტრები იყო წესრიგში, დრენაჟებზე არ აღინიშნებოდა გამონადენები და აღდგენილი იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეგულარული მოქმედება; 3 დღის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და მისი თვითგრძნობა იყო გაუმჯობესებული; არ არსებობდა რაიმე სახის ჩვენება, რაც ექიმებს მისცემდა ეჭვის საფუძველს, რომ მკურნალობამ არაჯეროვნად ჩაიარა; ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად, პაციენტს გაწერის მომენტისათვის არ აღენიშნებოდა მუცლის ღრუში სისხლის კოლექტირება. კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ მკურნალობა ჩაითვალოს დასრულებულად.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული, პაციენტისათვის პირველი ოპერაციული მკურნალობის ჩატარებისას და მისი გაწერისას, რომელ კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, პაციენტის მდგომარეობის განვითარება პროგნოზირებადი იქნებოდა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას პაციენტის მკურნალობის პირველ და რეჰოსპიტალიზებულ შემთხვევებს შორის, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული კლინიკის მხრიდან შესაძლებელი იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობის ისეთი სახით განვითარების პროგნოზირება, რასაც დასახელებულ შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სადავო გადაწყვეტილებები, რის გამოც სახეზეა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.08.2020წ. #26735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2020წ. #26735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე